Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოუტანს საქართველოს ოფიცრების რუსეთში მომზადება?


შეერთებულ შტატებში ვიზიტამდე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსკოვს ესტუმრა და რუსეთთან სამხედრო კონტაქტების განახლების გადაწყვეტილება მიიღო. ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი

დიპლომატიური დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ახალი ხელისუფლება რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას "ადამიანურ ფაქტორზე" აფუძნებს და მზად არის რამდენიმე ათეული ქართველი ოფიცერი განათლების მისაღებად რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში მიავლინოს. თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას და პრაქტიკულ შედეგიანობას საკმაოდ სკეპტიკურად აფასებენ ექსპერტები, რადგან თავის დროზე რუსეთის სამხედრო სასწავლებლები საკმაოდ ძვირი ფუფუნება აღმოჩნდა საქართველოს ბიუჯეტისთვის, ხოლო ბევრი რუსეთგამოვლილი ოფიცერი - მოუმზადებელი ახალი რეალობისთვის.


რუსეთის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში ქართველი მსმენელების გაგზავნის ტრადიციას საფუძველი 1995 წელს, გენერალ ვარდიკო ნადიბაიძის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, ჩაეყარა და სულ რაღაც 3 წელიწადში ქართველ მსმენელთა კონტინგენტი 400 კაცს შეადგენდა. ყველაზე დიდ გასავალში იყო მოსკოვისა და ლენინგრადის საერთო-საჯარისო სამხედრო სასწავლებლები, ფრუნზეს ჯავშანსატანკო და გენერალური შტაბის აკადემიები. ეს უკანასკნელი უმაღლესი დონისა გახლავთ და იგი საქართველოდან სულ რამდენიმე კაცს აქვს დამთავრებული, მათ შორის, გენერალ გია ვაშაკიძეს, რომელიც ბიზნესმენ თამაზ მაღლაკელიძის გატაცების გამო ციხეში იმყოფება, და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალ უფროსს, გენერალ გივი იუკურიძეს. სწორედ გენერალ გივი იუკურიძეს მოუწევს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების შესრულება და იმ სამხედრო სპეციალობათა განსაზღვრა, რომელთა მიხედვითაც შეიძლება გაიარონ მომზადება ქართველმა ოფიცრებმა. თუმცა ამ დავალების შესრულება არცთუ ისე იოლი საქმეა.

პრობლემას რამდენიმე ასპექტი აქვს: გასულ წლებში ქართველი ოფიცრების მომზადებისთვის რუსეთი დიდ თანხებს ითხოვდა, რის გამოც საქართველოს ბიუჯეტს რუსეთის მიმართ 20 მილიონი დოლარის ვალი დაუგროვდა. მეორე იყო საკუთრივ ქართული სამხედრო კონტინგენტის მომზადების დონე, რაც თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, პოლკოვნიკ დიმიტრი ლეჟავას თქმით, არ შეესაბამებოდა დადგენილ ნორმატივებს:

[დიმიტრი ლეჟავას ხმა] "ჩვენ აქ გასაუბრებები ჩავუტარეთ მათ სამხედრო აკადემიაში და ძალიან დაბალი დონე უჩვენეს იმ კუთხით, რომ პიროვნებას, ვინც არტილერიას სწავლობდა, არ შეეძლო კვადრატული ფესვის ამოღება."

ამგვარი სელექციის შემდგომ რუსეთში მომზადებაგავლილთა 20-მა პროცენტმა უარი თქვა სამხედრო სამსახურის გაგრძელებაზე, სხვებმა კი, ვისაც სამხედრო წრეებში გავლენიანი მფარველები ჰყავდა, გადასამზადებლად დასავლეთის სამხედრო სასწავლებლებს მიაშურეს. ამასთან, ნატოს ქვეყნებში სასწავლო პროგრამებით ოფიცერთა მივლინებაზე საქართველოს მხარე არაფერს ხარჯავდა, რის გამოც რუსეთში მსმენელების გაგზავნა 4 წლის წინ საბოლოოდ შეწყდა. ამას გარდა, დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის ფინანსური დახმარებით, გაფართოვდა სასწავლო პროცესი საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, რომელიც 10 სამხედრო სპეციალობის უმცროს ოფიცრებს ამზადებს. რა თქმა უნდა, ერთადერთი ქართული სამხედრო სასწავლებელი კონკურენციას ვერ გაუწევს დიდი სამხედრო ტრადიციების რუსეთს. და მაინც, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება ოფიცერთა ახალი ნაკადის რუსეთში გაგზავნის შესახებ - უფრო პოლიტიკურ ჟესტად შეფასდა. თუმცა არსებობს სხვაგვარი მოსაზრებაც. პოლიტოლოგ დავით დარჩიაშვილის აზრით, ეს პოლიტიკური ნაბიჯი ეწინააღმდეგება საქართველოს დეკლარირებულ მისწრაფებებს და ათეულობით ქართველ ოფიცერს ნატოს სტანდარტებს აშორებს:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] "დააცილებს მინიმუმ იმ 60 ადამიანს, ვისზეც არის ლაპარაკი, იმ სტანდარტებისაგან და ინტეროპერაბელურობისაგან, რაც დამახასიათებელია დასავლურ, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის. ასეთი გადაწყვეტილება აბსოლუტურად ამოვარდნილია იმ სამხედრო აღმშენებლობის კურსიდან, რაც დეკლარირებული იყო და რაშიც წვლილი შეაქვთ ამერიკას, ბრიტანეთს, თურქეთსა და სხვა ჩვენს მოკავშირეებს." (სტილი დაცულია)


მიუხედავად ამისა, ქართველი ოფიცრების რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში გაგზავნასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო უკვე გამართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა და რუსეთის ელჩმა საქართველოში. როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე საქრათველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, შეიარაღებული ძალების გენშტაბში უკვე დაიწყეს კანდიდატთა სიების შემუშავება, იმ სამხედრო სპეციალობათა გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს ესაჭიროება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG