Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ განხორციელდება საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი აჭარაში


აჭარის ირგვლივ შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის პირობებში და ავტონომიაში არსებულ საგანგებო ვითარებაში 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების ობიექტურად ჩატარება სერიოზული

კითხვის ქვეშ დგას. ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ აჭარაში ამომრჩეველთა სიების შედგენის პროცესი, ფაქტობრივად, ჩაშლილია და არც წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს სრულფასოვნად. ასეთი წინაპირობები არჩევნების სამეთვალყურეო ორგანიზაციების მუშაობას განსაკუთრებით ართულებს ისედაც საარჩევნო სირთულეებით გამორჩეულ რეგიონში. როგორ განხორციელდება საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი აჭარაში?

გასულ კვირაში რადიო "თავისუფლების" მსმენელს "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" იმ სადამკვირვებლო მისიაზე ვესაუბრე, რომელიც ბათუმში არჩევნების მონიტორინგის პროცესს განახორციელებს. ამ ორგანიზაციას "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "ფონდი სამართლიანი არჩევნები" შეემატა.

18 მარტს, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, "სამართლიანი არჩევნების" გაყოფის შედეგად აღმოცენებული ფონდის და საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის დაწყება გამოცხადდა. ამ დონორმა ორგანიზაციებმა არც ერთი სადამკვირვებლო მისიისთვის არ დაიშურეს ფინანსური რესურსები და "სამართლიანი არჩევნებიდან" ზურაბ ჭიაბერაშვილის წამოსვლის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების მონაწილეთა შერიგებაც შეძლეს. 18 მარტს, არჩევნებამდე 10 დღით ადრე, "სამართლიანი არჩევნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჟვანიამ, და ფონდ "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა დარასელიამ ერთმანეთს ჟურნალისტების თანდასწრებით ჩამოართვეს ხელი.

ეუთომ "სამართლიანი არჩევნების" სამართალმემკვიდრეს არჩევნების მონიტორინგისა და ხმების პარალელური დათვლის განსახორციელებლად გრანტის სახით გამოუყო 52 ათასი ევრო, ხოლო ახლახან შექმნილ ფონდ "სამართლიან არჩევნებს" 44 ათასი ევრო გადასცა სადამკვირვებლო ღონისძიებების ჩასატარებლად. ასეთივე ხელგაშლილი აღმოჩნდა გაეროს განვითარების პროგრამაც, რომელმაც "სამართლიან არჩევნებს" 50 ათასი ამერიკული დოლარი, ხოლო ფონდს 43 ათასი დოლარი გადასცა.

ეს ორი სადამკვირვებლო მისია არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელებს, თუმცა უდიდესი ყურადღება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას დაეთმობა. იქ "ფონდ სამართლიან არჩევნებს" 350-მდე დამკვირვებელი ჰყავს მივლინებული, ხოლო "სამართლიანი არჩევნების საზოგადოებას" დაახლოებით 300.

[თამარ ჟვანიას ხმა] "აუცილებლად განვახორციელებთ აჭარაში პარალელურ დათვლას, იმიტომ რომ პარალელური დათვლა თვითონ, როგორც აქტივობა, არ შეიძლება მოიცავდეს ყველა საარჩევნო ოლქს, ამიტომ აჭარის ყველა საარჩევნო ოლქში განხორციელდება ხმების პარალელური დათვლა. ეს იქნება 20 პროცენტში, მაგრამ აქ ლაპარაკია ოლქებში შემავალი უბნების 20 პროცენტზე."

ეს იყო თამარ ჟვანია, "სამართლიანი არჩევნების საზოგადოების" ერთ-ერთი ლიდერი. აჭარაში არჩევნების მონიტორინგს "ფონდი სამართლიანი არჩევნებიც" განახორციელებს. მისი ლიდერის ზაზა დარასელიას განცხადებით, ორი ორგანიზაციის პარალელური მონიტორინგი ერთმანეთს ხელს არ შეუშლის.

[ზაზა დარასელიას ხმა] "ჩვენი აზრით, რაც უფრო მეტი ადამიანი, მეტი ორგანიზაცია იქნება საარჩევნო პროცესში ჩართული, საზოგადოებას რაც უფრო მეტი ობიექტური და ალტერნატიული ინფორმაცია ექნება, მით უფრო ნაკლები იქნება შანსი თვითონ საარჩევნო პროცესის შესახებ იყოს არაობიექტური ინფორმაცია."

იქნება თუ არა ეფექტური ამ ორგანიზაციათა სამეთვალყურეო მისია, ანუ შეუწყობს თუ არა იგი ხელს არჩევნების ობიექტურად ჩატარებას როგორც აჭარაში ასევე დანარჩენ საქართველოში, ეს არჩევნების დღესვე გახდება ნათელი.
XS
SM
MD
LG