Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ებრძვის ნაციონალური მოძრაობა კორუფციას და სხვა კანონდარღვევებს


კორუფციაში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას ხელისუფლებაში მოსული ძალის ქვედა რგოლებმაც აუბეს მხარი და წვრილმან კორუფციას სხვადასხვა მეთოდებით დაუპირისპირდნენ.

მეთოდები მრავალფეროვანია - საეჭვო სიგნალების გამოძიებიდან დაწყებული, მობილური ძალოვანი ჯგუფებით დამთავრებული. ამდაგვარი საქმიანობის კანონთან შესაბამისობა სერიოზულ კითხვებს ბადებს, რომელთა ნაწილზე პასუხი თავად კამპანიის ორგანიზატორებსაც არ აქვთ.

საქართველოში წლების მანძილზე ჩამოყალიბებული რეალობა საბიუჯეტო თუ კერძო სექტორში დასაქმებულ მოხელეებს სხვადასხვა დოზის კორუფციაში მონაწილეობის მიღება სურვილის მიუხედავადაც უწევდათ. დაბალი ხელფასები, ფართო უფლებები და ირგვლივ შექმნილი კორუფციული გარემო მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კორუციის წესებით ცხოვრებას აიძულებდა. ახლა ნაციონალური მოძრაობა წლების მანძილზე ამ წესით ცხოვრებას შეჩვეულ დაბალი ფენის ხალხს ებრძვის, ისე რომ კორუფციის გამომწვევ მიზეზთა ანუ სოციალური თუ ეკონომიკური წინაპირობების შეცვლაზე ნაკლებად თუ ვინმე ზრუნავს.

ასე მაგალითად გორის რაიონში შიდა ქართლის ახალმა გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა კორუფციული ფაქტებისა და სხვა მანკიერი დარღვევების მაკონტროლებელი სპეციალური რაზმი ჩამოაყალიბა. ჩვენი გორელი კორესპონდენტის გოგა აფციაურის ცნობით სპეციალური რაზმი მხოლოდ გუბერნატორს ემორჩილება.

[გოგა აფციაურის ხმა] "ამ ჯგუფში გაწევრიანებული არიან საკმაოდ ახალგაზრდა ბიჭები. მათი ფუნქცია არის გასვლა ადგილებზე და აღმოჩენა იმ დარღვევებისა რასაც მოსახლეობა დააფიქსირებს ცხელი ხაზის მეშვეობით რომელიც გახსნილია გუბერნატორის მისაღებში."

ამ ფაქტს გუბერნატორიც ადასტურებს და აცხადებს, რომ იურისტებითა და ეკონომისტებით დაკომპლექტებულმა მობილურმა ჯგუფმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმის მიერ ფულის გამოძლვის ფაქტი აღმოაჩინა.

[მიხეილ ქარელის ხმა] "ეს იქნება მედიცინის სფეროში, ეს იქნება სამართალდამცავ უწყებებში და აბსოლიტურად ყველა ორგანიზაციაში, ჩემს ნაცვლად, ჩემი თვალის ჩემი ყურის და საერთოდ ჩემი არყოფნა მოქალაქემ რომ არ იგრძნოს აი ეს ჯგუფი ახორციელებს ჩემს მიზნებს და ჩემს ამოცანებს.

ქარელი პროკურატურას პოლიციას და სხვა სამართალდამცველ ორგანოებს არ ენდობა და მათ რეფორმირებამდე კანონის უზენაესობის დამყარებას ცხელი ხაზის ზარებზე რეაგირებისთვის შექმნილი ჯგუფით აპირებს.

ამ დღეებში ანალოგიური მობილური ჯგუფით კორუფციულ ფაქტებთა ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის მიერ გაჩაღებული ბრძოლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა აღმოჩნდა რომ თბილისში ასეთი მოქმედება კანონის საბურველითაა შემოსილი. თბილისის საკრებულოს ანტიკორუფციული კომისიის თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ბესო ჯუღელი, თბილისის მუნიციპალური საწარმოების კორუფციული საქმეების შესწავლითაა დაკავებული. ესენია ცენტრალური უნივერმაღის საკითხი, სასაფლაოების სიტემაში არსებული დარღვევები და საუნებში აღმოჩენილი უკანონო ქმედებები.

[ბესო ჯუღელის ხმა] "ჩვენ მიღებული სიგნალების საფუძველზე ვსწავლობთ არსებულ სიტუაციას გარკვეულ სისტემაში და მერე ჩვენ დასკვნას შემდგომ ვაგზავნით გენერალურ პროკურატურაში.

ანტიკორუფციული საქმიანობით დაკავებულ ექსპერტებს კი მიაჩნიათ რომ კროუფციასთან ბრძოლა კორუფციის მკვებავი გარემოს შეცვლის გარეშე საგრძნობ შედეგებს ნაკლებად მოიტანს, მითუმეტეს თუ ბრძოლა კანონის ფარგლებს სცდება. ექსპერტის კახა უგულავას განცხადებით კორუციის საბოლოოდ დასამარცხებლად მხოლოდ ბრძოლა არ არის საკმარისი და საჭიროა პრევენცია ანუ რეფორმების პარალელურად გატარებაც.
XS
SM
MD
LG