Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული დახმარება ქართული კანონიერების განსამტკიცებლად


ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აპირებს დამატებითი სახსრების გამოყოფას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ორგანოებში ზოგიერთი პროგრამის დასაფინანსებლად.

შეთანხმებას, რომლის გაფორმებაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტის დროს გადაწყდა, 23 მარტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და შეერთებული შტატების ელჩმა მოაწერეს. ორშაბათსვე ცნობილი ხდება, რომ ქვეყანაში კანონიერების განმტკიცების მიზნით, პირველი აპრილიდან საქართველოს მთავრობა სამართალდამცველ და ძალოვან უწყებებში ხელფასების გაზრდას გეგმავს. თუმცა, ვინაიდან თანხები არასაკმარისია, საქართველოს ხელისუფლებას გაუჭირდება სოციალური სამართლიანობის პრინციპის დაცვა.


ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აგრძელებს საქართველოს უსაფრთხოებითი და სამართალდაცვითი სტრუქტურების განვითარების ხელშეწყობას. თვენახევრის წინ სწორედ ვაშინგტონიდან ჩამოტანილმა 10 მილიონმა დოლარმა გადაარჩინა საქართველო სოციალური მღელვარებისაგან, რომელიც უხელფასოდ დარჩენილ ე.წ. ძალისმიერ სტრუქტურებს ემუქრებოდა. იმ დახმარებიდან დაახლოებით 2 მილიონი დოლარი ქართულ-ამერიკულ "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში მონაწილე ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცების ხელფასების დასაფინანსებლად დაიხარჯა. ამერიკის ელჩ რიჩარდ მაილსის თქმით, ამ ნაბიჯით ვაშინგტონმა საქართველოს ბიუჯეტს ტვირთი შეუმსუბუქა:

[რიჩარდ მაილსის ხმა] "ეს იყო მხოლოდ ერთჯერადი დახმარება, განკუთვნილი ამ რთული პერიოდისათვის. ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასის ანაზღაურება არ იყო ჩვენი ვალდებულება, მაგრამ ამ ნაბიჯით, ჩვენ ვფიქრობთ, ცოტა ხნით მაინც დაიზოგება საბიუჯეტო თანხა, რომელსაც საქართველოს მთავრობა სხვა პროგრამების დაფინანსებას მოახმარს."

23 მარტს ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული ასიგნება, რომლის საერთო მოცულობა ორ-ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ, სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიისა და პოლიციის აკადემიის პროექტის განვითარებაზე დაიხარჯება. თანხის ზუსტად ნახევარი მოხმარდება იურიდიულ საკითხებში მუდმივი მრჩევლის პროგრამას. ამ მრჩეველმა, თუ მრჩეველთა ჯგუფმა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, საქართველოს მთავრობას მეთოდოლოგიური დახმარება უნდა აღმოუჩინოს სამართალდამცავი სტრუქტურის რეფორმირებისა და კორუფციასა და ტრეფიკინგთან ბრძოლისათვის საკანონმდებლო ბაზის მოსამზადებლად.

საქართველოს მთავრობა კი ვალდებულებას კისრულობს, სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაკთა პროფესიონალიზმის კვალობაზე, აამაღლოს მათი შრომითი მოტივაცია. განვითარებისა და რეფორმათა ფონდის პრეზიდენტის კოტე კუბლაშვილის თქმით, ხელისუფლება პოლიციისა და პროკურატურის როგორც მაღალჩინოსან, ისე რიგით მუშაკთა ხელფასის მნიშვნელოვან გაზრდას გეგმავს.

[კოტე კუბლაშვილის ხმა] "ფონდიდან შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილეები ფინანსდებიან. გარდა ამისა, მინისტრს ეძლევა კიდევ თანხა 600 მუშაკისა და გამომძიებლებისათვის, თითოეულზე 200 დოლარის ოდენობით, კიდევ კონკრეტული თანხა სპეცრაზმისა და შინაგანი ჯარისათვის და ასე შემდეგ."

ხელფასზე დანამატებს სამართალდამცველი სტრუქტურების თანამშრომლები 1 აპრილიდან ელოდებიან. მაგრამ ეს თანხა მხოლოდ ხუთი ათას მოხელეზეა გათვლილი და, ბუნებრივია, ვერ გასწვდება ამ სისტემაში დასაქმებულ ყველა ადამიანს. თუმცა სოციალურ ნიადაგზე დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ძალოვანი უწყებების პირველ პირებს უფლება ეძლევათ, შიდა ბიუჯეტის ხარჯზე, საკუთარი შეხედულებისამებრ გაზარდონ ცალკეული მუშაკების შრომითი სარგოები.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG