Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო უბანში


ყოველ არჩევნებს გასაშუქებლად სავალდებულო რიტუალი ახლავს: ესაა ხმის მიცემა სახელმწიფოს მეთაურისა და სხვა ოფიციალური პირების მიერ.

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თბილისის მთაწმინდის რაიონის მე-12 საარჩევნო უბანზე ნაშუადღევიდან ელოდნენ. სააკაშვილი იქ დღის სამ საათზე მივიდა.

[ისმის სიმღერა] "შევარდენი ამოფრინდა აბრეშუმის ბუდიდანა, გოგოვ, შენი სიყვარული არ ამოვა გულიდანა"...

აი, ამ ცნობილი, ქართული ხალხური ეროტიკული სიმღერის ფონზე აძლევდა ხმას მიხეილ სააკაშვილი მთაწმინდის მე-12 უბანში. რეგისტრირებული 1903 ამომრჩევლიდან პრეზიდენტი 663-ე გახლდათ, ვინც ხმა მისცა მეცნიერებათა აკადემიის შენობაში გახსნილ საარჩევნო უბანში. ცხადია, პრეზიდენტის მისვლამდე და მის შემდეგ არჩევნები ამ უბანში სანიმუშოდ მიმდინარეობდა. არჩევნების დაწყებიდან 6 საათში საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, ეთერ ყავრელიშვილმა მითხრა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო.

[ყავრელიშვილის ხმა] "აქამდე ნორმალურად მიდიოდა და ვფიქრობ, შემდგომშიც ნორმალურად გაგრძელდება. დაკვირვეული ვარ, რომ უფრო, ალბათ, ნაშუადღევს, სამი საათისთვის აქტიურად მოდის ამომრჩეველი".

სამ საათზე საარჩევნო უბანში მართლაც, ტევა არ იყო, მაგრამ არა ამომრჩევლის, არამედ ჟურნალისტთა სიჭარბის გამო. აღბეჭდილი და აღნუსხული იქნა პრეზიდენტის ყოველი ნაბიჯი - ისინი, ბუნებრივია, ემთხვეოდა ხმის მიცემის პროცედურებს. არატიპური იყო მცირე ზომის მოყვითალო ვარდების თაიგული, რომლითაც პრეზიდენტი საარჩევნო უბანში გამოცხადდა. გამჭვირვალე ყუთთან მიხეილ სააკაშვილი მცირე ხნით შეჩერდა და პასუხი გასცა რამდენიმე შეკითხვას. მან განაცხადა, რომ ამ არჩევნებზე წყდება

[სააკაშვილის ხმა] "150 ადამიანის ბედი და არა ერთის. მაგრამ ქვეყნისათვის ეს არჩევნები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პრეზიდენტის არჩევნები. მე მინდა, ყველამ დაინახოს, რომ საქართველოში შეგვიძლია პატიოსანი, თავისუფალი, ნორმალური, სამართლიანი არჩევნების ჩატარება".

პრეზიდენტისაგან ელოდნენ პასუხს არჩევნების აჭარაში მიმდინარეობის შესახებ. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთავარია, რა მოხდება აჭარაში საღამოს. მისი აზრით, შესაძლო დარღვევებს არჩევნების დღეს მხოლოდ ერთი პასუხი აქვს:

[სააკაშვილის ხმა] "ყველა მივიდეს საარჩევნო უბნებთან იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი პასუხი შესაძლო დარღვევებთან და გართულებებთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე".

პრეზიდენტს მოუხდა ეპასუხა არჩევნების თანამდევი კიდევ ერთი, ტრადიციული კითხვისთვის: არის თუ არა საფრთხე, რომ მომავალი პარლამენტი ერთპარტიული იქნება?

[სააკაშვილის ხმა] "მე მინდა გითხრათ, რომ ერთპარტიული პარლამენტის იდეაც კი არის სისულელე იმიტომ, რომ 75 მაჟორიტარიდან 50 დღეს უკვე ოპოზიციის წევრია."

პრეზიდენტის ხმის მიცემის რიტუალი დასრულდა იმით, რიოთაც დაიწყო: შენობის გარეთ, ჟოლოსფერ ტანსაცმელში გამოწყობილი ბავშვთა გუნდის სიმღერით:

[ისმის სიმღერა] "შემშალე და გადამრიე, გადამიყვანე ჭკუიდანა"...
XS
SM
MD
LG