Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასლან აბაშიძე და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს 18 მარტს ბათუმში შეხვდებიან


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბათუმში ჩასვლამ შედეგი გამოიღო. ნინო ბურჯანაძემ აჭარის მეთაური ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დაიყოლია.

ასლან აბაშიძის და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ბათუმში 18 მარტს შედგება. სავარაუდოდ, ამ შეხვედრის შემდეგ აჭარის რეჟიმის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციებიც მოიხსნება.

ასლან აბაშიძესთან შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარეს ბათუმში უშიშროების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ახლდა. უზენაესი საბჭოს შენობაში აჭარის მეთაურთან მოლაპარაკება მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის თანადასწრებით მიმდინარეობდა, შენობას კი შეიარაღებული ნიღბოსნები იცავდნენ. 18 მარტს ჩოლოქთან გავლებულ ადმინისტრაციულ საზღვარს უწინდებურად ამაგრებდნენ ასლან აბაშიძის შეიარაღებული და შეუიარაღებელი მხარდამჭერები. რა შეცვალა ნინო ბურჯანაძისა და ასლან აბაშიძის შეხვედრამ ქვეყანაში, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე მივიდა?

შეხვედრა, რომელზეც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და აჭარის მეთაურს შორის მედიატორის როლს მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ასრულებდა, 7 საათს გაგრძელდა. შეხვედრის წინ ნინო ბურჯანაძეს ჰქონდა იმედი, რომ ასლან აბაშიძეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე დაიყოლიებდა და იმედი გაუმართლდა კიდეც. 18 მარტს ბათუმში პრეზიდენტს ელიან. ის ვერტმფრენით ფოთში ჩავა და იქიდან ბათუმისკენ ავტომანქანების კორტეჟით ჩოლოქის გავლით გადაადგილდება. ჩოლოქთან კი 17 მარტს ისევ იყვნენ თავმოყრილნი ასლან აბაშიძის მხარდამჭერები. ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას მთელი აჭარის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებდნენ.

[ასლან აბაშიძის ერთ-ერთი მხარდამჭერის ხმა] "ბატონმა მიხეილმა იგრძნოს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ერთ ხელში ჭინჭარი დაიკავა, მეორეში ეკალი! "

ასლან აბაშიძე თბილისში არ ჩამოვა, სამაგიეროდ, მიხეილ სააკაშვილი ჩავა ბათუმში. ასლან აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ ოთხშაბათს ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ პრეზიდენტის და რეგიონის ხელმძღვანელის შეხვედრის თაობაზე შეთანხმება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ შედგება პრეზიდენტის და ასლან აბაშიძის შეხვედრა ბათუმში. ისინი ყველა პრობლემას განიხილავენ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ხაზი გავუსვით მთელ საქართველოში არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას. მზადყოფნა არის ბატონ ასლანისგან და აჭარის მერის მხრიდან, რომ ნორმალურად ჩატარდეს საარჩევნო სამზადისი რეგიონში."

"კრიზისის განმუხტვის შემდეგ ცენტრალურმა ხელისუფლებამ და რეგიონის ხელმძღვანელობამ უნდა გაარკვიონ საბიუჯეტო უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხები," - თქვა ასლან აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ და იქვე აღნიშნა, რომ სწრაფად უნდა მოხდეს კონსტიტუციის დონეზე უფლებამოსილებების გამიჯვნა ცენტრსა და რეგიონს შორის. კრიზისის განმუხტვისთვის საკუთარ პირობას აყენებს აჭარის მეთაური:

[ასლან აბაშიძის ხმა] "ყველა საკითხი გადაწყდეს ადამიანურად, უბრალოდ, ადამიანურ ენაზე და არა ძალისმიერი ფორმებით. მე გავაკეთე ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ავანტიურა როგორმე ჩაგვეცხრო, რამეთუ მას ქვეყნის კეთილდღეობისთვის არაფერი მოჰქონდა. ეს ისე, რბილად რომ ვთქვათ. "

ეს განცხადება ასლან აბაშიძემ ოთშაბათას ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, აჭარაში კომენდანტის საათი იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუ ჩოლოქთან მობილიზებული ტექნიკა და სამხედრო მოსამსახურეები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან. აჭარასთან ეკონომიკური სანქციები მოქმედებს, რაც საწყის ეტაპზე ყველაზე მეტად რიგით მოქალაქეებს აზარალებს.

[ერთ-ერთი ბათუმელის ხმა] "პანიკაშია მოსახლეობა ფასების გაზრდასთან დაკავშირებით, ხორცი რომ 7 ლარი ღირს, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაა."

აჭარის რეჟიმის წინააღმდეგ ამოქმედებული ეკონომიკური სანქციები მთელი ქვეყნის ეკონომიკას ურტყამს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მას ძალიან მალე შეუძლია ქვეყნის ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შეყვანა. ერთი სიტყვით, პრეზიდენტის ბრძანებით დაწესებული სადამსჯელო სანქციების გაუქმება სასიცოცხლოა არა მარტო რეგიონისთვის, მთელი ქვეყნისთვისაც. ცენტრი აჭარის მეთაურს ეკონომიკური სანქციების გასაუქმებლად სთხოვს: აჭარის ტერიტორიაზე გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, გაათავისუფლოს პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულები და პოლიტიკურ ძალებს შეუქმნას ნორმალური პირობები საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე დათანხმების შემდეგ ასლან აბაშიძემ ივარაუდა, რომ აჭარის მიმართ ამოქმედებული სანქციები ერთ დღეში მოიხსნება. როგორც ჩანს, ის აპირებს ცენტრალური ხელისუფლების იმ მოთხოვნების შესრულებას, რომლებიც მას ოთხშაბათს ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა სატელეფონო საუბრისას გააცნო. კვირას ჩოლოქის გამშვები პუნქტიდან იძულებით გამობრუნების შემდეგ, პრეზიდენტი ბათუმში ცოტა სხვაგვარი ფორმით უნდა ჩავიდეს. რამდენადაც წამგებიანად არ უნდა ჩანდეს ეს, ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაზე უპირველესი პასუხისმგებელი სწორედ ის არის და არა ასლან აბაშიძე.
XS
SM
MD
LG