Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფცია თანაბრად აცდუნებს როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული ქვეყნის მოქალაქეს


25 მარტს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლმა ცნობილმა

არასამთავრობო ორგანიზაცია - "ტრანსპარენსი ინტერნეიშენალმა" გამოაქვეყნა თავისი ტრადიციული ანგარიში "კორუფციის აღქმის ინდექსი", ამჯერად - 2003 წლისათვის. ანგარიშში ნაჩვენებია თუ რამდენად მწვავედ აღიქმება კორუფცია მსოფლიოს 133 განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაში. საქართველო ამ სიაში ბოლოდან მეშვიდე ადგილზეა ანგოლასთან, აზერბაიჯანთან, კამერუნთან და ტაჯიკეთთან ერთად.

კორუფციის აღქმის ინდექსი შედგენილი მაჩვენებელია და ემყარება საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი 13 დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევას. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ობიექტები იყვნენ ბიზნესის წარმომადგენლები, ცალკეული ქვეყნის ექსპერტები და მოსახლეობა - მცხოვრები როგორც შესწავლის ობიექტ ქვეყანაში, ისე - მის გარეთაც.

"ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის" მიერ გამოქვეყნებულ "2002 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში" საქართველო ბოლოდან მე-18 ადილზე იყო, ახლა კი ბოლოდან მე-7-ზეა. თუმცა, არსებითია არა რიგითობა, არამედ თავად კორუფციის აღქმის კოეფიციენტი, რადგან 2002 წელს შესწავლის ობიექტი იყო 102 ქვეყანა, 2003 წელს კი - 133. 2002 წლის მაჩვენებლები საქართველოში კორუფციის გავრცელების უკეთეს მდგომარეობაზე მიუთითებდა, ვიდრე 2003 წელს. 2002-ში საქართველოს კოეფიციენტი 2,4 იყო, 2003 წელს კი ის 1,8-მდე დაეცა. ცნობისათვის "ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის" შკალა 0-დან 10-მდეა. 10 ქულა ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულს ნიშნავს და რაც უფრო მცირდება ქულა, მით უფრო კორუმპირებულია ქვეყანა. წელს გამოქვეყნეულ სიაში პირველ ადგილზე ფინეთი დგას, როგორც ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა. შედარებისთვის აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რუსეთის 2003 წლის კოეფიციენტი 2,7-ია, აზერბაიჯანში კი საქართველოს მსგავსად - კორუფცია 1,8 ქულით არის შეფასებული, სომხეთის მაჩვენებელი სამხრეთ კავკასიაში საუკეთესო - 3 ქულა გახლავთ.

"ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის" ევროპა-შუა აზიის განყოფილების დირექტორი მიკლოშ მარშალი რეგიონში არსებულ ზოგად ვითარებას ასე აფასებს:

[მარშალის ხმა]
"ყოველდღიური კორუფციის დონე ცენტრალური ევროპის ქვეყნებში კი შემცირდა, ვგულისხმობ წვრილმან კორუფციას (მაგალითად - საგზაო პოლიციის მოსყიდვის შემთხვევებს), მაგრამ იზრდება უფრო მნიშვნელოვანი კორუფციული სქემების, და რაც ყველაზე საგულისხმოა - პოლიტიკური კორუფციის მასშტაბი. ეს კი განსაკუთრებით უარყოფით ზეგავლენას ახდენს გარდამავლი ეკონომიკის ქვეყნებზე".

რამდენად სანდოა და ეფექტიანი "ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის" კორუფციის აღქმის ინდექსი? ორგანიზაციის მესვეურებს მიაჩნიათ, რომ ისეთ მონაცემებზე დაყრდნობით, როგორიცაა ქვეყანაში კორუფციის შემთხვევებზე აღძრული საქმეების რაოდენობა, პრესის აქტიურობა კორუფციის შემთხვევათა გაშუქებაში, შეუძლებელია ქვეყანაში კორუფციის ხარისხის დადგენა. ეს მაჩვენებლები უფრო პრესისა და სასამართლოს აქტიურობაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ "ტრანსპარენსი ინტერნეიშენალი" ეყრდნობა ადამიანთა იმ ჯგუფების - ბიზნესმენთა, მოსახლეობისა და ქვეყნის ექსპერტთა შეფასებებს, რომლებიც ყველაზე მძაფრად აღიქვამენ კორუფციის შედეგებს.

საინტერესოა, რომ წლევანდელ პრეზენტაციაზე "ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის" დამაარსებელმა და თავმჯდომარემ პიტერ აიგენმა განსაკუთრებით აღნიშნა ის, რომ ბევრი განვითარებული ქვეყნის კომპანია კვლავაც განაგრძობს განვითარებადი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსყიდვას იმისათვის, რომ იმ კონკრეტულ ქვეყანაში მისი ბიზნესი წარმატებული იყოს. 1999 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ მექრთამეობის საწინააღმდეგო კონვენციაც კი მიიღო, რომელსაც ხელი 35-მა ქვეყანამ მოაწერა. პიტერ აიგენის თანახმად, ის დღემდე ამაოდ ელის, რომ რომელიმე ამ ქვეყანაში კონკრეტული კომპანიის ხელმძღვანელთა მექრთამეობრივი ქმედების გამო საქმე აღიძრას.

არავინ იცის, ერთი წლის შემდეგ საქართველოს კორუფციის ინდექსთან რამდენად შესაბამისობაში იქნება ის განწყობა, რომელიც "ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის" თავმჯოდმარეს - პიტერ აიგენს აქვს საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების და კონკრეტულად პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ. მსმენელისთვის საინტერესო უნდა იყოს იმის მოსმენა, რაც მან ახლადარჩეულ მიხეილ სააკაშვილს ბერლინში შეკრებილი საზოგადოების წინაშე განუცხადა:

[აიგენის ხმა]
"ჩვენ არ შეგვეძლო მისთვის ხმა მიგვეცა, მაგრამ ვლოცულობდით და ვღელავდით მისთვის. და, ბუნებრივია, ყველას გაგვიხარდა, როცა თქვენ საქართველოში ეს ურთულესი პოსტი დაიკავეთ და ახლა უდიდესი გამოცდის წინაშე დგახართ".

აიგენი სააკაშვილს იცნობს იმ დროიდან, როცა ის საქართველოში სასამართლო რეფორმას ედგა სათავეში. სწორედ იმ დროიდან შეექმნა მას განწყობა საქართველოს ახლანდელ პრეზიდენტზე, თუმცა, თავად რეფორმის წარმატების ხარისხზე აიგენსაც ისეთივე რეალისტული შეხედულება აქვს, როგორც საქართველოში მყოფ საზოგადოებას.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG