Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივანი სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს


უკვე მესამე თვეა, რაც იაპ დე ჰუპ სხეფერი ნატოს გენერალური

მდივანია. "რადიო თავისუფლებას" ის ალიანსის დღევანდელ პრიორიტეტებზე ესაუბრა, რომელთა შორის უპირველესი ავღანეთია. ნატოს გენერალური მდივანი უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს რუსეთთან ურთიერთობას, სადაც დღესაც დიდი პრობლემებია და ერთ-ერთი მათ შორის სამხრეთი კავკასიის საკითხი გახლავთ. სწორედ ამ საკითხებზე გესაუბრებით "ახალი ევროპის" დღევანდელ გამოშვებაში:

"ნატოს არა აქვს ავღანეთში დამარცხების უფლება", - აცხადებს სხეფერი და აზუსტებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავღანეთში მოღვაწეობას ორ-სამ წელიწადში ვერ დაასრულებს.

გასული წლის ზაფხულში ნატომ გადაიბარა გაეროს მანდატით მოქმედი 4500 კაციანი საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის ძალების - ე.წ. "ისაფის" ხელმძღვანელობა ავღანეთში.

იაპ დე ჰუპ სხეფერი არ აზუსტებს თუ რა ჩაითვლება ნატოს წარმატებად ავღანეთში, აგრეთვე იმას, თუ რა წარმოადგენს იქ ნატოს შუალედურ ამოცანას. შორეული გეგმა ასე თუ ისე ნათელია - სტაბილიზაცია და დემოკრატიული სისტემის შექმნა ქვეყანაში, მაგრამ შუალედურ მიზანს რაც შეეხება - ჯერჯერობით ბუნდოვანია და ავღანეთში ნატოს მოქმედების არეალის გაფართოებით თუ შეიძლება განისაზღვროს. ჩვენს რადიოსთან საუბარში ნატოს გენერალურმა მდივანმა ასეთი სურათი დახატა:

[სხეფერის ხმა]
"ნატო ცდილობს ავღანეთში უფრო მეტი რეგიონი მოიცვას, ვიდრე მხოლოდ ქაბულია. კუნდუზი არის პირველი ქალაქი, სადაც პირველი ე.წ. პროვინციის აღდგენის ჯგუფი შევიდა და სადაც ვითარებაზე პასუხისმგებლობა "ისაფმა" აიღო. ნატოს სურს რაც შეიძლება ბევრი ასეთი ჯგუფი ყავდეს "ისაფის" ეგიდით ავღანეთში. ნატოს ამოცანაა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევა - არ ვიტყვი მთელ ქვეყანაში-თქო - მაგრამ იმ რეგიონებში, სადაც ნატო იმყოფება და დღემდე ეს მხოლოდ ქაბული გახლდათ. ჩვენ ვცდილობთ გვყავდეს პროვინციის აღდგენის მეტი ჯგუფი და განვავრცოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა პროვინციებში, რაც უკვე დავიწყეთ კიდეც ჩრდილოეთიდან".

გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ უსაფრთხოების დონე ავღანეთში არ იძლევა იმის საშუალებას, რომ შემოდგომამდე იქ მეტ-ნაკლებად ობიექტური არჩევნები ჩატარდეს. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში ივნისისთვის არის დაგეგმილი.

თუმცა, არჩევნები ავღანეთის მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემაა. სერიოზულ საკითხს იქ ნარკოტიკებით ვაჭრობა წარმოადგენს. ამ გზით მიღებული შემოსავალი ავღანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარს უტოლდება.

იაპ დე ჰუპ სხეფერი, მართალია, აღიარებს, რომ ნარკოტიკების პრობლემა პირდაპირ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ავღანეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, მაგრამ აღნიშნავს, რომ ნატო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც ვღანეთში ხდება, იმავე ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლაზე:

[სხეფერის ხმა]
"უნდა გვესმოდეს, რომ ნატო, ან იგივე "ისაფი" არ არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ავღანეთში ხდება. ეს ნამდვილად არ არის ჩვენი ამოცანა. ნარკოტიკების გავრცელების პრობლემასთან ბრძოლა არ შედის "ისაფის" მანდატში. იცით, რომ ამ საკითხში წამყვანი როლი დიდ ბრიტანეთს და გაეროს აქვთ აღებული. გარდა ამისა, ნარკოტიკების პრობლემის აღმოფხვრა უპირველეს ყოვლისა ავღანეთის მთავრობისა და პრეზიდენტ კარზაის პასუხისმგებლობაა. მოდით, ნუ ავურევთ მანდატებს".

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი ჩვენს რადიოსთან საუბარში შეეხო, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, კერძოდ კი შეერთებული შტატების ბოლოდროინდელი მცდელობა გახლავთ. შტატების ხელისუფლება კი ცდილობს ხორცი შეასხას ახლო აღმოსავლეთის მოდერნიზაციის გლობალურ ინიციატივას.

[სხეფერის ხმა]
"ნატო მხარს უჭერს "ფართო ახლო აღმოსავლეთის" ინიციატივას, უფრო ზუსტად - ინიციატივებს. ნატოს აქ შეუძლია ფასეული როლის შესრულება. რა თქმა უნდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ არის ევროკავშირი, ან ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, მაგრამ მას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ამ ინიციატივების განხორციელებაში. მე ძალიან დადებითად ვუყურებ "ფართო ახლო აღმოსავლეთის" ინიციატივებს, მაგრამ ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ რეგიონში უნდა შენარჩუნდეს საკუთრების ფაქტორი - მე მინდა ვიცოდე რა სურთ თავად რეგიონის ქვეყნებს".

სხეფერი აღნიშნავს, რომ ნატოს ამოცანა ახლო აღმოსავლეთში არ არის ბოლომდე ნათელი და ივნისში სტამბოლში დაგეგმილ სამიტზე ამ საკითხზეც იქნება მსჯელობა.

უდაოა, რომ ნატოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობაა. 2 აპრილისთვის დაგეგმილი 7 ახალი წევრის მიღება კიდევ უფრო ამწვავებს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხს.

ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია შეუძლებელი იქნება მანამდე, სანამ რუსეთი არ შეასრულებს 1999 წლის სტამბოლის სამიტის შეთანხმებებს და არ გაიტანს ბაზებს მოლდოვიდან და საქართველოდან.

რუსეთი თავის მხრივ ბაზების გატანას ბალტიის ქვეყნებში ნატოს ბაზების შესაძლო განლაგებას უკავშირებს. ანუ ის მანამდე არ აპირებს მოლდოვიდან და საქართველოდან გასვლას, ვიდრე არ მიიღებს ნატოს გარანტიას, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში არ განლაგდება ნატოს სამხედრო ბაზები. იაპ დე ჰუპ სხეფერი რუსეთს "კერკეტ კაკალს" უწოდებს და იმედი აქვს, რომ მარტის ბოლოს მოსკოვში ვიზიტისას ნაწილობრივ მაინც შეძლებს რუსეთის პოზიიების შერბილებას.

ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის მორიგი მიზეზი სამხრეთი კავკასიაა. ამ რეგიონის შესახებ გენერალური მდივანი ამბობს:

[სხეფერის ხმა]
"სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობა ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ნატოს გააჩნია მთელი რიგი საშუალებები რეგიონის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. ნატო კვლავას განაგრძობს ღია კარის პოლიტიკას".

რაც შეეხება ჩვენი რადიოს შეკითხვას აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში ნატოს სამშვიდობო ძალების შეყვანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, იაპ დე ჰუპ სხეფერმა განაცხადა, რომ ეს შორეული პერსპექტივაა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG