Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსლიმანი ქალების თავსაფარი და დემოკრატიული ღირებულებები


სამშაბათს საფრანგეთის პარლამენტში გაიმართა კენჭისყრა,

რომელსაც წინ უძღოდა ხანგრძლივი და მწვავე დისკუსიები, საპროტესტო გამოსვლებიც კი. [დემონსტრაციის ხმაური] "ჩადრი ჩვენი არჩევანია და არა ჩვენი ძმებისა და ქმრებისო", აცხადებდნენ მუსლიმანი ქალები დემონსტრაციაზე, რომელიც გასულ თვეში პარიზში გაიმართა. ეს დემონსტრაცია მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტის მოთხოვნას, სკოლებში თავსაფრით სიარული აეკრძალოთ ქალებსა და გოგონებს, რათა საფრანგეთში, როგორც სეკულარულ სახელმწიფოში, დაცულ იქნეს სასწავლებელთა რელიგიური ნეიტრალიტეტი. მოკლედ, კამათს იწვევს თავსაფარი - შეესაბამება თუ ეწინააღმდეგება მუსლიმან ქალთა მიერ მისი რელიგიური მოსაზრებებით ტარება დემოკრატიულ ღირებულებებს?

ამ საკითხში გარკვევა ვცადეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ შევძელით კიდეც - მუსლიმან ქალთა სამოსელს, იქნება ეს უბრალო თავსაფარი, თუ თავიდან ფეხებამდე შემბურველი ბურკა, გარდა რელიგიისა, კულტურული თავისებურებები, ტრადიციები, პოლიტიკური რეჟიმი, მოკლედ, მრავალი ასპექტი განაპირობებს. იმას, რაც ერთის თვალში მუსლიმანი ქალის წმიდათაწმიდა მოვალეობაა, მეორე - ქალის უფლებების ფეხით გათელვად მიიჩნევსს. ავიღოთ თუნდაც ბრიტანეთში მცხოვრები ესმას მაგალითი - ის 13 წლის იყო, როცა ტრადიციული ჰიჯაბით, ანუ თავსაფრით სიარული დაიწყო. [ესმას ხმა] "ამას, როგორც მუსლიმანი, ჩემი რელიგიური რწმენის ნაწილად მივიჩნევ. ამას საკუთარი სურვილით ვაკეთებ, ამით ჩემს რელიგიური იდნეტურობას გამოვხატავ. განსაკუთრებით ახლა, როცა დასავლეთში ვცხოვრობ, მეტ სიამოვნებას მგვრის ჩემი რწმენის ასე გამოხატვა". ესმას ამ განმარტებას ეხმიანება პარიზელი დემონსტრანტების ნათქვამი, წეღან რომ მოისმინეთ -"ჩადრი ჩვენი არჩევანია, არა ჩვენი ძმებისა და ქმრებისო".

შესაძლოა პარიზში ასე იყოს: იქ მუსლიმანი ქალებიდან ზოგი თავსაფრით დადის, ზოგი არა. მაგრამ, დავუშვათ, საუდის არაბეთში ქალს ასეთ არჩევანს არავინ აძლევს - მას კანონი ავალებს, შემოიცვას გრძელი შავი სამოსი, რომელიც კოჭებამდე ფარავს და თვალებთან ერთგვარ სარკმელს უტოვებს...

მაგრამ დავუბრუნდეთ ევროპას. მუსლიმან ქალთა მიერ რწმენისადმი ერთგულების ტანისამოსით გამოხატვა (ნებაყოფლობით გამოხატვაც კი) მზარდ შეშფოთებას იწვევს. რატომ? თუნდაც იმიტომ, განმარტავს ჩვენი თანამშრომელი, კეტლინ ნოქსი, რომ იგივე საფრანგეთში, სადაც მუსლიმანი იმიგრანტების რიცხვი 5 მილიონს აღწევს, რელიგიური ექსტრემიზის მომძლავრების ეშინიათ. ამას გარდა [ჟაკ მიარდის ხმა] "ჩვენს სკოლებში უკვე საუკუნეა, რელიგიური სიმბოლოები აღარ არსებობს. მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია, ზოგი მუსლიმანი ცდილობს თავსაფრით სიარულის შემოღებას, რათა საჯაროდ აჩვენოს თავისი მუსლიმანობა", ამბობს ფრანგი პარლამენტარი ჟაკ მიარდი.

და მაინც: ხომ არ ნიშნავს თავსაფრის აკრძალვა, ანუ ტანისამოსზე წესების შემოღება მოქალაქეობრივი უფლებების შეზღუდვას? ნიშნავსო, - ირწმუნებიან საფრანგეთში თავსაფრით სკოლაში სიარულის მომხრეები. ისევ დემონსტრანტ გოგონას მოვუსმინოთ: ის ფრანგებისათვის საამაყო რევოლუციურ დევიზს იშველიებს - "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა": [დემონსტრანტი გოგონას ხმა] "ჩადრი გამართლებულია - მას ამართლებს დევიზი "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა". ჩადრით სიარული თავისუფლებაა. როცა მასზე უარს გვეუბნებიან, ჩვენს პირად ღირსებას ლახავენ. რატომ უნდა ჰქონდეთ ვიღაცეებს მოკლე კაბის ჩაცმის უფლება ჩვენ კი ჩადრს გვიკრაძალავდნენ?"

