Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის ახალმა სისტემამ მოსახლეობას დამატებითი პრობლემები შეუქმნა


უამრავ სოციალურ პრობლემასთან შეჭიდებულ უბრალო მოქალაქეებს ამიერიდან ყოველთვიურად კიდევ ერთი სირთულის გადალახვა მოუწევთ. პენსიების, ხელფასებისა და ელექტროენერგიის საფასურის

გადასახდელად რიგებში დგომასთან ერთად, თბილისელთა დიდი ნაწილი ბუნებრივი აირის საფასურს ისე ვერ დაფარავს, თუ გრძელ რიგში დგომა არ ინება. "თბილგაზის" მმართველმა ამხანაგობამ "ახალმა მენეჯმენტმა" ბუნებრივი აირის საფასურის ამოღების გასაუმჯობესებლად თანხის გადახდის სისტემა შეცვალა და, ინკასატორების დრომოჭმული ინსტიტუტის ნაცვლად, მომხმარებელთან ურთიერთობა საბანკო სისტემას მიანდო.

ინკასატორების ინსტიტუტი იყო "თბილგაზში" არსებული კორუფციისა და ზარალის მთავარი წყარო. "თბილგაზის" წარმომადგენლის ლევან ფურცელაძის განცხადებით, ინკასატორების უმრავლესობა მომხმარებლებიდან ამოღებულ თანხას ჯიბეში იდებდა:

[ლევან ფურცელაძის ხმა] "მე მიჭირავს ხელში ზუსტად ეგეთი დოკუმენტი, სადაც მოქალაქეს გადახდილი აქვს 548 ლარი და ჩვენი ქვითრით, თბილგაზის ქვითრით, შემოსულია 5 ლარი და 48 თეთრი."

ახალი სისტემის მიხედვით, თბილგაზის თანამშრომელი მომხმარებელთან მხოლოდ მრიცხველის ჩვენების აღსარიცხავად მიდის. ამ მონაცემის საფუძველზე, "თბილგაზის" ცენტრალურ ოფისში მზადდება ქვითარი, რომელიც აბონენტამდე კურიერის საშუალებით აღწევს.

ქვითრის მიღებიდან რამდენიმე დღეში მომხმარებელი ვალდებულია გადასახადი ქვითარში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში გადაიხადოს. სწორედ აქ იწყება უბრალო მოქალაქეების პრობლემები, რომლებსაც საათობით უწევთ დგომა ბანკის ფილიალების წინ მოწყობილ რიგებში. მე რიგში ჩამდგარ რამდენიმე მოქალაქეს გავესაუბრე:

[მოქალქეების ხმა] "მე პირადად გამირთულდა საქმე, იმიტომ რომ, აი, ვდგავარ ახლა რიგში. გუშინ მოვედი სამსახურიდან და ვერ შევძელი გადახდა, ახლაც მოვედი და ვდგავარ.

არა, რიგში დგომა არ არის სასიამოვნო, მაგრამ მე ვთვლი, რომ დანაკარგი ნაკლები იქნება. იმიტომ რომ ეს თანხები, რაც იკრიფებოდა, იქიდან, მე მგონი, 80 პროცენტი იკარგებოდა."

მოქალაქეების მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ თანხების დამალვას ასეთი ცვლილება ვერაფერს უშველის, რადგან მომხმარებელსა და მრიცხველის აღმრიცხავს შორის გარიგება ისევაა შესაძლებელი:

[მოქალაქის ხმა] "მე მგონი, უაზრობაა ეს."

თუმცა "თბილგაზის" მომხმარებელთა უმრავლესობას ყველაზე მეტად მაინც ის აწუხებს, რომ თანხის გადახდა ყველა ბანკში არ შეუძლიათ.

"თბილგაზის" წარმომადგენელი ლევან ფურცელაძე ირწმუნება, რომ აბონენტს მოხმარებული გაზის საფასურის გადახდა რამდენიმე ბანკის 36 ფილიალში შეუძლია. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ მოქალაქეები:

[მოქალაქეების ხმა] "ისედაც რიგი დგას, იმიტომ რომ ცოტაა, ალბათ, ადგილები, სადაც შეიძლება გადახდა. საბურთალოზე წერია 5 ადგილი."

სანამ "თბილგაზის" მმართველი ამხანაგობა "ახალი მენეჯმენტი" ძველი სისტემის ახალი, უფრო ეფექტური სისტემით შეცვლას მოახერხებს, მანამდე უბრალო მოქალაქეებს უსათუოდ მოუხდებათ ახალი ექსპერიმენტებით გამოწვეული დისკომფორტის მოთმენა.
XS
SM
MD
LG