Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების მოახლოებასთან ერთად აჭარაში პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო ძლიერდება


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ცენტრს შორის ურთიერთობათა მოწესრიგების მცდელობა რომ მოჩვენებითი იყო,

ეს ბათუმში "კმარას" აქტივისტებისა და თბილისში ბათუმელი სტუდენტების დაკავების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმაც აჩვენა. ასლან აბაშიძის მხარდამჭერმა სტუდენტებმა დედაქალაქში სტუმრობაზე ხელი აიღეს და ცენტრალურ ხელისუფლებას უნდობლობა გამოუცხადეს, თავად აბაშიძეს კი კიდევ ერთი მიზეზი მიეცა საიმისოდ, რომ თბილისში არ ჩამოვიდეს და პოლიტიკური ხელშეუხებლობის გარანტიები მოსკოვში ეძებოს.

გაუკეთა რა კომენტარი თბილისში დაკავებული 2 ბათუმელი სტუდენტისა და ბათუმში დაკავებული მოძრაობა "კმარას" 2 აქტივისტის გათავისუფლების ფაქტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურმა ასლან აბაშიძემ ბათუმში განაცხადა,"სამწუხაროდ, ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მძევლების გაცვლისას ხდებაო." ამ განცხადების შემდეგ ასლან აბაშიძემ გეზი მოსკოვისკენ აიღო, სადაც ის რუსეთის დედაქალაქის მერს იური ლუჟკოვს შეხვდა.

ავტონომიის მეთაურის მოსკოვში ვიზიტის მთავარ მიზნად რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება სახელდება. თუმცა ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული რეგიონის ლიდერის თითქმის ყველა ნაბიჯი, გადადგმული მოსკოვის მიმართულებით, პოლიტიკური ხასიათისაა. თუნდაც აჭარის ბიუჯეტის ხარჯზე რუსეთიდან უწყვეტი ელექტროენერგიის შესყიდვა, ელექტროენერგიისა, რომელიც აჭარის მოსახლეობას 3 თვის მანძილზე უფასოდ მიეწოდება. აბაშიძის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თამაზ დიასამიძის, განცხადებით, ეს წინასაარჩევნო ნაბიჯია:

[თამაზ დიასამიძის ხმა]

სწორედ ეს არის ასლან აბაშიძის მთავარი წინასაარჩევნო კოზირი, თუმცა მისი ოპოზიცია აცხადებს, აჭარის მოსახლეობა ყველაფერს ხედავს და ყველაფერი საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდებაო. სწორედ ამიტომ ოპოზიციის ძირითადი ყურადღება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისკენაა მიპყრობილი. თამაზ დიასამიძის განცხადებით, ამ ბრძოლაში ოპოზიციამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და საარჩევნო კომისიათა მდივნების საერთო რაოდენობის 90 პროცენტის დაკომპლექტება შეძლო.

თუ ჯერჯერობით ამ პოლიტიკურ ბრძოლას აჭარის ხელისუფლება დროებით დაპატიმრებებსა და ოპოზიციონერთა დარბევებს უპირისპირებს, არჩევნების მოახლოებასთან ერთად სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვაა მოსალოდნელი. ამას ვარაუდობს როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლებაც. ასლან აბაშიძის პრესმდივნის თამარ გუდავას განცხადებით, წინასაარჩევნოდ ოპოზიცია პროვოკაციებს მოაწყობს:

[თამარ გუდავას ხმა]

თუ რა პროცესებში გადაიზრდება აჭარის ავტონომიის ხელისუფლებასა და ცენტრს შორის გაჩაღებული ეს ცივი ომი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უფრო ნათელი გახდება.
XS
SM
MD
LG