Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსაფრთხოების სფეროში ამერიკის დახმარება გრძელდება


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 26 თებერვალს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს განზრახულობათა მემორანდუმს. მემორანდუმი განსაზღვრავს

სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გასაწევი დახმარების საფუძველსა და სტანდარტებს. მემორანდუმის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას ანტიტერორისტული დახმარების პროგრამის მეშვეობით შეეწევა.

1994 წლიდან, ანტიტერორისტული დახმარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 528 სახელმწიფო მოსამსახურემ გაიარა სასწავლო კურსები. მათი საერთო ღირებულება ოთხ-ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენს. სასწავლო კურსები და წვრთნები განსაკუთრებით ინტენსიური გახდა 2001 წლის მარტის შემდეგ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიცია მოლერმა ჩამოთვალა ის სასწავლო კურსები, რომელთაც მომავალში ქართველი მოხელეები გაივლიან:

[მოლერის ხმა] "ქართველებისთვის საწვრთნელი კურსები მოიცავს ნავთობსადენის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, აეროპორტის უსაფრთხოების მენეჯმენტს, ტერორიზმის შემთხვევათა ადგილზე გამოძიებას, მძევალთა გასათავისუფლებლად მოლაპარაკების წარმართვას, ინციდენტების მოგვარებას. სწავლებაში ჩართული იქნებიან შეერთებული შტატების საბაჟო დეპარტამენტის, გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები და სხვები."

დახმარების ახალ საფეხურზე პირველი ნაბიჯი ამერიკელებმა უკვე გადადგეს: სახელმწიფო დეპარტამენტის სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციის, ასევე ალკოჰოლის, თამბაქოსა და ცეცხლსასროლი იარაღის ბიუროს წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს სამართალდამცავ და უსაფრთხოების უწყებათა წარმომადგენლებს. ქართულ-ამერიკული ურთიეთქმედება მარტშიც გაგრძელდება.

[მოლერის ხმა] "შემდეგ თვეში საქართველოს მთავრობის 24 შერჩეული წარმომადგენელი ჩაერთვება შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის სასწავლო კურსებში. ეს არის პირველადი რეაგირების სასწავლო კურსი და გათვალისწინებულია იმ ოფიციალური პირებისათვის, რომელთა მოვალეობა იქნება სათანადო ზომების მიღება თბილისში, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შემთხვევაში."

ქართული მხარის სახელით განზრახულობათა მემორანდუმს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზაზა კანდელაკმა. ხსენებულ აქტს მინისტრის მოადგილემ უწოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ორი ქვეყნის ურთიერთობაში და დასძინა:

[კანდელაკის ხმა] "ამერიკის შეერთებულ შტატებს სამწუხარო გამოცდილება აქვს: ვგულისხმობ 11 სექტემბრის მოვლენებს. მაგრამ ეს გამოცდილება ძალზე მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსათვის. ამ მხრივ, საქართველო ყოველნაირად შეეცდება გამოიყენოს ეს გამოცდილება და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, ამასთან, სერიოზული ნაბიჯები გადადგას, საერთოდ, რეგიონის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, აშშ-ის, მთავრობის დახმარებით."

როგორც ჩანს, მომავალში შეერთებული შტატების დახმარება ხუთშაბათს ხელმოწერილი დოკუმენტით არ შემოიფარგლება. ხელმოწერისას ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობა მზადაა, კვლავაც გაუწიოს დახმარება საქართველოს სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროთა რეფორმირებასა თუ გაძლიერებაში.
XS
SM
MD
LG