Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულო მიკროავტობუსების ოპტიმიზაციას გეგმავს


ვისაც თბილისში საკუთარი ავტომობილით უმგზავრია, კარგად მოეხსენება, თუ რა ქაოსი სუფევს დედაქალაქის ქუჩებში. გაუვალი საცობები, გზის სავალ ნაწილზე გაჩერებული სამარშრუტო ტაქსები,

მოძრაობის წესების უგულებელყოფა, ავარიულ სიტუაციათა სიუხვე - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომელთა აღმოფხვრასაც თბილისის საკრებულო გეგმავს. როგორ და რა მეთოდებით?

საგზაო პოლიციის მონაცემებით, თბილისის ქუჩებში 7 ათასზე მეტი "სამარშრუტო ტაქსი" მოძრაობს. მართალია, გადაადგილების ეს საშუალება მგზავრებისთვის საკმაოდ მოსახერხებელია, მაგრამ არც ის არის საკამათო, რომ მიკროავტობუსების სიმრავლე, ისევე როგორც მძღოლთა საეჭვო კვალიფიკაცია, უსაფრთხოების თვალსაზრისით, უამრავ პრობლემას ქმნის. საგზაო ინსპექციის მორიგე-ოფიცრები, რომლებსაც მე დედაქალაქის ქუჩებში შევხვდი, საცობებისა და ავტოკატასტროფათა მატების მიზეზებზე საუბრისას თითს მიკროავტობუსებისკენ იშვერენ:

[პოლიციის ლეიტენანტის ხმა] "დღეგამოშვებით მაინც არის საცობი ისეთი, რომლის წარმოქმნაშიც ბრალი, უმეტესად, "მარშრუტკის" მძღოლებს მიუძღვით და პირდაპირ არიან ისინი დამნაშავენი."(სტილი დაცულია)

[პოლიციის მაიორის ხმა] "... ძირითადად, "მარშრუტკებიდან". არ იციან მაგათ ტარება, არ აქვთ ის პროფესიონალური დონე, რომელიც უნდა ჰქონდეს მძღოლს. ბოლო შეჯახებას, მგონი, ერთი კვირის წინ კოსტავას ქუჩაზე შევესწარი. პატარა შეჯახება იყო, მაგრამ მაინც შეჯახებად ითვლება..."

თბილისის ქუჩებში საჭესთან მჯდომი ანგელოზი ჯერ არავის უნახავს, მაგრამ დედაქალაქის საგზაო პოლიციის უფროსის გია ბერაძის განცხადებით, განსაკუთრებული უდისციპლინობით მაინც სამარშრუტო ტაქსის მძღოლები გამოირჩევიან:

[გია ბერაძის ხმა] "პირდაპირ გეტყვით: "გონშიკები" არიან. ერთმანეთს ასწრებენ 50 თეთრის გულისთვის, შეიძლება კაცი გაიტანონ."(სტილი დაცულია)

ჯირითის გარდა, მუშტარს დახარბებული სამარშრუტო ტაქსის მძღოლები მანქანებს არათუ აკრძალულ, არამედ, ხშირ შემთხვევაში, გზის სავალ ნაწილზეც კი აჩერებენ. თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თბილისის საკრებულომ "მიკროავტობუსების მუშაობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების" შემუშავება გადაწყვიტა:

[ზაზა ბეგაშვილის ხმა] "მთავარია ჩვენთვის, მიზანია ჩვენი, რომ გვყავდეს, რა თქმა უნდა, სამარშრუტო ტაქსები, მაგრამ ისინი უნდა იყოს: პირველი - გამართული, მეორე - მათი სალონები უნდა იყოს გამართული, მესამე - რომ ისინი იყვნენ აბსოლუტურად უსაფრთხონი ტექნიკური თვალსაზრისით, ეკოლოგიურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ, რაც მთავარია, აკმაყოფილებდნენ იმას, რომ გადასახადები შემოდიოდეს ბიუჯეტში და არა უამრავი შავბნელი ძალების ჯიბეებში, როგორც ეს აქამდე ხდებოდა."(სტილი დაცულია)

"შავბნელ ძალებში" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი ეგრეთ წოდებულ "კანონიერ ქურდებს" გულისხმობს. პრობლემის დაძლევის ყველაზე მოკლე გზად კი საკრებულოს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე დავით იოსელიანი გადამზიდავი ფირმების გაუქმებას მიიჩნევს:

[დავით იოსელიანის ხმა] "დავიწყოთ იქიდან, რომ უნდა გაუქმდეს გადამზიდავი ფირმები. ფირმა გადაიქცა (მაპატიეთ ამ გამოთქმისათვის) "შავი ფულის ამკრეფად". პირდაპირ იკრიბებოდა ქუჩის ფული და "შავების ფული" ერთქვა ამას. ამ ქვეყანაში უნდა იყოს ერთი "ობშიაკი" (მაპატიეთ კიდევ ერთხელ ამ გამოთქმისთვის) და ეს "ობშიაკი" უნდა იყოს ბიუჯეტი." (სტილი დაცულია)

იმ კანონპროექტის თანახმად, რომელიც იოსელიანმა დედაქალაქის თვითმმართველობას წარუდგინა, ასევე გათვალისწინებულია ერთიანი ფიქსირებული გადასახადის შემოღება, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა და სამარშრუტო ტაქსების ოპტიმიზაცია, ანუ მათი რიცხოვნების შემცირება. ეს უკანასკნელი, ბუნებრივია, მგზავრების გადაყვანით დაკავებული მძღოლების გულწრფელ შეშფოთებას იწვევს.

[მამაკაცის ხმა] " ახლა ზოგიერთი ტრანსპორტი მართლა ისეთია, რომ არ შეიძლება იმით მუშაობა და ტენდერი, რასაკვირველია, უნდა ჩატარდეს."(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] "ამდენი ხალხი ჯერ ისედაც უმუშევრად დატოვეს ამ ბაზრობების მოშლით და კიდევ "მარშრუტკების" ხალხი უნდათ დაუმატონ? თითო "მარშრუტკა" ინახავს 4-5 ოჯახს. ამის კიდევ შემცირება არ იქნება გამართლებული."

თუმცა, გარევაჭრობის აღკვეთის გამოცდილების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, საკრებულომ უკან დაიხიოს. ასე რომ, სამარშრუტო ტაქსებს შეჩვეულ თბილისელებს სხვა, ალტერნატიულ, სატრანსპორტო საშუალებებზე გადასვლა მოუწევთ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG