Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იქცა მსოფლიო ბანკის 60 მილიონიანი კრედიტი ''ავადასხენებლად'' და რატომ ემუქრება ბარამიძე კარტოზიას?


საქართველოში შევარდნაძისდროინდელი მაღალი თანამდებობის პირების დაპატიმრება

და მათთან დაკავშირებული საქმეების ძიება გრძელდება. 4 თებერვალს შინაგან საქმეთა მინისტრმა სამეგრელოდან თბილისში დაბრუნებისთანავე მისი უწყების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტთა შორის განათლების სამინისტრო დაასახელა. თუმცა, ეს არ იყო უბრალოდ დასახელება, არამედ გიორგი ბარამიძემ დაუეჭვებლად განაცხადა, რომ გაიფლანგა მსოფლიო ბანკის მიერ განათლების სფეროსთვის გამოყოფილი 60 მილიონი დოლარი და ის მავანთა ჯიბეში აღმოჩნდა. რის საფუძველზე გააკეთა ასეთი განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა და რატომ იქცა მსოფლიო ბანკის სოლიდური დახმარება "ავადსახსენებლად"?

თავდაპირველად გიორგი ბარამიძის განცხადებას შემოგთავაზებთ, რადგან ისე გამოვიდა, რომ ჩემი მასალის ძირითად ხაზად მისი საფუძვლიანობის შესწავლა იქცა:

[ბარამიძის ხმა]
"ჩვენ ვსწავლობთ სიტუაციას განათლების სამინისტროში იმ ავადსახსენებელი 60 მილიონიანი კრედიტის. ამოღებულია 200-მდე ტომი მასალა, რომლის ფალსიფიცირებას ცდილობდნენ განათლების სამინისტროში. რაც გვაქვს ხელთ ინფორმაცია, ეს არის საკმაოდ სერიოზული ინფორმაცია იმის დამამტკიცებელი, რომ ეს თანხები იფლანგებოდა და მავანის და მავანის, მაღალი რანგის ჩინების ჯიბეში მიდიოდა".

იმ დაპატიმრებების ფონზე, რაც დღეს მიმდინარეობს, ყველასთვის ცხადია, ვინ წარმოუდგებოდა დაპატიმრების მორიგ კანდიდატად ამ განცხადების მომსმენს. მე დავუკავშირდი განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე კარტოზიას. მის კომენტარს რამდენიმე წამში შემოგთავაზებთ. მანამდე მინდა გითხრათ, რომ 60 მილიონ დოლარიანი კრედიტი, რომელსაც ბარამიძემ "ავადსახსენებელი" უწოდა, არის მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული უფლება და არა ის რეალური თანხა, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში დღემდე ჩააღწია. საქართველოში ჩასული და დახარჯული კი გახლავთ 8 მილიონი დოლარი. ეს რვა მილიონი თავისთავად გახლავთ ნაწილი იმ 25,9 მილიონი დოლარისა, რომელიც მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2001 წლის მარტში დაუმტკიცა, რის თაობაზეც მსოფლიო ბანკის ინტერნეტ-გვერდზეც არის ინფორმაცია და რომელიც 4 წელიწადში უნდა დახარჯულიყო.

ახლა კი ალექსანდრე კარტოზიას მოვუსმინოთ, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების თაობაზე მითხრა, რომ ის შეცდომაში უნდა იყოს შეყვანილი და მსოფლიო ბანკის კრედიტის ხარჯვის კონტროლის მექანიზმი განმარტა:

[კარტოზიას ხმა]
"სისტემატურად ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო აუდიტი და აუდიტორების დასკვნები არსებობს და შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვათაშორის ამ დასკვნებს იცნობს. ასევე არსებობს კონტროლის პალატის დასკვნები, ამასაც იცნობს შინაგან საქმეთა სამინისტრო და უნდა ვთქვა, რომ არც ერთ ამ დასკვნაში არავითარ გაფლანგვაზე ლაპარაკი არ არის".

ალექსანდრე კარტოზიამ ჩემთან სატელეფონო საუბრისას ასევე განაცხადა:

[კარტოზიას ხმა]
"დემოკრატიულ ქვეყანაში, სამართლებრივ ქვეყანაში, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ეს ქვეყანა (პოსტრევოლუციური პერიოდი და ა.შ.), არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს იმას, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია შეიცვალოს დანაშაულის პრეზუმპციით".

მაინც რაც ემყარებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება? ამის გასაგებად, ბუნებრივია, დავინტერესდი იმით, თუ რა სტადიაშია საქმე, რომელიც განათლების სამინისტროში არსებულ ვითარებას შეეხება. გენერალური პროკურატურის პრეს-მდივანმა ხათუნა ცხვედიაშვილმა მითხრა, რომ ამ უწყებაში საქმე არ აღძრულა:

[ცხვედიაშვილის ხმა]
"რაც შეეხება გენპროკურატურას, აქ მაგ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი არ არის. აქ არაფერი მაგდაგვარი ჯერჯერობით არ არის"

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ნათია ჩიქოვანმა კი მინისტრ ბარამიძის განცხადების საფუძველი ასე განმარტა:

[ჩიქოვანის ხმა]
"კონკრეტულად მაგ საკითხზე ვერაფერს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ მე ვიცი არის რაღაც ეტაპზე ეგ საქმე, მაგრამ ჯერ არ ახმაურებენ ამ ყველაფერს. ჯერ არის შესწავლის პროცესში. რამდენიმე სამსახური სწავლობს: ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურია ჩვენთან და კიდევ ერთი-ორი სამსახური, რომელიც ერთობლივად იძიებს, მაგრამ გასახმაურებლად და დეტალების დაზუსტებამდე არ არის საქმე მისული. ვიცი, რომ ძალიან დიდი მასალა არის დადებული განათლების სამინისტროზე და უმოკლეს ვადაში-თქო ვერ ვიტყვით, მაგრამ საკმაო ტემპით მიდიან, რომ რაღაც-რაღაც სერიოზული მასალები დადონ".

ამ კომენტარების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ საქმის ძიება ჯერჯერობით საწყის ფაზაშია. რაც შეეხება დიდძალ მასალას, ანუ იმ ორას ტომამდე მასალას, რომელიც გიორგი ბარამიძემ ახსენა, განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ისევ და ისევ არაერთგზის აუდიტის ჩატარების გამო გამორიცხა მათი ფალსიფიცირების შესაძლებლობაცა და აზრიც და დოკუმენტების ამოღების პროცედურა ასე ამიწერა:

[კარტოზიას ხმა]
"წინა ხუთშაბათს, 29 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოვიდნენ განათლების სამინისტროში და 23 ტომარა დალუქეს და წაიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მართალია, არ წარმოუდგენიათ მოსამართლის ბრძანება საბუთების ამოღების შესახებ, მიუხედავად ამისა მათ არ შეხვედრიათ არავითარი წინააღმდეგობა განათლების სამინისტროში".

კარტოზია ირწმუნება, რომ საბუთებით სავსე ტომრები დღემდე დალუქულია და ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს აძლევს მას საფუძველს დაასკვნას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი შეცდომაშია შეყვანილი. ბარამიძის განცხადების უსაფუძვლობა კი თავის მხრივ აძლევს საფუძველს იფიქროს, რომ ეს იყო სიგნალი განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ.

[კარტოზიას ხმა]
"გუშინდელი განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრისა ფაქტიურად ნიშნავს იმას, რომ ჩემი დაპატიმრება გადაწყვეტილია და სხვათაშორის, ისიც მინდა ვთქვა, რომ თუკი მომივა გამოძახება, მე თვითონ მივალ პროკურატურაში. არსად არ ვაპირებ წასვლას, ქვეყნის დატოვებას, არსად არ გავრბივარ და ამიტომაც კატეგორიულად ვითხოვ, რომ არავითარი ნიღბიანები და იარაღიანები არ იყვნენ ჩართული ამ საქმეში და არ შეილახოს ჩემი უფლება."

ალექსანდრე კარტოზია გიორგი ბარამიძის განცხადებას სხვაგვარად ვერ ხსნის. ამასთან არ გამორიცხავს, რომ სწორი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, იმავე შინაგან საქმეთა მინისტრმა შეიცვალოს პოზიცია. თუმცა, კარტოზია უშვებს პოლიტიკური დაკვეთის შესაძლებლობას:

[კარტოზიას ხმა]
"კორუფციასთან ბრძოლის ტალღაზე პირადი და პოლიტიკური ანგარიშსწორების დაშვება იქნება საქართველოსთვის ძალიან მძიმე და ცუდი პერსპექტივის დასაწყისი. არაფერი არ არის იმაზე საშიში, ვიდრე თვითონ - შიში. არ უნდა დავუშვათ შიშის გამეფება საქართველოში."

მსოფლიო ბანკისგან განათლების სფეროს გაუმჯობესებისთვის 60 მილიონი დოლარის სესხის აღებას პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ჰყავდა ჯერ კიდევ კრედიტის უფლების გაფორმებამდე. პოლიტიკური დაპირისპირება ამის თაობაზე გაგრძელდა პროექტის დაწყების შემდეგაც და სავარაუდოდ, გრძელდება დღესაც.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG