Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვალტერ შვიმერს ბათუმში ხელისუფლების მხარდამჭერი და საპროტესტო აქციებით შეხვდნენ


ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის ბათუმში ვიზიტისთვის საგანგებოდ ემზადებოდა როგორც ავტონომიის მეთაურის ასლან აბაშიძის ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება.

ოპოზიციურ გაერთიანება "ჩვენი აჭარის" მომხრეებმა საპროტესტო აქცია ბათუმში 20 თებერვლის დილის 12 საათზე დაიწყეს. პარალელურად ბათუმის უნივერსიტეტის წინ თავი მოიყარეს ხელისუფლების მომხრეებმა, რომელთა ბათუმში შეკრების ორგანიზება ადგილობრივმა ხელისუფლებამ აჭარის სოფლებიდან და რაიონული ცენტრებიდან სპეციალური მიკროავტობუსებით მომხრეთა ტრანსპორტირებით მოახერხა. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ბათუმში ვალტერ შვიმერის ჩასვლისა და 2 დაპირისპირებული საპროტესტო აქციის დაწყების შემდეგ.

[აქციის მონაწილეთა შეძახილები]

"მიშა-მიშასა" და "ბაბუ-ბაბუს" სკანდირებას ის გაგრძელება მოჰყვა, რომ "ჩვენი აჭარის" ოფისის წინ შეკრებილ ასლან აბაშიძის ოპოზიციას აბაშიძის მომხრეთა მანიფესტაციამ შეუტია. ეს იმ დროს ხდებოდა, როდესაც "ჩვენი აჭარის" ოფისში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერისა და აბაშიძის ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამაზ დიასამიძემ, ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ოპოზიციამ ვალტერ შვიმერს აჭარაში ადამიანის უფლებათა დაცვასა და არჩევნების ობიექტურად ჩატარებაში თანადგომა და დახმარება სთხოვა:

[თამაზ დიასამიძის ხმა] "ჩვენთან საუბარში მან დიდი შესავალი გააკეთა, ილაპარაკა დიალოგზე, ყველაფერზე და, როცა ბრბო მოვიდა და ლეწვა დაიწყო ოფისის და გარეთ ცემა-ტყეპა - ჩვენი ხალხის, ცხადია, მან ბევრად ადრე შეწყვიტა ჩვენთან შეხვედრა და საკმაოდ განერვიულებულმა დატოვა იქაურობა. ჩვენ ერთად დავტოვეთ ოფისი უკანა კარიდან. როგორც კი გავედით, დაიწყო ლეწვა პოლიციის თანდასწრებით, იქვე იდგა და იმის თვალწინ ილეწებოდა ყველაფერი."(სტილი დაცულია)

ნანახი სურათით დამძიმებული ვალტერ შვიმერი, ვიზიტის პროგრამის მიხედვით, ბათუმის უნივერსიტეტსაც ესტუმრა, სადაც მას აბაშიძის მომხრეთა კიდევ ერთი დიდი მიტინგი დახვდა. თბილისში დაბრუნებულმა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ბათუმში მან ასლან აბაშიძესაც და ოპოზიციასაც დიალოგისკენ მოუწოდა:

[ვალტერ შვიმერის ხმა] "მე გამოვიყენე ჩემი ყოფნა აჭარაში ბოლო წუთამდე - მანამ, სანამ დავემშვიდობებოდი ბატონ აბაშიძეს და თვითმფრინავში ავდგამდი ფეხს. ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ კონსტრუქციული დიალოგი ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ისევე როგორც ოპოზიციასთან, იყო აუცილებელი რამ, რაც მან უნდა გააკეთოს. და მე ვუთხარი, რომ ძალადობას არ შეიძლება ძალადობრივი ქმედებებით შევებრძოლოთ."

ასლან აბაშიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ოპოზიციას არ ცნობს და მასთან დიალოგსაც არ აპირებს. შესაბამისად, ვალტერ შვიმერის ბათუმიდან გამომგზავრებამდეც კი, ბათუმში ოპოზიციონერებსა და ჟურნალისტებზე ნადირობა დაიწყო.
ოპოზიციურ პარტიათა ოფისების დარბევისა და მათი აქტივისტების ცემის გარდა, თითქმის ყველა ტელეკომპანიის კორესპონდენტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებული მასალები წაართვეს, ისმოდა სროლის ხმაც.

[სროლის ხმა]

შედეგად, მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული ოპოზიციის 20-მდე აქტივისტს და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია 2 მოქალქე. ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ აჭარაში მოქმედი სადამსჯელო ჯგუფების წევრებთან ერთად მათი ორგანიზატორებიც დაისჯებიან:

[სააკაშვილის ხმა] "ჩამხედეთ კარგად მე თვალებში, მიწიდან ამოგთხრით. არა, მე ვლაპარაკობ იმ ხალხზე, ვინც სცემს ადამიანებს, ოფისებს წვავს. სათითაოდ გაგისწორდებით კანონის ძალით."

სააკაშვილს არაფერი უთქვამს ასლან აბაშიძის პასუხისმგებლობაზე და აღნიშნა მხოლოდ, რომ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრსა და რეგიონს შორის ძალიან ფაქიზ ურთიერთობებს შეეხება, მისი გადაწყვეტილებები კონსტრუქციული იქნება.
XS
SM
MD
LG