Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ იქნება დამნაშავე, თუ რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი არ გაუქმდა?


რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თავის რუს კოლეგასთან საუბარი მოუწევს ორ ქვეყანას შორის არსებულ უამრავ პრობლემაზე.

მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი რუსეთის მხრიდან ცალმხრივად დაწესებული სავიზო რეჟიმიცაა. საქართველოს ლეობორისტული (შრომის) პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ, მისი პარტიის ძალისხმევით, რუსეთი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე დათანხმდა და ახლა ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებულიო.

ქართველ ლეიბორისტთა ლიდერს შალვა ნათელაშვილს არაერთხელ დაუდანაშაულებია ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ლეიბორისტული პარტიის იდეების მითვისებაში. ეს ბრალდებები ხშირად არცთუ უსაფუძვლო ყოფილა. თბილისში უფასო სასწრაფო დახმარების ამოქმედებასა თუ ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების ავტორობაში შეჯიბრი სააკაშვილის გამარჯვებით დამთავრდა. მან ნათელაშვილს მთავარი პოლიტიკური იდეაც კი ხელიდან გამოაცალა. ესაა უბრალო ხალხთან სიახლოვე, მათ ენაზე ლაპარაკი და მათ სოციალურ პრობლემებზე ზრუნვა.

ახლა, საპარლამენტო არჩევნების წინ, ქართველ ლეიბორისტთა ლიდერი კიდევ ერთხელ დადგა მსგავსი საფრთხის წინაშე. მისი პრევენციის მიზნით, ნათელაშვილმა სააკაშვილის პუტინთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გამოაცხადა, რუსეთის ხელისუფლება მზადაა სავიზო რეჟიმი გააუქმოს და ეს ლეიბორისტული პარტიის ხანგრძლივი მუშაობის შედეგიაო:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივება-მოხსნის პროცედურა თითქმის გადაწყვეტილია და, თუ ახლა გაფუჭდა საქმე, ეს იქნება ამ ხელისუფლების და სააკაშვილის ბრალი და სხვისი უკვე აღარავისი."

შალვა ნათელაშვილისვე განცხადებით, რუსეთის მზადყოფნის შესახებ, გააუქმოს სავიზო რეჟიმი, მას მოსკოვში ვიზიტისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშინინმა განუცხადა. მთავარმა ლეიბორისტმა დასძინა, საგარეო უწყებაში ლოშინინი ლიფტთანაც კი სავიზო პრობლემატიკაზე მელაპარაკაო.

თუ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ განწყობის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომელიც მან მოსკოვში გამგზავრებამდე თვითმფრინავშივე გამოხატა, ნაკლებად სავარაუდოა, ამ განცხადებებმა ხელი შეუშალოს რუსეთის კეთილი ნების განხორციელებას.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "მას შემდეგ, რაც მე რუსეთს გავუწოდე ხელი ინაუგურაციაზე, ეს აჩვენა მსოფლიოს ყველა წამყვანმა ტელესადგურმა, თვითონ რუსეთის ტელესადგურების გარდა. არც ერთმა რუსულმა ტელეარხმა ეს არ გაუშვა. ახლა ჩავდივარ, რომ ადგილზე გავუწოდო ეს ხელი და ახლა მე ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტის შემდეგ მათ გაუჭირდებათ ძველი მტრული პოლიტიკის გაგრძელება. ამაში დარწმუნებული ვარ."

თუ შალვა ნათელაშვილის სიტყვებს ვენდობით, რუსეთი სწორედ ამ ხელისგაწვდას ელოდება სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად.

ხუთიოდე წლის წინ რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო ურთიერთობის დამყარების იდეა სწორედ მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას გუნდის წარმომადგენელმა, ამჟამად გაეროში საქართველოს ელჩმა, რეზო ადამიამ გამოთქვა.

ამით მაშინდელი ხელისუფლების რეფორმატორულ ფრთას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება სურდა, შედეგი კი სულ სხვა აღმოჩნდა. რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემოღებით მხოლოდ ზედმეტი პრობლემები გაუჩნდათ ბიზნესმენებს და რუსეთში დროებით მცხოვრებ მილიონამდე ქართველს, რომლებიც სამშობლოში დატოვებულ ოჯახებსა თუ ნათესავებს ფინანსურ დახმარებას უწევენ.
XS
SM
MD
LG