Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის უცილობელი შედეგი, ფასების მატება, უკვე რეალობაა


უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში კონტრაბანდული საქონლის ტვირთბრუნვა, ნაწილობრივ, შემცირდა. საბაჟო დეპარტამენტის კრიმინალური სამსახური ყოველდღიურად

ქვეყანაში კონტრაბანდის შემოსვლის, საშუალოდ, 3 შემთხვევას მაინც ააშკარავებს. ეს, ცხადია, სრული სურათი მაინც არ არის. კონტრაბანდასთან ბრძოლის პარალელურად იზრდება ძირითადი სასაქონლო ნომენკლატურის ლეგალიზების პროცესი, იზრდება იმპორტი. საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო დროს იმპორტის მოცულობა, სულ მცირე, ორჯერ გაიზარდა. სასაქონლო ტვირთბრუნვის ადმინისტრირების გაუმჯობესების მიუხედავად, ფასების რყევა უკვე იქცა გარდაუვალ რეალობად. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის მაქსიმალური უმრავლესობა დაუსაქმებელია, ძირითადი მომსახურების საქონლის მინიმალურად გაძვირებაც კი საგრძნობი და საგანგაშოა.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში მოიმატა ფქვილისა და პურპროდუქტების ფასმა, უმნიშვნელოდ, 5-20 თეთრის ფარგლებში, გაძვირდა სურსათი, ხილი, ბოსტნეული. გაჩნდა ზოგიერთი პროდუქტის დეფიციტიც.

[მოქალაქე] "სხვათა შორის, ძალიან ბევრი რამე არ არის ბაზრობაზე. მაგალითად, რუსეთის პეჩენიები, კილკა, შპროტი, ძალიან ბევრი რაღაცა,ასე იმათ ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ძაან ბევრი რაღაცეები არ არის. ნუ, რაც ფირმებს შემოაქვთ, იქ კიდევ არი და რუსეთიდან შემოტანილი საქონელი არაფერი არ არის."(სტილი დაცულია)

თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსული კონტრაბანდული საქონლის ძირითადი გამტარი და წყარო ერგნეთის ბაზრობა იყო, გასაგები ხდება, რატომ შეიქმნა დეფიციტი რუსული წარმოების საქონლის ზოგიერთ სახეობაზე.

[მოქალაქე] "მაგრამ, ჩემი აზრით, მაინც აუცილებელია კონტრაბანდასთან ბრძოლა. იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს ჰქონდეს ტკბილი და მშვიდი ცხოვრება. მე ამის მომხრე ვარ, ყველაფერი წესრიგში იყოს საქართველოში და გაუმჯობესდება უფრო ყველაფერი."(სტილი დაცულია)

მომავლის იმედად მყოფ მოქალაქეებს განსაკუთრებით აწუხებთ ფქვილსა და პურზე გაზრდილი ფასები. კონტრაბანდასთან ბრძოლის მასშტაბების მიუხედავად, ეს პრობლემა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს წამოიჭრა. ახლა პურის საცალო წონა ყოველდღიურად მცირდება. მოსახლეობა თავს არ იტყუებს, მაგრამ მაინც მოტყუებული რჩება.

[მოქალაქე ] "ერთი ეგ არის, რომ პური დაიაფდეს, რომ ნორმალური ფასი დაედოს პურს. ვითომ პური არ გაძვირდა და, ამ დროს, წონაში დააკლეს და ფასი იგივე დარჩა. აი, ძაან ძვირია უკვე პური. 100 გრამი რომ დააკლდება პურს, უკვე რაღაცას ნიშნავს."(სტილი დაცულია)

პური, ჩაი, ყავა, ძეხვეული, რუსული რძის ნაწარმი, ალკოჰოლური სასმელები -ესაა საკვები პროდუქტების ის მოკლე ჩამონათვალი, რომელზე ფასები ზრდას თავად მომხმარებელი აღნიშნავს. ექსპერტები ასე არ მიიჩნევენ:

[გიორგი ლალიაშვილი] "ფასები არ გაზრდილა ჯერჯერობით, ანუ რაიმე ისეთი მკვეთრი ცვლილება, რომელიც შეიძლება დავუკავშიროთ კონტრაბანდას, ასეთი არ ყოფილა. თუმცა პერსპექტივაში, ბუნებრივია, რაც უფრო გამკაცრდება საგადასახადო ადმინისტრირება, გარკვეული ზრდა ფასების აუცილებლად იქნება."
როგორც ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკურ გამოკვლევათა და მონეტარული პოლიტიკის სამმართველოს უფროსი გიორგი ლალიაშვილი შენიშნავს, ფასების ზრდას ტენდენციის ხასიათი არ ექნება და ინფლაციას არ გამოიწვევს. რაც შეეხება არსებულ ვითარებას, იანვარში ფასების ზრდამ 0, 4 პროცენტი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლების ანალოგიურ პერიოდში, საშუალოდ, 2 პროცენტს უტოლდებოდა.
XS
SM
MD
LG