Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უქადის ქვეყანას უშიშროების სამინისტროს დეპროფესიონალიზება?


საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ 100 დღიანი მოღვაწეობა, ძირითადად, საკადრო რეფორმას მოანდომა. აღმასრულებელი სტრუქტურის ყველა საკვანძო თანამდებობა ამ დროისათვის ახალი

კადრებით არის დაკომპლექტებული. ამასთან, ფაქტია ისიც, რომ ზოგიერთ - მაგალითად, უშიშროების სამინისტროს - შემთხვევაში ხელისუფლებამ შეგნებულად თქვა უარი ყბადაღებულ პროფესიულ გამოცდილებაზე და კადრების შერჩევის დროს უპირატესობა კანდიდატის ახალგაზრდულ შემართებასა და პატიოსნებას მიანიჭა. მაგრამ დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, თუ სამოქალაქო უწყების შემთხვევაში სრული საკადრო როტაცია ნაკლებ რისკთან არის დაკავშირებული, ე.წ. ძალისმიერ სამინისტროებში მართვის დეპროფესიონალიზებას, შესაძლოა, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის შესუსტება მოჰყვეს.


უშიშროების სამინისტროს მიმართ საქართველოს ყველა ხელისუფლებას ორჭოფული დამოკიდებულება ჰქონდა: ზვიად გამსახურდიაც და ედუარდ შევარდნაძეც ფიქრობდნენ, რომ ქვეყანას აუცილებად უნდა ჰქონდეს ასეთი სამინისტრო, ოღონდ არ ენდობოდნენ საბჭოთა სუკის სკოლაგამოვლილ კადრებს. თუმცა, პრობლემის სპეციფიკურობის გამო, არც ერთ ამ ლიდერს არ გაუტარებია რადიკალური საკადრო ცვლილება. მიხეილ სააკაშვილმა გაპრეზიდენტების პირველივე დღეებიდან გადაწყვიტა წერტილი დაესვა ამ ორჭოფული მდგომარეობისათვის და უშიშროების სამინისტროს მმართველობა სრული ასი პროცენტით გადაახალისა. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ უშიშროების სამინისტროს სათავეში აღმოჩნდა იუსტიციის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობა - პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ადეიშვილი, მისი მოადგილე გიგი უგულავა და ამირან მესხელი, რეგიონული არასამთავრობო სექტორიდან. უშიშროების სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელებმა, თავის მხრივ, ყველა დეპარტამენტისა და განყოფილების უფროსს მალევე დააწერინეს განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. თუმცა განთავისუფლებულებს შორის აღმოჩნდნენ დასავლეთის სპეციალურ სასწავლებლებში სკოლაგავლილი ახალგაზრდა ოფიცრები, რომელთა უმუშევრად დატოვებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი გაუმართლებელ საკადრო გადაწყვეტილებას უწოდებს:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "ნებისმიერი სერიოზული უშიშროების თანამშრომელი, რომელიც ატარებს ინფორმაციებს, ინფორმაციებთან ერთად არის მატარებელი კონტაქტების გარკვეული ქსელის. და როდესაც სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ქუჩაში აგდებს და, ყოველგვარი სამართლიანი პრინციპების გარეშე, ტოვებს ქუჩაში, ფაქტიურად ის ხდება მისი მოწინააღმდეგე. სახელმწიფოსთვის, ქვეყნისთვის ეს არის დამაზარალებელი."(სტილი დაცულია)

ამავე მოსაზრებას იზიარებს დამოუკიდებელი ექსპერტი დავით ბაზღაძე, რომელმაც 3 წლის წინ დაიწყო უშიშროების სამინისტროს რეფორმირების გეგმაზე მუშაობა. გეგმის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ მომხდარიყო უშიშროების სამინისტროს ბაზაზე თანამედროვე სპეცსამსახურის ჩამოყალიბება და იგი განთავისუფლებულიყო ეკონომიკური დანაშაულების გამოძიების ფუნქციისგან. დავით ბაზღაძე ამბობს, რომ იგი მხარს უჭერდა "ვარდების რევოლუციას", მაგრამ უშიშროების სამინისტროს ტოტალური დეპროფესიონალიზების გამო იმედგაცრუებულია:

[დავით ბაზღაძის ხმა] "დამანებე თავი, თუ ძმა ხარ. ვინ რას შემეკითხა? მე ისეთი შთბეჭდილება შემექმნა, რომ აღარავინ არაფერს აღარ კითხულობს."

თუმცა ნაკლებად პესიმისტურად არის განწყობილი უშიშროების სამინისტროში მიმდინარე ცვლილებების მიმართ ექსპერტი დავით დარჩიაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ უშიშროების სამინისტროს მუშაკთა ის გამოცდილება, რაზეც აპელირება კეთდება, არ არის შესაფერისი ახალი საქართველოსთვის:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] "მე ამ ხელისუფლების ქმედება რაღაც შეკითხვებს აღმიძრავს, მაგრამ ამ შემთხევაში ამ შეშფოთებას ცალსახად ვერ შევუერთდებოდი, იმიტომ რომ ის გამოცდილება, რაც უშიშროების სამინისტროში იყო, არ არის შესაფერისი ახალი საქართველოსთვის. სრული გამოუცდელობა, დავეთანხმები, ასევე საშიშია. მაგრამ ამ გარდამავალ ეტაპზე თუ მოხერხდა ურთიერთობა დასავლეთის სტრუქტურებთან, კარგი ხალხი უნდა შეირჩეს და გაიგზავნოს სასწავლებლად. თავიდან არის ეგ სტრუქტურა ასაშენებელი."

თუ რა ტაქტიკა აქვს აღებული უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელობას, უცნობია. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, უშიშროების სამინისტროს აღარ ჰყავს სპოუქსმენი და დროებით შეწყვეტილია ჟურნალისტებთან შეხევდრის ტრადიცია, რასაც ძველი ხელმძღვანელობის დროს ჩაეყარა საფუძველი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG