Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრთა კაბინეტის პერსპექტივა


მომავალი კვირის მთავარი თემა უკვე გამოიკვეთა: მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება. ვიდრე მომავალ კაბინეტზე ვისაუბრებთ, მინდა გავიხსენო, რა სისტემური პრობლემები აბრკოლებდა წინამორბედი

მთავრობების ეფექტიან საქმიანობას.

2000 წლის მაისში, პარლამენტში ახალი მთავრობის დამტკიცებისას, აშკარად გამოიკვეთა ის ფაქტორები, რომლებიც ქვეყანას აუძლურებდა. შესაბამისად, თუ ჯერ არ ვიცით, როგორ იღვაწებენ და რას შეძლებენ ახალი მინისტრები, ის მაინც ცნობილია, რა სისტემური პრობლემებია დასაძლევი აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

წინა მთავრობების მომაკვდინებელი სენი კორუფცია იყო. აისბერგის წვერივით მოჩანდა, ერთი მხრივ, ჩინოვნიკების დაუსაბუთებელი ქონება და, მეორე მხრივ, მუდმივად შეუსრულებელი ბიუჯეტი. განსაკუთრებული როლი იმ სამინისტროებს ენიჭებოდა, რომლებიც უშუალოდ იყვნენ დაკავშირებული როგორც შემოსავლებთან, ისე შემოსავლების დამაბრკოლებელ მიზეზებთან.

გადასახადების და შემოსავლების მინისტრმა მიხეილ მაჭავარიანმა 2000 წლის მაისში, მისი კანდიდატურის საპარლამენტო განხილვისას, განაცხადა: დიდ იმედს ვამყარებ რეფორმაზე საბაჟო და საგადასახადო სამსახურებში; მაგრამ თუ სამართალდამცავები, ბოლოს და ბოლოს, ორგანიზებულ დანაშაულს არ დაუპირისპირდებიან, რეფორმა გვექნება, შემოსავლები კი ისევ არ გვექნებაო. ასეც მოხდა. შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე მაჭავარიანის მოწოდებას დაუფარავი აგრესიით დაუპირისპირდა და თქვა, რომ პოლიცია შემოსავლების საქმეში არ ჩაერეოდა. ანკი როგორ ჩაერეოდა, როცა ძალოვანები კონტრაბანდით ცხოვრობდნენ? თუმცა, თავის მხრივ, კახა თარგამაძეც პარლამენტის წინაშე სამართალდამცავი სისტემის გარდაქმნის გეგმით წარდგა და ტაშის გრიალით დამტკიცდა, როგორც რეფორმატორი მინისტრი.

2000 წელს ბევრი მინისტრი რეფორმატორი იყო და ცოტა - ბიუჯეტში თანხის შემტანი. შესაბამისად, ფინანსთა მაშინდელმა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტია ბიუჯეტის ხარჯების სეკვესტრი - 100-200 მილიონი ლარის ფარგლებში. ნოღაიდელი მარტივად სჯიდა: რაკი შემოსავლები არ გაიზრდება, ესე იგი, ხარჯები უნდა შემცირდეს. გამოვიდა, რომ ახალმა მთავრობამ საქმიანობა დაიწყო კორუფციის წინაშე სრული კაპიტულაციით, როდესაც დაგეგმა არა შემოსავლების გაზრდა, არამედ - ხარჯების შემცირება. მაშინ არავის უკითხავს, 100-200 მილიონით შემცირებულ ბიუჯეტს როგორ უნდა დაეფინანსებინა ის გრანდიოზული რეფორმები, რითაც მინისტრების უმრავლესობამ თავი მოაწონა პარლამენტს.

ეკონომიკური ბლოკისა და სამართალდამცავების შეუთანხმებელი ქმედება, კაპიტულანტური პოლიტიკა კორუფციის მიმართ, რეფორმების პერსპექტივის გამორიცხვა - ეს სამი ფაქტორი გარდაუვალად განაპირობებდა 2000 წლის მთავრობის მარცხს.

მომავალ კაბინეტში, თითქოს, კორუფციასთან ბრძოლა დაწყებულია, ეკონომიკური ბლოკისა და სამართალდამცავების შეთანხმებული საქმიანობა შესაძლებელია და რეფორმების პერსპექტივაც რეალურია. ესე იგი, წარმატებამდე ორი ნაბიჯიღა რჩება: პოლიტიკური ნება და პიროვნული უნარები.
XS
SM
MD
LG