Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი კვირით


საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი კვირით

ადრე რადიო "თავისუფლების" მსმენელმა უკვე იცოდა, თუ რომელი მსახიობები, მომღერლები მიიღებდნენ მონაწილეობას ინაუგურაციის კულტურულ პროგრამაში. თუმცა ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამ ღონისძიებების რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა აღნიშნა, რომ კულტურული პროგრამა, შესაძლებელია, შეიცვალოს კიდეც... ასეც მოხდა. რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი როკ-აქცია 25 იანვრამდე რამდენიმე დღით ადრე შეცვალა ეგრეთ წოდებულმა "ასა-პართიმ" - საქართველოს ნაციონალური ბალეტის, იმავე "სუხიშვილების ანსამბლის", გახმაურებულმა პროექტმა. კულუარული ინფორმაციით, ინაუგურაციის ორგანიზატორები შიშობდნენ, რომ როკ-აქციაზე რესპუბლიკის მოედანი ვერ გაივსებოდა (როკი ჯერ კიდევ არაა ჩვენში პოპულარული), ზეიმის დასკვნითი კონცერტი კი განსაკუთრებით ხალხმრავალი და განსაკუთრებით შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო... ესტრადის პოპ-ვარსკვლავებზე კვლავაც უარი თქვეს (როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნით) და დაკმაყოფილდნენ "სუხიშვილებით" - ანსამბლით, რომელიც ერთნაირად უყვართ სხვადასხვა თაობის ადამიანებს, ანსამბლით, რომლის ახალი პროგრამა, საახალწლოდ წარმოდგენილი ფილარმონიაში, თითქმის ერთნაირად მოეწონათ როგორც სიახლის მოყვარულებს, ასევე კონსერვატორებს.

ამ პროგრამით ნათელი გახდა, რომ ცვლილების, განვითარების საშუალებას თავად სუხიშვილების ძველი დადგმები იძლევა. თავის დროზე ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა ხომ "მოდერნისტული ქორეოგრაფია" დაამკვიდრეს ქართულ კულტურაში. მოდერნისტული კი გზას უხსნის იმას, რასაც დღეს "პოსტმოდერნიზმს" უწოდებენ. შემთხვევითი არ არის, რომ ახალგაზრდა სუხიშვილების დადგმებში ქალის როლი ძალიან დიდია... ახალი ცეკვა - "სამანი" ხომ, ფაქტობრივად, იგივე "ხორუმია" ოღონდ ქალების შესრულებით. პოსტმოდერნიზმის კულტურა კი ხშირად ფემინურ კულტურად ითვლება, "პოსტმოდერნიზმი" მემკვიდრეობის, თუ შეიძლება ითქვას, "მშვიდობიან გადაცემას" გულისხმობს. ისიც არაა შემთხვევითი, რომ ილიკო სუხიშვილმა თავისი "ზეკარი" თავდაპირველად ბებიას, ნინო რამიშვილს, უჩვენა. ნინო რამიშვილს "ზეკარი" მოეწონა. ეს კი ახალი ქორეოგრაფიის უფრო თამამი დამკვიდრების სტიმული გახდა.

ნინო რამიშვილი, თენგიზ და ილიკო სუხიშვილები განუწყვეტლივ იმეორებენ, რომ მათი ანსამბლი არ არის მუზეუმი, რომ ცეკვა მუდმივად უნდა ვითარდებოდეს... უნდა ვითარდებოდეს არა მარტო ნაციონალური, არამედ კლასიკური ბალეტიც, რომელსაც სუხიშვილების ანსამბლი ეხმარება კიდეც: თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის უბინაოდ დარჩენილ აღსაზრდელებს ნაციონალური ბალეტის სარეპეტიციო დარბაზს უთმობენ.

მიწისძვრამ ფუნდამენტურად შეარყია ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე სასწავლებლის შენობა. სარეპეტიციო დარბაზებში ბზარები და ნაპრალები გაჩნდა. სასწავლებლის პედაგოგები და მოწაფეები ამბობენ, რომ ამ შენობაში ყველაზე მსუბუქი საბალეტო მოძრაობა სამბალიან მიწისძვრას უტოლდება. დიდი ხნის განმავლობაში გაკვეთილები ქორეოგრაფიული სასწავლებლის საწყობში იმართებოდა.

მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა მიწისძვრით დაზარალებული სასწავლებლის შენობის აღდგენისთვის 200 ათასი ლარი გამოყო. თუმცა რემონტი კვლავ ჭიანურდება, ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორს თამაზ ვაშაკიძეს კი, რომელსაც რადიო "თავისუფლება" ესაუბრა, ფაქტობრივად, აღარა აქვს იმედი, რომ რამე გამოსწორდება:

[თამაზ ვაშაკიძის ხმა] "ლაპარაკი ბევრია, მაგრამ არაფერი არ წყდება... "არ აინტერესებთ, რა, ეს... ბალეტი, ოპერა, თეატრია კატასტროფულ მდგომარეობაში.... იგივე ის ბავშვი რატომ უნდა მოიყვანოს მშობელმა, როცა თეატრში პერსპექტივა არ არსებობს... ეს იწვევს კადრების გადინებას, პედაგოგების გადინებას - პერსპექტივას ვერ ხედავენ და მიდიან."(სტილი დაცულია)

თამაზ ვაშაკიძემ დახმარებისათვის პრაქტიკულად ყველა ინსტანციას მიმართა. სარემონტო სამუშაოების დაწყებისთანავე (ფაქტობრივად, ლაპარაკია მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტზე) ბავშვები სამეცადინოდ გადაანაწილეს სხვადასხვა დარბაზებში. მაგრამ, ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორის თქმით, რეპეტიციებისთვის გამოყოფილი დრო, ერთი თუ ორი საათი, არ არის საკმარისი კლასიკური ბალეტის ტექნიკის დაუფლებისათვის.

[თამაზ ვაშაკიძის ხმა] "მოდებულნი არიან მთელ ქალაქში - ეს არ არის მეცადიონეობა...უბრალოდ, ჩვენ რაღაცნაირად უნდა გადავარჩინოთ, რომ არ ჩავარდეს, თორემ ერთი წელიც რომ ჩავარდეს, უნდა ჩაითვალოს, რომ არ არის ეს სასწავლებელი."

თამაზ ვაშაკიძის თქმით, თუ ქორეოგრაფიული სასწავლებლის პრობლემა უახლოეს ხანში არ მოგვარდა, ოპერის თეატრის საბალეტო დასი არსებობას შეწყვეტს. თბილისში, შესაძლებელია, კვლავაც ჩამოვიდნენ ვარსკვლავები, მაგრამ კორდებალეტს ისინი ვერ ჩამოიყვანენ... გარდა ამისა, საბალეტო სპექტაკლების ყველაზე აქტიური მაყურებლები საქართველოში ყოველთვის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგები და მოწაფეე,ბი იყვნენ. სასწავლებელი თუ არ იარსებებს, რუსეთიდან ჩამოსულ ბალეტის ვარსკვლავებს, მათ შორის, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც თავის დროზე თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრეს, ცარიელ დარბაზში მოუწევთ ცეკვა:

[თამაზ ვაშაკიძის ხმა] "მე მაინც ვფიქრობ, ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, რა ვარსკვლავიც არ უნდა ჩამოვიდეს თეატრში, თუკი ოპერის სერიოზული დასი არ არსებობს - იმავე ოპერის და იმავე ბალეტის ბირთვი, ვერც ერთი ვარსკვლავი ამას ვერ შექმნის. უნდა იყოს დასი, რასაც ვახტანგი აყალიბებდა."

უცნაურია, მაგრამ მიუხედავად ასეთი პირობებისა, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩაბარების მსურველთა რიცხვი თბილისში პრაქტიკულად არ შემცირებულა. რას ნიშნავს ეს? ნუთუ ისევ პრესტიჟულად მიაჩნიათ ბალეტის სკოლა, რომელსაც ჭერი არა აქვს? თუ აქ სხვა ფაქტორი მოქმედებს? რუსეთში და, შესაძლებელია, მსოფლიოში აღიარების სურვილი... ე.ი. ქართული ბალეტის ავტორიტეტი?

[თამაზ ვაშაკიძის ხმა] "საზღვარგარეთ, ყველა მშობელს უნდა, რომ მის შვილს არ ჰქონდეს საზღვრები და მას მოჰყავს და ეძლევა პროფესია კაპიკებად. მე ვარ პედაგოგი და 67 თეთრი მაქვს ერთი საათის გაკვეთილში. არადა, შეუდარებელი თანხაა, როცა საზღვარგარეთ აძლევ გაკვეთილს... მშობლები ხვდებიან, რომ ეს არის "საერთაშორისო პროფესია".(სტილი დაცულია)

ბალეტი "საერთაშორისო პროფესიად" ითვლება. ბალეტის ენა - მსოფლიო ენაა, თუმცა საზღვარგარეთ მუშაობის გაგრძელებას ყველა ქართველი მოცეკვავე ვერ ახერხებს. რაღა დარჩენია მაშინ მოცეკვავეს, რომლის "სასცენო ცხოვრება" ისედაც ძალიან ხანმოკლეა... რაღა დარჩენია, როცა ოპერის თეატრში ახალი საბალეტო სპექტაკლები არ იდგმება, ხელფასი მინიმალურია და ზოგჯერ ამ ხელფასსაც ვერ არიგებენ?

[თამაზ ვაშაკიძის ხმა] "დღეს მომღერლების უკან დგანან და ცეკვავენ...ეს კატასტროფაა მოცეკვავისთვის, მისი იმიჯისთვის. დღეს არიან ჩვენთან საერთაშორისო დონის მოცეკვავეები, მაგალითად, ლალი კანდელაკი... ასეთი დონის მოცეკვავეები როცა დაუდგებიან მომღერლებს უკან, ეს ხომ სასაცილოა."

თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს დახმარების იმედი არა აქვს, მაგრამ დანებებას არ აპირებს. შარშანწინ თამაზ ვაშაკიძემ საქართველოში თანამედროვე ცეკვის ანსამბლი დააარსა. ამ ანსამბლში მან არა მარტო პროფესიონალი მოცეკვავეები, არამედ მსახიობებიც ჩართო და პირველ საერთაშორისო წარმატებასაც მიაღწია მონპელიეს ფესტივალზე. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორის აზრით, თუ ქართულ ბალეტში მოხდება ძირეული რეფორმები, თუ ბალეტის სამყარო განთავისუფლდება ერთგვარი ნეკროფილური ვნებისგან, რომელიც კლასიკური ქორეოგრაფიის გაკერპებაში აისახება, ქორეოგრაფიის პოპულარობა კვლავაც გაიზრდება და მაშინ, შესაძლოა, ქართული ბალეტის უძველეს სასწავლებელსაც გამოუჩნდეს პატრონი.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG