Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიცვლება პენსიონერთა ცხოვრებაში პენსიების 3 ლარით გაზრდის შემდეგ


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დანაპირების მიხედვით, 1 აპრილიდან 14 ლარიანი პენსია 3 ლარით უნდა გაიზარდოს. პენსიონერთა დიდი ნაწილი

ამ ცნობას სიხარულით შეხვდა. ეს, ძირითადად, პენსიონერთა ის ნაწილია, რომელმაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილს მისცა ხმა და მის პოლიტიკურ მოღვაწეობას დიდ იმედებს უკავშირებს. მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში რა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს პენსიის 3 ლარით მომატებამ და რა საბიუჯეტო რესურსების ხარჯზე ხდება გაზრდილი პენსიების დაფინანსება?

[პენსიონერის ხმა] "მე მჯერა სააკაშვილის, იმიტომ რომ უკვე ვხედავ წინგადადგმულ ნაბიჯებს. აი, დღეს პენსია ავიღე და გახარებული ვარ."

ამ პენსიონერმა ქალბატონმა მხოლოდ მარტის თვის პენსია აიღო, 14 ლარის ოდენობით, და მასზე ჯერჯერობით არ გავრცელებულა პრეზიდენტ სააკაშვილის დანაპირები აპრილიდან პენსიის 3 ლარით გაზრდის შესახებ.

სავარაუდოა, რომ ქართველ პენსიონერთა დაახლოებით 1 მილიონიანი არმია 17 ლარიან პენსიას აპრილის თვის ბოლოსა და მაისის დასაწყისში მიიღებს, აპრილის თვის პენსიის სახით. მე კიდევ ერთ პენსიონერს - 62 წლის ქალბატონ ციცოს - ვკითხე, თუ რას შეცვლის მის ცხოვრებაში 3 ლარით გაზრდილი პენსია.

[პენსიონერი ციცოს ხმა] "დიდს არაფერს. უკეთესია, რა თქმა უნდა - 14 ლარს სჯობია, მაგრამ არც 17 ლარია ის თანხა, რომელმაც შეიძლება რაიმე უკეთესობისკენ წაიყვანოს პენსიონერის ცხოვრება. იმიტომ რომ ყველაფერი ძვირია და ვერ იცხოვრებ ადამიანი 17 ლარად ვერავითარ შემთხვევაში, ეგ გამორიცხულია."

ეკონომიკის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ უმჯობესი იყო ხელისუფლებას ჯერ ძველი დავალიანებების გასტუმრებაზე ეზრუნა და პენსიის გაზრდა შემდეგ ეფიქრა. მაგრამ ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პოზიცია, ისევე როგორც ყოველთვის, ამ საკითხშიც უკომპრომისოა. ის შევარდნაძის ხელისუფლების ვალდებულებების შესრულებაზე მორატორიუმს აცხადებს. არადა, 2004 წლის ბიუჯეტის მიღებამდე საქართველო შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი ბიუჯეტის კანონით ცხოვრობს და მისი ხარჯვითი ნაწილი ყოველთვიურად 2003 წლის ბიუჯეტის ერთი მეთორმეტედით განისაზღვრება. ეს კი პენსიების გაზრდის საშუალებას არ იძლევა.

მე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ვასილ გიგოლაშვილს ვკითხე, თუ რა რესურსების ხარჯზე მოხდება პრეზიდენტ სააკაშვილის დანაპირების შესრულება.

[ვასილ გიგოლაშვილის ხმა] "ფონდში არის რესურსები იმისი, რომ მოხდეს მაგის გაზრდა. - ჰო, მაგრამ ახლა ხომ ძველი ბიუჯეტით მუშაობთ და... - კი, მაგრამ, თუ კარგს ვაკეთებთ, რატომ არ უნდა გავაკეთოთ?"

ქალბატონი ციცო კი ფიქრობს, რომ კარგი საქმის კეთება ის იქნება, თუ ხელისუფლება საპენსიო სისტემაში სამართლიანობის აღდგენას შეეცდება:

[პენსიონერი ციცოს ხმა] " ადამიანმა, რომელმაც იმუშავა 40 და 40 წელზე მეტი და ადამიანმა, რომელმაც საერთოდ არ გააკეთა არაფერი, არ უნდა მიიღოს ერთნაირი პენსია. პენსია უნდა იყოს განსხვავებული და თანამედროვე. აი, ეხლანდელ ცხოვრებაში ადამიანს რომ ჰქონდეს ცხოვრების საშუალება, რაღაც 120 - 130 ლარი, მინიმუმ, მაინც უნდა ჰქონდეს პენსია."

როგორც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლები ოპოზიციაში ყოფნისას ირწმუნებოდნენ, საქართველოს ბიუჯეტს შესწევს ძალა პენსიები და ხელფასები საარსებო მინიმუმს, 120 ლარს, დაუახლოვდეს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი აქცენტი მხოლოდ 3 ლარზე კეთდება.
XS
SM
MD
LG