შეკითხვა სამართლიანია, თუ არა მსმენელმა განსაჯოს. მასზე პასუხად კი, ალბათ, გამოდგება პარლამენტარ ჟაკ მინარდის შემდეგი განმარტება: [ჟაკ მინარდის ხმა]"საფრანგეთი თავისუფალი ქვეყანაა. ყველას შეუძლია, მისდევდეს თავისთვის სასურველ რელიგიურ მოძღვრებას, მაგრამ ეს მისი საქმეა, კერძო სფეროს მიეკუთვნება და არა საჯარო საქმიანობას".

მოვუსმინოთ პრეზიდენტ ჟაკ შირაკის მოსაზრებასაც, რომელიც მან ორი თვის წინ, დეკემბრის შუა რიცხვებში გამოთქვა: [ჟაკ შირაკის ხმა] "ვფიქრობ, რომ ტანისამოსი, ან სიმბოლოები, თუ ისინი თვალშისაცემს ხდის ადამიანის რელიგიურ რწმენას, უნდა აიკრძალოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში".

ასე არა მარტო საფრანგეთის პრეზიდენტი და სხვა ფრანგი პოლიტიკოსები ფიქრობენ. გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის სამხარეო პარლამენტში გასულ კვირაში პრაქტიკულად ყველა მიეხმრო ინიციატივას, სკოლებში თავსაფრით სიარული აეკრძალოს მუსლიმან მასწავლებელ ქალებს. "თავსაფარი ქალთა ჩაგვრის სიმბოლოა, მამაკაცებს უფლება აქვთ, ცოლს ცემონ, ის ოჯახიდან გააგდონ (...) ასეთ ფუნდამენტალიზმთან მიმართებაში შემწყნარებლობა უადგილო იქნებოდაო", - ასე შეაჯამა საინფორმაციო სააგენტომ "დოიჩე პრესეაგენტურ" ბადენ-ვიურტემბერგის პარლამენტში გამოსულთა არგუმენტები. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, სკოლაში თავსაფრის აკრძალვას გერმანიის სხვა მხარეებშიც აპირებენ - მათ შორის ბავარიასა და საარლანდში...

ქალის მიერ თმის დაფარვა ქუჩაში, და საერთოდ, უცხო ადამიანების თანდასწრებით, მუსლიმანთა წმინდა წიგნის, "ყურანის" რამდენიმე სურას ეფუძნება. ეს სურები ისლამის მიმდევრების ჩაცმულობას ეხება და, როგორც წესი, უბრალოებას მოითხოვს ქალებისგანაც და მამაკაცებისგანაც. რაც შეეხება კონკრეტულად ქალებს, ერთ-ერთ სურაში მათგან მოთხოვნილია, თვალი არ გაუსწორონ თანამოსაუბრეს, საქვეყნოდ არ გამოაჩინონ თავიანთი გარეგნული მშვენიერება გარდა იმისა, რაც ჩვეულებრივ, ბუნებრივად ჩანს. მკერდი მოსასხამით დამალონ და ა.შ. ასევე ყურანში წაიკითხავთ, რომ ქალის სამოსი სქელი ქსოვილისაგან უნდა იყოს დამზადებული და ტან-ფეხის მოყვანილობას მალავდეს...

[იბრაჰიმ კალინის ხმა] "ჩაცმულობის მთავარი პრინციპი ისლამში არის უბრალოება. მაგრამ უბრალოების მოთხოვნას სხვადასხვა საზოგადოება სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევს. აუცილებელია, სულ ცოტა, თავსაფარი. მაგრამ როგორ იკეთებ თავსაფარს, ჰიჯაბს, როგორ არის ის გაფორმებული, რას იცმევ მასთან ერთად - ეს უკვე კულტურულ გარემოზეა დამოკიდებული. მაგალითად, მთელი სხეულის შემმოსველ ბურკას, რომელსაც ავღანეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში იხილავთ, ისლამური კანონი არ მოითხოვს. ბურკა უბრალოდ ტრადიციაა. მალაიზიაში, ან ბოსნიაში მუსლიმანი ქალები სულ სხვანაირად არიან ჩაცმული - ისევ საზოგადოების კულტურული ტრადიციების შესაბამისად, როგორც თურქეთსა და საუდის არაბეთში. აშკარაა დიდი სხვაობა ქალების ჩაცმულობაში." ისლამური ტრადიციების მრავალფეროვნებაზე ისლამის ამერიკელი მკვლევარი იბრაჰიმ კალინი საუბრობდა.

სამშაბათს საღამოს კი გამოჩნდა, რომ თავის ტრადიციებს საფრანგეთიც უფრთხილდება. პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, აიკრძალოს სკოლებში გოგონების თავსაფრით სიარული. პრემიერ-მინისტრ ჟან-პიერ რაფარენს კმაყოფილება არ დაუმალავს: [რაფარენის ხმა] "ეს კანონი განამტკიცებს საფრანგეთის რესპუბლიკას, ისევე როგორც მის სეკულარულ პრინციპებს. მადლობას გიხდით გაწეული სამუშაოსათვის".
XS
SM
MD
LG