Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალის როლი სახელმწიფო სამსახურში


როგორ ართმევენ თავს ქართველი ქალები სახელმწიფო სამსახურს, რამდენად აქტიურად არიან ისინი ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რა დატვირთვა აქვს მათ მონაწილეობას სხვადასხვა

მნიშვნელოვან პროცესებში და რამდენად ჩრდილავენ საქმეში ისინი მამაკაცებს? 3 მარტს, დედის დღეს, მე შევეცადე ამ კითხვებზე პასუხი მიმეღო, რის შედეგადაც გაირკვა, რომ საპასუხისმგებლო საქმეებს თურმე ქართველი ქალები უფრო უკეთ ართმევენ თავს, ვიდრე მამაკაცები, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობაშიც კი პოლიტიკოსი ქალები გაცილებით ნაკლებად კეკლუცობენ, ვიდრე მამაკაცები. გაირკვა ისიც, რომ ქალების სხვადასხვა თანამდებობაზე წარმოჩენის იდეას მარტო საქართველოს პრეზიდენტი არ მიესალმება.

[კოტე ყუბანეიშვილის ხმა] "ჩვენ არ ვაფასებთ, ქართველები, თორემ უცხოელებისგან გამიგია, რომ მშვენიერი ქალები გვყავს. ქალები რაც მეტი იქნებიან და რაც უფრო კარგ თანამდებობებზე იქნებიან, მით უკთესი არ იქნება? ვიღაც კაც "ზანუდა" მინისტრთან მისვლას, კარგ ქალთან მისვლა არ სჯობია?!"

ეს იყო კოტე ყუბანეიშვილი. საინტერესოა, ქართველი მამაკაცების რა რაოდენობა იზიარებს მის შეხედულებას. მათი ნაწილი სახელმწიფო სამსახურში ძლიერი სქესის უპირატესობას რომ აღიარებს, ამას მოწმობს ფაქტი, რომელიც ჩვენთან საუბრისას თბილისის საგზაო პოლიციის უფროსმა გია ბერაძემ აღნიშნა:

[გია ბერაძის ხმა] " გვინდოდა ქალბატონების საშტატო ერთეულის გაზრდა, მაგრამ წინააღმდეგობა შეგვექმნა და დავჯერდით 4 საშტატო ერთეულს. 4 ქალბატონი დავტოვეთ."

თბილისის საგზაო პოლიციაში მხოლოდ 4 ქალბატონი მუშაობს, არადა, გია ბერაძის თქმით, ისინი მამაკაც პოლიციელებზე ნაკლებად კი არა, მეტად ართმევენ საქმეს თავს. ირკვევა, რომ საქმეში ქალები მამაკაცებს სჯაბნიან სასამართლო ხელისუფლებაში, სადაც ქალების ყველაზე რეკორდული რაოდენობაა წარმოდგენილი. გადაწყვეტილებები, რომლებსაც სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობა აუმაღლებია, ძირითადად, მოსამართლე ქალის მიერ არის მიღებული. რატომ ხდება ასე, ამის ახსნა მოსამართლე ქალბატონს, ნინო გვენეტაძეს, ვთხოვე:

[ნინო გვენეტაძის ხმა] "ვფიქრობ, ყველაფერი ის, რაც ქალის საწყისშია, აქ ხელს კი არ გვიშლის, პირიქით, გვეხმარება. შეხედულება, რომ მამაკაცი უფრო ძლიერია, ზოგადად, ამ შემთხვევაში არ არის გამართლებული, იმიტომ რომ გადაწყვეტილების მიღებას ბევრი რამ სჭირდება: შინაგანი მზადყოფნა, სიძლიერე შინაგანი, თუნდაც ის ემოციურობა, რაც ქალს აქვს, გაბედულება. მე ვფიქრობ, რომ ქალი უფრო კარგად გათვლილ გადაწყვეტილებას იღებს. "

ქალის როლი განსაკუთრებულია პოლიტიკაშიც - ასე ფიქრობს სახელისუფლებო ძალის საარჩევნო სიის პირველი ნომერი მაია ნადირაძე. და აი, რატომ:

[მაია ნადირაძის ხმა] "ისინი ცვლიან დამოკიდებულებას მათდამი და იმ საკითხისადმი, რომელსაც აყენებენ. ვთქვათ, 5 კაციანი ჯგუფი მსჯელობს და ამ ჯგუფში არიან კაცები და 2 ქალი, ლექსიკაც იცვლება, გამოხატვის ფორმაც, საკითხებისადმი დამოკიდებულებაც."

აღნიშნულის მიუხედავად, პოლიტიკის სფეროში ქალები აშკარა უმცირესობაში არიან. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, მამაკაცი პოლიტიკოსებისგან რამდენად განსხვავებული რესპონდენტები არიან ისინი, და ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანია მეცხრე არხის ჟურნალისტს ეკა ფირცხალავას გავესაუბრეთ:

[ეკა ფირცხალავას ხმა] " ქალი პოლიტიკოსები უფრო მოკლე პასუხებს იძლევიან, ვიდრე მამაკაცები. ქალი პოლიტიკოსები არასდროს არ გარბიან, მამაკაცები - პირიქით. ქალი პოლიტიკოსები ნაკლებად კეკლუცები არიან, ვიდრე ქალები. მამაკაცები ხშირად კითხულობენ, ჰალსტუხი გასწორებული აქვთ თუ არა, ან თმები, ქალები კი გაცილებით სწრაფად მოიწესრიგებენ ხოლმე თავს, დასხდებიან და გესაუბრებიან. ქალი პოლიტიკოსები არ გეჭორავებიან."
XS
SM
MD
LG