Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მეტროში აფეთქებამ რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა


რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის მეტროში, ცენტრისკენ მიმავალ მატარებელში პარასკევს, დილის ცხრის ნახევარზე, აფეთქება მოხდა.

აფეთქების გამომწვევ მიზეზებს იძიებენ. აღიძრა ორი სისხლის სამართლის საქმე - ტერორიზმის და მკვლელობის მუხლებით. აფეთქება, რომლის დროსაც მატარებელში, სავარაუდოდ, 1500 ადამიანი იმყოფებოდა, მოხდა ავტოზავოდსკაიას და პაველეცკაიას სადგურებს შორის გვირაბში. მემანქანემ მოახერხა მატარებელი ნელა შეეჩერებინა, გამოერთო მაღალი ძაბვა და ამით საშუალება მიეცა მგზავრებისთვის, გარეთ გასულიყვნენ. მათ გაუმართლა იმ მხრივ, რომ მატარებელში აღმოჩნდა ერთი პროფესიონალი მაშველი, რომელმაც, სანამ დახმარება გარედან მოვიდოდა, ხალხის ორგანიზებული ევაკუაცია დაიწყო. დაჭრილები, რომელთა რიცხვი ასზე მეტია, მოსკოვის საავადმყოფოებში მოათავსეს.

იუწყებიან, რომ ასაფეთქებელი მასალა, ჩანს, არ შეიცავდა ლითონის ნამსხვრევებს, რაც ჩვეულებრივია ხოლმე ტერაქტების დროს, რათა აფეთქების შედეგი განსაკუთრებით მძიმე იყოს. აი, რა თქვა მოსკოვის ვიცე-მერმა ვალერი შანცევმა: [შანცევის ხმა] "აფეთქება, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ტყვიების, ბურთულების და სხვა დამატებების გარეშე, ამიტომ თანაბრად გაზნიქა ლითონის კონსტრუქცია და ჩაამტვრია ფანჯრები, დაზარალდა მესამე ვაგონი და ხალხი მესამე და მეორე ვაგონში". მემანქანე და მგზავრები სხვადასხვა ინფორმაციას იძლეოდნენ იმის თაობაზე, თუ რა მოხდა აფეთქების შემდეგ. ერთნი ირწმუნებიან, რომ პანიკა არ იყო, ხალხი მშვიდად გავიდა მატარებლიდან, მეორენი ამბობენ, რომ ხალხი ყვიროდა და გარბოდა. გამოძიება დაიწყო და გაგრძელდება.

უკვე გაავრცელეს ტერაქტში შესაძლებელი მონაწილის ფოტორობოტი, რომელზეც, რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თანახმად, კავკასიური გარეგნობის მამაკაცი უნდა იყოს აღბეჭდილი. აქვე მოგასმენინებთ ჩეჩნეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერის ახმად ზაკაევის კომენტარს, რომლიც მან ჩვენს რადიოს ლონდონიდან გადმოსცა [ზაკაევის ხმა]: "ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი და მთავრობა პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ამ პროვოკაციასთან და არაორაზროვნად გმობს მას. ტერორი და ტერორიზმი არ არის ჩვენი მეთოდები და ისინი, ვინც თავისი პოლიტიკის განხორციელებას საზოგადოების დაშინებით ცდილობენ, მარცხს განიცდიან და განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდებიან."

თავისი მოსაზრება და ვარაუდი ამ აქტის გარშემო გაგვიზიარა რუსეთის უშიშროების საკითხთა ექსპერტმა პაველ ფელგენჰაუერმა [ფელგენჰაუერის ხმა]: "თვით რუსეთის უშიშროების სამსახურებიც არ გამორიცხავენ, რომ ეს იყო შემთხვევა, რომ ვიღაცას მეტროთი ასაფეთქებელი ან ადვილად აალებადი სხვა ნივთიერება გადაჰქონდა, და თუკი იქ არ იყო ნამსხვრევები, იქნებ, მართლაც, შემთხვევითი აფეთქება იყო. შეიძლება ტერორისტებიც იყვნენ, შეიძლება არც კი სურდათ მეტროში ამის გაკეთება". მოსკოვში მომხდართან დაკავშირებით ფელგენჰაუერი ამბობს, რომ ძნელია ტრანსპორტის დაცვა ამგვარი შემთხვევისგან, მით უმეტეს, მოსკოვში, სადაც დღემდე, ამ მხრივ, ვითარება სავალალო იყო. ბოლოს გეტყვით, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ახლა მიმართა სატრანსპორტო საშუალებების განსაკუთრებულ დაცვას, რუსეთის მასშტაბით; გაიზარდა იქ მომსახურე რაზმების რიცხვი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG