Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სამხედრო ბაზების დაკომპლექტების წესს ცვლის


რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელსაც არ ეთმობა სამხედრო ყოფნა სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში განლაგებული სამხედრო ბაზების დაკომპლექტების წესს

საკუთარი მოქალაქეების სასარგებლოდ ცვლის. რუსეთიდან ბათუმის 62-ე ბაზის ტერიტორიაზე უკვე ჩავიდა რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც ამ ბაზაზე მომუშავე ადგილობრივი კადრები უნდა ჩაანაცვლოს. აჭარის მკვიდრთ კი რუსი გენერლები სხვა, უფრო ცხელ, წერტილებში სამსახურს სთავაზობენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, უმოკლეს დროში ბათუმში მთლიანად 400 რუსი ჯარისკაცი უნდა ჩავიდეს და, სავარაუდოდ, ამდენივე ადგილით შემცირდება ადგილობრივთა კვოტა ბაზის საშტატო განრიგში.

ორი დღეა საქართველოს პოლიტიკურ წრეებში რუსეთის ბაზებთან დაკავშირებულმა ახალმა პრობლემამ იჩინა თავი. საქართველოს საგარეო და თავდაცვის სამინისტროები ცდილობენ ახსნა მოუძებნონ რუსეთის სამხედრო უწყების გადაწყვეტილებას, რომელიც ბათუმსა და ახალქალაქში მდებარე სამხედრო ბაზებში პირადი შემადგენლობის მასობრივ როტაციას ითვალისწინებს. საქართველოს დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, 400-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურის როტაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მცხოვრებლების ხარჯზე - მცხოვრებლებისა, რომლებსაც რუსეთისთვის ლოიალობისა და ერთგულების დადასტურება ამიერიდან, შესაძლოა, ჩეჩნეთში მოუწიოთ. ამის გამო სერიოზული იმედგაცრუება ელოდება ასლან აბაშიძეს, რომელიც სწორედ ორშაბათს ასრულებს ვიზიტს მოსკოვში. აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელი წლების განმავლობაში სწორედ იმით ამართლებდა რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობას აჭარის ტერიტორიაზე, რომ იქ ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ დასაქმებულები.

თბილისში არსებული აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა რადიო "თავისუფლებას" უთხრა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა, აშკარად, არ ენდობა ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომელთა ხვედრითი წილი 1700 კაციან რუსულ სამხედრო ბაზაზე, დაახლოებით, 60%-ს შეადგენს.

[ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა] "რუსეთის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ისინი, ადგილობრივი მცხოვრებელები, მისი არ არიან. და რა გაგებით არ არიან? - ელემენტარულად, სამუშაოს პერიოდში ისინი მსახურობენ ნაწილში, როდესაც ასრულებენ მუშაობას, ისინი მიდიან სახლში. ესე იგი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ეს სისტემა აღარ უნდა - რუს ოფიცრებს სურთ, ადგილობრივთა ნაცვლად, ჩამოიყვანონ რუსები, რომლებიც არათუ სამუშაო საათებში, არამედ მერეც იქნებიან მორჩილნი. ქართველებს კი სთავაზობენ სამსახურს რუსეთში, თუ არადა, ისინი იძულებული იქნებიან, უარი თქვან სამსახურზე." (სტილი დაცულია)

მოლოდინი იმისა, რომ რუსეთი, ადრე თუ გვიან, უარს იტყოდა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების დაფინანსებაზე საკუთარი გადასახადის გადამხდელების ჯიბიდან, საქართველოში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მეგობარი ჯგუფის წევრებმა და შეერთებულმა შტატებმა გამოთქვეს მზადყოფნა, დააფინანსონ რუსეთის დარჩენილი ორი ბაზის გაყვანისთვის აუცილებელი სამუშაოები. ამ სამუშაოთა ჩამონათვალში შედის რუსეთში საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ან ფულადი კომპენსაცია იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ვისაც ბაზების გაყვანის შემთხვევაში, საბინაო პრობლემა შეექმნება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორმხრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი მანჯგალაძის თქმით, რუსეთი ამ შემთხვევაში ორი კურდღლის მონადირებას შეეცდება:

[გიორგი მანჯგალაძის ხმა] "მიდის ბაზების პერსონალის რაოდენობის ზრდა, რათა უფრო საფუძვლიანი გახადონ თავისი ეს, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, 11 წელი, რასაც ბაზების გაყვანის ბოლო ვადად მიიჩნევენ. რაც უფრო მეტი ჯარისკაცი იქნება ორ ბაზაზე, ცხადია, მით მეტ წელს ჩაებღაუჭებიან რუსი ექსპერტები. მეორე კი ისაა, რომ, თუ ბაზების გაყვანის შემთხვევაში მოსკოვს, სიტყვაზე, ბინებით 1700 კაცის უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა, ახლა ამ რაოდენობას 3000-მდე ზრიდს, რითაც ასევე ამძიმებს ბაზებთან დაკავშირებულ პრობლემას."

მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდებია, რადგან რუსეთის საელჩოს საქართველოსთვის არ მიუმართავს შესაბამისი რაოდენობის ვიზებისთვის და არ შეუთანხმებია როტაციის ვადები. ამისდა მიუხედავად, ბათუმის ბაზაზე დასაქმებული ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებსაც რუსეთი უხდიდა ხელფასს, სერიოზული დილემის წინაშე დგანან: მათ ან უარი უნდა თქვან რუსეთის მოქალაქეობაზე, ანდა საკუთარი ლოიალობა მოსკოვს "ცხელ წერტილებში" სამსახურის გავლით დაუმტკიცონ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG