Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარი შეკითხვა რუსეთის მთავრობის გადაყენების შემდეგ


სამშაბათს რუსეთში მოხდა ის, რაც თავისთავად მოსალოდნელი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორიოდე კვირა რჩება, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა:

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაითხოვა პრემიერ-მინისტრი მიხაილ კასიანოვი და მთავრობა. [ანდრეი პიონტკოვსკის ხმა] "ყველასათვის ნათელი იყო, რომ კასიანოვს გადააყენებდნენ. ბოლოხანს ის პუტინისაგან საკმაო დამოუკიდებლობას ამჟღავნებდა, მე ვიტყოდი "გათამამდა" - განსაკუთრებით მიხაილ ხოდორკოვსის საქმეში. მაგრამ ის, რომ კასიანოვი ახლა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაითხოვეს, რუსეთის ხელმძღვანელობაში კრიზისის არსებობაზე მოწმობს. ვფიქრობ, ეს უკავშირდება საარჩევნო კამპანიას, რომელიც სულ უფრო ემსგავსება ფარსს. ვფიქრობ, კასიანოვის გადადგომას პუტინი გამოიყენებს, საარჩევნო კამპანიის ბოლოს, თავისი, როგორც ოლიგარქებთან მებრძოლის იმიჯის წარმოსაჩენად" - ასეთ შეფასებას იძლევა რუსი პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი.

როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა, სერგეი დანილოჩკინმა შეიტყო, ბევრი სხვა მიმომხილველიც იზიარებს მოსაზრებას, რომ მიხაილ კასიანოვის გადაყენება მასსა და პრეზიდენტ პუტინს შორის ხანგრძლივ უთანხმოებას მოჰყვა. თუმცა, რატომ გადააყენეს პრემიერ-მინისტრი - დღეს დიდ ინტერესს არ იწვევს. გაცილებით უფრო აქტუალური ჩანს შეკითხვა - ვის დანიშნავენ მის ადგილას?

ვლადიმირ პუტინმა, სამშაბათს, როცა გამოაცხადა მთავრობის გადაყენების შესახებ, პირობა დადო, რომ მალე წარადგენს ახალი მთავრობის შემადგენლობას: [ვლადიმირ პუტინის ხმა] "სწორად მიმაჩნია ახლავე, საარჩევნო კამპანიის დამთავრებამდე დასახელდეს უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს შემადგენლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში თავის წილ პასუხისმგებლობას იკისრებს".

ამ გეგმის განსახორციელებლად პრეზიდენტ პუტინს 2 კვირა რჩება - საპრეზიდენტო არჩევნები, შეგახსენებთ, 14 მარტს გაიმართება. ჯერ-ჯერობით ცნობილია ის, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრემიერი ბორის ხრისტენკო დაინიშნა და მინისტრები დროებით განაგრძობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას. რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში კი ყურადღების ცენტრში მოექცა შეკითხვა "ვინ გახდება ახალი პრემიერ-მინისტრი?" - ზოგის ვარაუდით არა მარტო პრემიერ-მინისტრი, არამედ პუტინის პოლიტიკური მემკვიდრე...

შესაძლო კანდიდატებს შორის ასახელებენ ლიბერალური ორიენტაციის ალექსეი კუდრინს, რომელიც ამჟამად ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერია - ისევე როგორც სერგეი ივანოვს, თავდაცვის მინისტრს, რომელიც, როგორც ცნობილია, მკაცრი კურსის მომხრედ ითვლება. გაზეთი "ვედომოსტი" კი ირწმუნება, რომ კრემლიდან ანონიმური წყაროს ინფორმაციით, პუტინი წარადგენს კანდიდატურას, რომელიც მასმედიისათვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდება.

ასეა თუ ისე, არის მოსაზრებაც, რომ არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გახდება ახალი პრემიერ-მინისტრი. [სერგეი ივანენკოს ხმა] "ვერ წარმომიდგენია თუნდაც შედარებით დამოუკიდებელი მთავრობა რუსეთში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში - ერთი პარტიის მონოპოლიის, საინფორმაციო საშუალებათა შევიწროვების პირობებში, როცა არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი ბიზნესი. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ჩაუდგება სათავეში მთავრობას. ვფიქრობ, ეს იქნება როგორც ადრე, პრეზიდენტის და არა რუსეთის მთავრობა".

ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს ლიბერალურ პარტია "იაბლოკოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგეი ივანენკო დისკუსიაში იმის შესახებ, თუ ვინ გახდება რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მიხაილ კასიანოვის გადაყენების შემდეგ.
XS
SM
MD
LG