Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საოლქო სასამართლომ 3 ჩეჩენი მეომარი გაათავისუფლა


6 თებერვალს თბილისის საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა 2002 წლის აგვისტოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის დაკავებული 3 ჩეჩენი მეომრის

საქმესთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების შემდეგ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდნენ რუსეთის ფედერაციის მიერ ტერორისტებად გამოცხადებული რუსლან გელოგაევი, ბეკხან მულკოევი და თემურ ბემურზაევი. გათავისუფლების მიუხედავად, დაცვის მხარე კვლავ აპირებს განაჩენის გასაჩივრებას, ისევე როგორც ბრალმდებელი მხარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა.

თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გელოგაევს, მულკოევსა და ბემურზაევს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 2002 წლის ოქტომბერში ციხის ადმინისტრაციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. თუმცა, რადგან ჩეჩენი მეომრები ციხეში 1 წელზე მეტხანს იმყოფებოდნენ, მათ 6 თებერვალს მისჯილი სასჯელი მოხდილად ჩაეთვალათ და ამ გზით გათავისუფლდნენ.

სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება უფლებადამცველი ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და მისი ერთ-ერთი ლიდერი ლია მუხაშავრია. სწორედ ეს ორგანიზაცია აწარმოებდა ჩეჩენ მეომართა საადვოკატო მომსახურებას.

"42-ე მუხლში" მიაჩნიათ, რომ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის დაკავებულ ჩეჩენ მეომრებს 5 მათგანის რუსეთში ექსტრადიციის წინ პროვოკაცია მოუწყვეს და ციხის საკანში სასტიკად დაარბიეს. სწორედ ეს შეფასდა ციხის ადმინისტრაციისთვის წინააღმდეგობის გაწევად. შესაბამისად, ლია მუხაშავრია სასამართლოს გადაწყვეტილებითაც უკმაყოფილოა და სახელმწიფოსგან კომპენსაციას მოითხოვს:

[ლია მუხაშავრიას ხმა] "აი, 42-ე მუხლის მეცხრე პუნქტი ითვალისწინებს კომპენსაციას სახელმწიფოს მიერ მიყენებული უკანონო მოქმედების გამო და ეს კომპენსაცია იქნება ფულადი - თითოეულზე 300 ათასი და 500 ათასი, ვინც იქ იქნა გადაცემული."

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება არც გენერალური პროკურატურა, რომელიც ჩეჩენ მეომართათვის 4 წლიან პატიმრობას მოითხოვდა ციხის ადმინისტრაციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ციხეში ამბოხების მოწყობისთვის. მე ვცადე ინტერვიუ ამეღო გენერალური პროკურატურის პროკურორისგან, რომელიც ჩეჩენთა საქმეში მონაწილეობდა, მაგრამ გენერალური პროკურორისგან ნებართვის აღება დაუსრულებლად გაჭიანურდა.
ამ მიზეზის გამო მხოლოდ იმის გაგება შევძელი, რომ გენერალური პროკურატურა საოლქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ 2002 წლის აგვისტოში საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის 6 თებერვალს გათავისუფლებულ 3 ჩეჩენთან ერთად ქართველმა მესაზღვრეებმა კიდევ 10 მეომარი დააკავეს. როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციის მიერ ტერორისტებად გამოცხადებული 13 მეომრიდან 5-ის ექსტრადიცია რუსეთში 2002 წლის ოქტომბერშივე განხორციელდა და მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება უფლებადამცველ ევროპულ ინსტიტუტებსაც კი უჭირთ.

რაც შეეხება ამჟამად ციხეში დარჩენილ ჩეჩენ მეომრებს, მათგან 1 საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, ხოლო, უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას განცხადებით, 6 თებერვალს გათავისუფლებულთა მსგავსად, ციხეში დარჩენილი 4 ჩეჩენიც უნდა გამოუშვან.

[ლია მუხაშავრიას ხმა] "აბსოლუტურად იდენტური ბრალდებებია. მათი საქმეც ასევე უნდა დამთავრდეს. ამიტომ არის ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილია იმ ოთხეულის ბედი. მაგრამ აქ შემოდის საკითხი, რომ ის 5, რომელიც ექსტრადირებულია რუსეთში, ისინიც ხომ იღებდნენ მონაწილეობას ამ წინააღმდეგობაში. მათ მიმართ არ იყო საქმე აღძრული."(სტილი დაცულია)

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ქართულ მარლთმსაჯულებასთან ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მოუწევს. სტრასბურგის სასამართლომ 2003 წლის სექტემბერში უკვე იმსჯელა საქმის განსახილველად დაშვების საკითხზე და ჩეჩნების საქმე წარმოებაში მიიღო.

[ლია მუხაშავრიას ხმა] "იგი გულისხმობს არა კონკრეტული პირების გამართლებას ან დასჯას, არამედ გულისხმობს რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფოების მიერ ევროპის კონვენციის კონკრეტული მუხლების დარღვევას."

ეს არის სიცოცხლის უფლება, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა, პირადი ხელშეუხებლობის დაცვა და ასე შემდეგ.
XS
SM
MD
LG