Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიკრიმინალური ოპერაციები და დამნაშავეობის სტატისტიკა


24 მარტს, გამთენიისას, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი სამეგრელოსა და სვანეთს ეწვეოდა, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების სპეცდანიშნულების ძალების მონაწილეობით,

მესტიის რაიონში მასშტაბური ანტიკრიმინალური ოპერაცია ჩატარდა. ორმოცწუთიანი ორმხრივი სროლების შემდეგ სპეცრაზმელებმა მოუხელთებელი დამნაშავეები, ევგენი აფრასიძე და მისი ორი ვაჟი, მოკლეს. ამ ოპერაციით, რომლის ჩატარებაც ძალიან ვიწრო წრეში დაიგეგმა, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არაფერს მოერიდება დამნაშავეთა სამყაროს გასანადგურებლად. თუმცა ფაქტია ისიც, რომ, მკაცრი ზომების მიუხედავად, დანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში არ მცირდება.


ოთხშაბათს საქართველოს მოსახლეობა შინაგან საქმეთა მინისტრის ხმამ გამოაღვიძა. მესტიის რაიონის სოფელ ეცერში მყოფი მინისტრი ბარამიძე ტელეფონით იტყობინებოდა, რომ გამთენიისას ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ლიკვიდირებულია აფრასიძეების საშიში კლანი - მამა, ევგენი აფრასიძე, და მისი შვილები, ომეხი და გოჩა. ოფიციალური ინფორმაციით, ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩასატარებლად მესტიაში 8 ვერტმფრენი და 200 -მდე სამხედრო იყო მობილიზებული. ანტიკრიმინალური ოპერაცია უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით დაიგეგმა. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ოთხშაბათს თავადვე აპირებდა სვანეთში გამგზავრებას.


[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ეს კრიმინალური ჯგუფი უკვე ჩამოყალიბდა ნამდვილ ბანდად, ნამდვილ კერძო არმიად, რომელიც უკვე 12 წლის განმავლობაში ატერორებდა სვანეთს, ათეულობით ადამიანი ჰყავს მოკლული და ვერასოდეს ხელისუფლებამ ჩიტიც კი ვერ აუფრინა, მიუხედავად რაღაც უბადრუკი მცდელობებისა."

ასეთ "უბადრუკ მცდელობას" ბოლოს 1997 წელს ჰქონდა ადგილი, მაგრამ აფრასიძეებმა მიმალვა მოახერხეს. მოგვიანებით ხელისუფლებამ შემოირიგა ოჯახის უფროსი ევგენი აფრასიძე, რომელიც საკუთარი სიძის მკვლელობისათვის 1960 წლიდან იძებნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აფრასიძეების კისერზე იყო უამრავი მძიმე დანაშაული, სპეცოპერაციის დროს დაღუპულ დამნაშავეებს დიდ პატივს სცემდნენ თანასოფლელები, რომელთა უმრავლესობას ხატზე ჰქონდა დაფიცებული, რომ არ გასცემდა მათ ადგილსამყოფელს. ეს ამბავი რადიო "თავისუფლებას" გაუმხილა მესტიის რაიონის ერთ-ერთმა მკვიდრმა, რომელმაც, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა:

[ინკოგნიტო რესპონდენტის ხმა] "ეს ოჯახი ითვლებოდა თითქმის ნახევარი საუკუნეა, 40 წლის მანძილზე, როგორც უძლიერესი შეიარაღებული ოჯახი. მაგათი სოფელი ეცერი მდებარეობს ზუგდიდი-მესტიის ავტომაგისტრალის მარცხენა მხარეს, რომელიც ძნელად მისადგომია. და სანამ მათ სახლს მიუახლოვდებოდით, უნდა გაგევლოთ სოფლის ქვედა მხარე, რომლის ბინადრებიც ხატზე იყვნენ დაფიცებულნი, რომ თუ ვინმე უცხოს შეამჩნევდნენ, აუცილებლად უნდა შეეტყობინებინათ მათთვის[აფრასიძეებისთვის]." (სტილი დაცულია)

აღსანიშნავია, რომ სოფელ ეცერში ჩატარებულ სპეცოპერაციამდე პოლიციისა და უშიშროების დანაყოფებმა ანალოგიური მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს ზუგდიდში, ქუთაისში, გორსა და ხაშურში. პროფილაქტიკური ღონისძიებები დამნაშავეთა დასაკავებლად თითქმის ყოვედღიურად ტარდება საქართველოს კონტროლირებად მთელ ტერიტორიაზე, თუმცა, სანამ სამართალდამცველების ყურადღება რეგიონებისკენ არის გადატანილი, კრიმინალი მატულობს დედაქალაქში. თბილისის პოლიციის უფროსის ლევან მაისურაძის განცხადებით, რომელსაც სააგენტო "კავკას-პრესი" ავრცელებს, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, გასულ წელთან შედარებით, თბილისში 565 ერთეულით მეტი დანაშაული მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმაურიანი სპეცოპერაციები სულ მალე, შესაძლოა, თბილისის ქუჩებშიც ჩატარდეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG