Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


533-ე გამოშვება.

ახლა, როგორც ყოველთვის, "მეათე სტუდიაში" გიწვევთ. დღეს რადიოჟურნალს პოლიტიკაზე საუბრით ვიწყებთ: შევეცდებით გავერკვეთ, როგორ შეძლო კონსტანტინე ზვიადის ძე გამსახურდიამ, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე სულ 10 დღით ადრე ჩავიდა, ხმების საკმაოდ შთამბეჭდავი რაოდენობის მოპოვება. ჩვენი შემდეგი თემა კი განათლება იქნება. დღეს სპორტზეც ვისაუბრებთ: შეიტყობთ, რატომ არის დოპინგის წინააღმდეგი სახელოვანი ქართველი სპორტსმენი ელდარ კურტანიძე... გადაცემის ბოლოს კი საკმაოდ დიდხანს მოგვიწევს კინოზე ლაპარაკი! ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ, სხვადასხვა მიზეზით, ამ დღეებში ჰოლივუდის სამი ვარსკვლავი დგას ყურადღების ცენტრში -რამდენიმე დღის წინ პიტერ უსტინოვი გარდაიცვალა, მარლონ ბრანდოს 3 აპრილს 80 წელი უსრულდება, და ასევე 3 აპრილს 80-ის ხდება დორის დეი. დორის დეის, როგორც მსახიობს, უსტინოვთან და, მითუმეტეს ბრანდოსთან შედარებით, უდავოდ, ნაკლები დამსახურება მიუძღვის, მაგრამ უნდა ვაღიაროთ: თავის დროზე სუცხოოდ მღეროდა... [მუსიკა]

კონსტანტინე ზვიადის ძე გამსახურდია, როგორც საარჩევნო ფაქტორი

საქართველოში 28 მარტს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ჰყავდა ერთი მონაწილე, რომლის შედეგი თითქოს საყოველთაო ყურადღების მიღმა დარჩა. მე-18 ნომრად რეგისტრირებულ მოძრაობა "თავისუფლებას" საარჩევნო ბარიერი არ გადაულახავს. მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ დამარცხებულ პარტიათა შორის საუკეთესო შედეგი სწორედ "თავისუფლებამ" აჩვენა. კონსტანტინე გამსახურდიას წარმატების მიზეზებზე დავით პაიჭაძე ილაპარაკებს.

[ისმის ხმა] "მობრძანდა ბატონი კონსტანტინე!" [კონსტანტინე გამსახურდიას ხმა] "უკაცრავად. მოგეხსენებათ, ყველაფერს ისე ზუსტად ვერ გათვლი, მით უმეტეს, საქართველოში და ამიტომ შემაგვიანდა".

კონსტანტინე ზვიადის ძე გამსახურდია საქართველოში არჩევნებამდე 10 დღით ადრე ჩამოვიდა. ამ დროს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე გაცხადებული ჰქონდა თანხმობა, არჩევნებში მის მონაწილეობაზე. წინასაარჩევნო კამპანიისათვის მოძრაობას სულ რაღაც 8-9 დღე ჰქონდა. ვისაც საქართველოს უახლესი ისტორია ახსოვს, ეხსომება ისიც, რომ 1990 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ზვიად გამსახურდია მაშინდელ ოპოზიციონერთაგან ერთადერთი იყო, ვინც არ დაიზარა და კამპანიის ფარგლებში მთელი საქართველო დაიარა. შედეგად - გაიმარჯვა კიდეც. კონსტანტინე გამსახურდიამ ბევრგან მოასწრო ჩასვლა, მაგრამ კამპანია მაინც უაღრესად სუსტი სასტარტო პოზიციიდან დაიწყო. მიუხედავად ამისა, გამაოგნებელ შედეგს მიაღწია.

4,23% მართლაც დიდი წარმატებაა მოძრაობისთვის, რომელიც არჩევნების წინ დაფუძნდა და რომლის მისახედად, ასე ვთქვათ, არავის ეცალა. ხელისუფლება არ ცდილა კონსტანტინე გამსაურდიასგან არც ოპოზიციისა და არც საფრთხობელის შექმნას. არც საგანგებოდ დახმარებია მას ამომრჩეველთა სიმპათიის მოპოვებაში. პროცენტებით ლაპარაკს ნაკლები ეფექტი აქვს: თბილისში კონსტანტინე გამსახურდიამ 17 ათას 645 ხმა მიიღო და მეოთხე ადგილზე გავიდა, ხოლო სამეგრელოს რეგიონსა და ფოთში თავისი შედეგით (26 ათას 507 ხმა) მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობა-დემოკრატებს ჩამორჩა. ამასთან, სამეგრელოს ყველა რაიონში მოძრაობა "თავისუფლებამ" სტაბილურად მეორე ადგილი დაიკავა.

ვისი ხმები აიღო კონსტანტინე გამსახურდიამ? შესაძლოა, საკითხის ასე დასმა მთლად კორექტული არ იყოს, მაგრამ, როცა ხედავ, რომ შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვის ძალიან მოსურნე აღორძინებასა და ლეიბორისტებს ლამის ერთი პროცენტი უკლიათ სანუკვარ მიჯნამდე, ბუნებრივად დაისმის კითხვა: ხომ არ წაართვა მათ ეს 1% სწორედ კონსტანტინე გამსახურდიამ? საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის დირექტორი, გოჩა ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ მოძრაობა თავისუფლებამ ვერაფერი დააკლო მრეწველებისა და ახლების ბლოკს, უმნიშვნელოდ დააზარალა ლეიბორისტები და არსებითად დააზარალა ნაციონალური მოძრაობა.

[ცქიტიშვილის ხმა] "ზვიადისტური ფრთოს მოტივები უფრო ახლოს იყო სააკაშვილის ფენომენთან, მის აურასთან, მის ფილოსოფიასთან, მენტალიტეტთან, ტემპერამენტთან, მისი მუშაობის სტილთან და, რაც ყველაზე მთავრია, სააკაშვილის მდგომარეობასთან. ზვიად გამსახურდიას მდგომარეობა და სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან ჰგავდა ერთმანეთს".

მართალია, კვლევითი სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ საარჩევნო ხმები ძირითადად ხელისუფლების პარტიას წაართვა, მაგრამ ისიც ნათელია, რომ მოძრაობა თავისუფლების მხარდამჭერტა არჩევნებში ჩართვამ უფრო გაზარდა, ვთქვათ ასე, გააზავა ამომრჩეველთა სია და, შესაბამისად, ასწია თამასა - 7%-ის მიღწევას მეტი ხმა დასჭირდა, ვიდრე ეს კონსტანტინე გამსახურდიას გულშემატკივართა გარეშე იქნებოდა საჭირო. გოჩა ცქიტიშვილი იზიარებს ამ მოსაზრებას.

[ცქიტიშვილის ხმა] "ვიღაც საერთოდ არ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას იმიტომ, რომ არც ერთ ჯგუფთან აღარ მივიდა ზვიადის შემდეგ. შემდეგ გაუჩნდა მოტივი არჩევნებზე მისასვლელად, რადგან გამოჩნდა კოკო გამსახურდია. შესაბამისად, გაიზარდა ამომრჩეველთა რიცხვი, ოღონდ უმნიშვნელოდ. რაკი ეს მოხდა, პროპორციულად, ოპოზიციურ პარტიებს რეიტინგი დააკლდათ".

და მაინც, რა იყო კონსტანტინე გამსახურდიას ასეთი მეყსეული პოპულარობის მიზეზი? ვინც ამ კაცს უშუალოდ ან ტელეეკრანზე უმზერდა, ხედავდა, რომ მას თითქმის არაფერი ჰქონდა თავისი: არც სახელი, არც გვარი და, პირველ პრეზიდენტთან საოცარი მსგავსების გამო, არც გარეგნობა. 18-დან 28 მარტამდე საქართველოში თითქოს პოლიტიკური სპირიტიზმის სეანსი მიმდინარეობდა. კონსტანტინე გამსახურდია იყო საკუთარი მამის აჩრდილი, რომელმაც ძალა მოიკრიბა და სიცოცხლე შეიმოსა არჩევნებში თანამოქალაქეთა შემოწირული ხმებით. მამის ხატისაგან განძარცული, კონსტანტინე გამსახურდია შემცბარი, თავმდაბალი და პოლიტიკაში უმწეო კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ანტიპათია საქართველოში ყოფნისას მას არ გამოუწვევია. ყოველმა 25-ე ამომრჩევლმა ხმაც უფრო ზვიად გამსახურდიას მისცა, ვიდრე მის უფროს ვაჟიშვილს. ამაში გოჩა ცქიტიშვილიც დამეთანხმა.

[ცქიტიშვილის ხმა] "ცალსახად მისცეს ხმა საკუთარ წარსულს. არაფერი მეტი".

წამყვანი:
ამბობს გოჩა ცქიტიშვილი, რომელსაც თბილისში ესაუბრა ჩვენი კოლეგა დავით პაიჭაძე. თქვენს ყურადღებას ახლა განათლების საკითხებს მივაპყრობ. საქმე ის არის, რომ ამ დღეებში თბილისში გაიმართა განათლების ფორუმი, სადაც ბევრ საკითხზე, მათ შორის, სასკოლო განათლების ხარისხზეც იმსჯელეს. უფრო კონკრეტულად, რაზე - შეიტყობთ საუბრიდან რომელიც ფორუმის ერთ ერთ ორგანიზატორს, თბილისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, განათლების კურატორ გია მურღულიასა და ჩვენს კოლეგას, გიორგი კაკაბაძეს შორის გაიმართა.

[იხ. აუდიოვერსია]

წამყვანი:
ახლა ვუბრუნდებით თემას, რომელზე საუბარიც "მეათე სტუდიის" წინა გამოშვებაში - ე.ი. ერთი კვირის წინ დავიწყეთ. ეს გახლავთ დოპინგი, ანუ სამედიცინო პრეპარატები, რომელთა მიზანი ათლეტის შედეგის გაუმჯობესებაა. და თუ გასულ კვირაში ვისაუბრეთ ზოგადად დოპინგზე - მის სახეობებზე, მისი აკრძალვის მიზეზებზე, მასთან დაკავშირებულ სკანდალებზე - დღეს შევეცდებით გავერკვეთ, რა ადგილი აქვს (თუ აქვს) დოპინგს ქართულ სპორტში. თემა სერიოზულია, მაგრამ ელგუჯა ბერიშვილი ერთ თავშესაქცევ ამბავსაც გაიხსენებს- ეს ამბავი 4 წლის წინ მოხდა...

[იხ. აუდიოვერსია]

პიტერ უსტინოვის გახსენება
წამყვანი:
"გული მწყდება, რომ ცხოვრება ასეთი მოკლეა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა საშინელება იქნებოდა, იგი უფრო გრძელი რომ იყოსო" - თქვა ერთხელ პიტერ უსტინოვმა, რომელსაც, მრავალმხრივი ნიჭის გამო, ხან მსახიობად მოიხსენიებენ და ხან მწერლად, ხან დრამატურგად და ხან დიპლომატად, ხან რეჟისორად და ხან ჟურნალისტად, ხან მეზღაპრედ და ხანაც - იუმორისტად. ამ კოსმოპოლიტისა და პოლიგლოტის ცხოვრებას ხანმოკლეს ვერ უწოდებ (16 აპრილს უსტინოვი 83 წლის გახდებოდა), მაგრამ მისმა გარდაცვალებამ მაინც დიდად დაამწუხრა მისი ურიცხვი თაყვანისმცემელი მთელს მსოფლიოში. სერ პიტერ უსტინოვს დავით კაკაბაძე გაიხსენებს.

როცა პიტერ უსტინოვი კინოეკრანზე პირველად ვნახე, 10-11 წლის ვიქნებოდი. მაგრამ ახლაც მახსოვს ის ბავშვური ზიზღი, ჩემში ამ მსახიობის მიერ განსახიერებულმა პერსონაჟმა რომ გამოიწვია. ან კი როგორ შეიძლებოდა, სიმპათია გამჩენოდა მონებით მოვაჭრე, სასტიკი და ხარბი ლენტულუსის მიმართ, რომელიც ჩემს საყვარელ გმირს - სპარტაკს ჩაგრავდა. მაგრამ ჩემი და ასიათასობით ჩემისთანა ბავშვის მწარე განცდები იქით იყოს - სტენლი კუბრიკის მონუმენტურ კინონაწარმოებ "სპარტაკში" ბრწყინვალედ შესრულებული როლისთვის პიტერ უსტინოვმა თავისი პირველი "ოსკარი" დაიმსახურა.
[ნაწყვეტი კინოფილმიდან "სპარტაკი"]

ამ ეპიზოდში ლენტულუსი სპარტაკსა და მისი ბედის გამზიარებელ სხვა გლადიატორებს დამცინავი კილოთი ეუბნება, ჩემი სკოლის კურსდამთავრებულთაგან ზოგი ხუთ წელიწადს ცხოვრობს, ზოგი ათსაცო. ბოლოს კი, ისევ დაცინვით დასძენს: "გილოცავთ! დაე, ბედმა თქვენს უმრავლესობას გაუღიმოსო."

პიტერ უსტინოვთან - არა მის კინო- თუ ტელეგმირებთან, არამედ ცოცხალ ადამიანთან - ჩემი პირველი შეხვედრა კი სულ ამ რამდენიმე წლის წინათ, 2001 წლის 10 ნოემბერს შედგა. პრაღის სახელმწიფო ოპერაში დიდი ბრიტანელი მსახიობი გერმანულენოვანი თეატრის ფესტივალის მონაწილედ წარდგა მაყურებელთა წინაშე, რომელთა შორის ყოფნის ბედნიერება მეც მხვდა. ორგანყოფილებიან წარმოდგენაში ორად ორი ადამიანი მონაწილეობდა: ავანსცენაზე, სავარძელში იჯდა იმხანად 80-ს მიღწეული, ჯანმრთელობაშერყეული მსახიობი, რომელიც საკუთარ ლიტერატურულ მინიატურებს სცენის სიღრმეში მყოფი პიანისტის აკომპანემენტით კითხულობდა. კითხულობდა გერმანულად, რადგან, როგორც უკვე გითხარით, ეს ყველაფერი გერმანულენოვანი თეატრალური ფესტივალის ჩარჩოებში ხდებოდა. კითხულობდა მომაჯადოებლად - ისე, რომ ორსაათნახევრიანი სპექტაკლის მანძილზე, გაჭედილ დარბაზში მსხდომნი მონუსხულივით ვუსმენდით ფაქიზი იუმორით გაჯერებულ, უაღრესად გონებამახვილურ ტექსტებს, რომელთა ერთი ნაწილი ავტობიოგრაფიული ხასიათის იყო, მეორე კი - კამილ სენ სანსის "ცხოველთა კარნავალის" ლიტერატურულ-მუსიკალური ვარიაცია.

ამ კეთილმა, სათნო და მხიარულმა მოხუცმა ჩემი მეხსიერებიდან სრულიად წაშალა მასზე ორმოცი წლით ახალგაზრდა, ცბიერი და ულმობელი ლენტულუსი კინოფილმ "სპარტაკიდან". პიტერ უსტინოვი სწორედ ისეთად გამახსენდება ხოლმე, როგორიც ამ ორწელიწადნახევრის წინ პრაღის ოპერაში ვნახე - მოღიმარი და სხვისი გამრთობი: ტყუილად არ დაუწერია დედით გერმანელსა და მამით რუს ბრიტანელ მსახიობს: "ერთხელ და სამუდამოდ დავიწერე ჯვარი სიცილთან, რომლის ხმა მუდამ მსოფლიოს ყველაზე ცივილიზებულ მუსიკად მეჩვენებოდა."

სიცილით კი პიტერ უსტინოვი თავის მაყურებელს აი, ასე აცინებდა:
[პიტერ უსტინოვის ხმა]

წამყვანი:
პიტერ უსტინოვზე დავით კაკაბაძე გესაუბრებოდათ. შეგახსენებთ, რომ ცნობილი ბრიტანელი მსახიობი და მწერალი, "ოსკარის" ორგზის ლაურეატი პიტერ უსტინოვი 28 მარტს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

[მუსიკა კინოფილმიდან "უკანასკნელი ტანგო პარიზში"]

მარლონ ბრანდო 80 წლისაა
წამყვანი:
პიტერ უსტინოვის გარდაცვალებით გულდაწყვეტილ სამსახიობო ხელოვნების მოყვარულთ ამ დღეებში სანუგეშოდ შეიძლება შევაშველოთ ჩვენი შემდეგი სიუჟეტის გმირი, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი მარლონ ბრანდო, რომელსაც 3 აპრილს 80 წელი უსრულდება. ჰოლივუდი დღემდე კრძალვით აღივსება, როცა სადმე ხანდაზმული ბრანდო გამოჩნდება ხოლმე. მაგრამ ეს ხშირად არ ხდება. "მსახიობების ღმერთად" წოდებული ბრანდო ხალხში იშვიათად გადის. ადრე კი მას მოციქულებივით დაჰყვებოდნენ თაყვანისმცემლები. იგი კერპად ჰყავდათ შერაცხული ისეთ მსახიობებსაც, როგორებიც არიან ჯეიმს დინი, პოლ ნიუმენი, რობერტ დენირო თუ ალ პაჩინო. თავისი მინიმალისტური, თავშეკავებული ჟესტიკულაციისა და მიმიკის მიღმა ბრანდო იმდენად ავთენტურად ახერხებდა ველური ვნებებისა თუ დაუოკებელი რისხვის შეფარვას, რომ მაყურებელი დღემდე ფიქრობს, ეს კაცი ყოველ წუთს შეიძლება აფეთქდესო. მარლონ ბრანდოზე მასალა ბიძინა რამიშვილმა მოამზადა.
[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
"თუკი ამერიკულ კინოში ამაზე უფრო მაღალი დონე არსებობს, მაშინ ის ჩემთვის უცნობიაო", ჯერ კიდევ 1954 წელს ამბობდა გამოჩენილი რეჟისორი ელია კაზანი ბრანდოს მიერ შესრულებულ მუშა ტერი მალოის როლზე ფილმში "სანაპირო ზოლი". ამ როლისთვის მან პირველი ოსკარი მოიპოვა საუკეთესო როლისთვის. მსოფლიო სახელი კი სამი წლით ადრე მოიხვეჭა ფილმში "სურვილების ტრამვაი".

თავად ბრანდოს თქმით, არცერთი ფილმი ისე არ შეესატყვისება მის საკუთარ ხასიათს, როგორც 1953 წელს გადაღებული "ველური". მასში იგი მოტოციკლეტისტების ბანდის მეთაურს განასახიერებს. "ვერავინ მიკარნახებს, როგორ უნდა მოვიქცეო", ამბობს მისი გმირი. "სწორედ ასე აღვიქვამდი თავს ცხოვრებაშიცო", დასძენს მსახიობი.

ჰოლივუდში ბრანდოს მეამბოხე ხასიათს კინოს მიღმაც კარგად იცნობენ. როცა 1973 წელს ოსკარი მიანიჭეს მთავარი როლისთვის ფრენსის ფორდ კოპოლოას ფილმში "ნათლია", მან ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე ინდიელად გადაცმული მსახიობი გამოიყვანა სცენაზე ამერიკის ძირძველი მოსახლეობის ჩაგვრის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

ბრანდო ერთობ რთულ ვითარებაში აღიზარდა. მამამისზე ამბობდა, "მისი სისხლი ალკოჰოლის, ტესტოსტერონის, ადრენალინისა და ბოღმისგან შედგებოდაო." დედამისი მოყვარული მსახიობი იყო და შვილსაც ყოველმხრივ უწყობდა ხელს სამსახიობო კარიერის დამკვიდრებაში.

60-იან წლებში, რვა ფილმი შემდეგ, ბრანდოს ვარსკვლავმა ჩასვენება იწყო. 1972 წელს დიდი ბრძოლა დასჭირდა დონ კორლეონეს როლის მოსაპოვებლად კოპოლას "ნათლიაში". ამ ფილმით მან კვლავ აღიდგინა ძველი დიდება. [ბრანდოს ხმა კინოფილმიდან "ნათლია"]

ბრანდო მორიგ ოსკარზე წარადგინეს ერთი წლის შემდეგ აღვირახსნილი ქვრივი ამერიკელის როლისთვის ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმში "უკანასკნელი ტანგო პარიზში". [ბრანდოს ხმა კინოფილმიდან "უკანასკნელი ტანგო პარიზში "]

ბრანდო საბოლოოდ აქცია კერპად მეორეხარიხოვანმა როლმა. 1979 წელს კოპოლას მიერ გადაღებულ ფილმში "აპოკალფსი დღეს", რომელიც ვიეტნამის ომის ტრავმას ეხება, მან განასახიერა ურჩი პოლკოვნიკი კურცი, რომელიც თავის სარდლობას აღარ ემორჩილება და საკუთარი, შიშსა და სისასტიკეზე დამყარებული ფილოსოფიით მართავს თავის კერძო სამეფოს შორეული აზიის ჯუნგლებში. [ბრანდოს ხმა კინოფილმიდან "აპოკალიფსი დღეს"]

სიცოცხლის ბოლო პერიოდი ფინანსური და ფსიქოლოგიური პრობლემებით არის აღბეჭდილი. ამაში დიდი წლილი შეიტანა ტაიტი მახლობლად ნაყიდმა კუნძულმა, რომელიც ყოველწლიურად უზარმაზარ თანხას შთანთქავდა. ასევე ძვირი უჯდებოდა მას ინდიელთა მხარდასაჭერად გამიზნული პროექტები, დაბოლოს ოთხი სხვადასხვა ცოლისა და რამდენიმე საყვარლის რჩენა. ბრანდოს ხუთი კანონიერი და ორი უკანონო შვილი ჰყავს.

1990 წელს იგი სულიერი კატასტროფის პირას იმყოფებოდა, როცა მისმა უფროსმა ვაჟმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა თავისი დის, ჩეიენის პარტნიორი. მას ათი წლის პატიმრობა მიუსაჯეს, ჩეიენმა კი კუნძულ ტაიტიზე მოიკლა თავი. მას მერე ბრანდო აღარასოდეს უნახავთ კუნძულზე.

[მუსიკა]
80 წლის გახდა დორის დეი - კინოვარსკვლავი და მომღერალი
წამყვანი:
მარლონ ბრანდოსაგან განსხვავებით, დორის დეის პირად ცხოვრებასა თუ ოჯახის წევრებზე უკვე მრავალი წელია, აღარაფერს ამბობენ. ბოლო ფილმი მისი მონაწილეობით 1968 წელს არის გადაღებული და ბევრს, უბრალოდ, ვერც კი წარმოუდგენია, რომ დორის დეი - 50-იან წლებში და 60-იანი წლების დასაწყისში ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი, ნამდვილი სუპერვარსკვლავი - ჯერ კიდევ ცოცხალია. დიახ, ის ცოცხალია, და 3 აპრილს 80-წლიან იუბილეს ზეიმობს - ალბათ, უახლოესი ადამიანების წრეში და, ალბათ, ოთხფეხა მეგობრებით გარშემორტყმული - ყოველ შემთხვევაში, ასე ცხოვრობს უკვე მრავალი წელი, მას შემდეგ, რაც შოუ ბიზნესს გამოეთხოვა, უარი თქვა ჟურნალისტებთან კონტაქტზე და კერძო ბიზნესი წამოიწყო. ის კალიფორნიაში პატარა სასტუმროს მფლობელი გახლავთ.

დორის დეი, მისივე თქმით, არ მისტირის წარსულს. " საუცხოო დრო იყო, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ წარსული წარსულიაო", ამბობს გაჭაღარავებული მსახიობი, რომლის პარტნიორები თავის დროზე ჯეიმს კაგნი, როკ ჰადსონი, ფრენკ სინატრა, რექს ჰარისონი, კერი გრანტი იყვნენ ... [ნაწყვეტი კინოფილმიდან დორის დეისა და კერი გრანტის მონაწილეობით]

წეღან უკვე ითქვა - დორის დეი პიტერ უსტინოვისა და მარლონ ბრანდოს რანგის მსახიობი შესაძლოა არ იყოს, მაგრამ მრავალმხრივობის თვალსაზრისით უთუოდ სრულიად გამორჩეულ ადგილს იკავებს: ის იყო სუპერვარსკვლავი ბიგ ბენდებსა და რადიოში, კინოსა და ტელევიზიაში; ქალი, რომელმაც აღიარება მოიპოვა იმ წლებში, როცა ფილმებში მერლინ მონროსა და გრეის კელის იღებდნენ; ქალი, რომლის ზოგი სიმღერა 40-იანი და 50-იანი, 60-იანი წლების ყველაზე ცნობილ ჩანაწერებს მიეკუთვნება.
[მუსიკა]

დორის მერი ენ კაპელჰოფი - ამერიკაში დასახლებული გერმანელების ქალიშვილისათვის, ალბათ, ადვილი არ იქნებოდა ასეთი გვარით ჰოლივუდის ვარსკვლავად აღზევება. აი, დორის დეის ფსევდონიმით კი მან ჰიტების სიებიც დაიპყრო და კინოეკრანებიც. თუმცა, ფსევდონიმზე რასაკვირველია, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო მშვენიერი ხმა, მშვენიერი გარეგნობა, სამსახიობო ნიჭი და ნებისყოფა. ძლიერი ნებისყოფა რომ არა, ის ალბათ ადრევე გამოეთხოვებოდა გეგმას, სცენასა და ეკრანზე გამოჩენილიყო - გოგონა, რომელიც ბავშვობიდანვე კარგად ცეკვავდა და ჰოლივუდშიც კი იყო მიწვეული, სულ 14 წლისა ავარიაში მოჰყვა და ფეხი ისე დაიშავა, რომ ცეკვას დიდი ხნით გამოეთხოვა. მაგრამ დორის მერი ენ კაპელჰოფს ხელი არ ჩაუქნევია. ელა ფიცჯერალდის ხმით მოხიბლულმა სიმღერაზე სიარული დაიწყო და 16 წლისა უკვე სცენაზე აღმოჩნდა, 24 წლისამ კი ჰოლივუდის ყურადღებაც მიიპყრო.

დორის დეის უწყინარ მიუზიკლებში იღებდნენ - სახელწოდებებით "ჩემი ოცნება შენა ხარ", "დიდი გრძნობა", "მესიზმრები", "მთვარის ვერცხლისფერ შუქში"... მართალია, დადგა დრო, როცა ის ფილმში დიდმა ალფრედ ჰიჩკოკმაც მიიწვია, მაგრამ დორის დეის ასე ვთქვათ, "განყოფილება" უწყინარი კომედიები უნდა დარჩენილიყო. დიდი პოპულარობა მოიპოვეს ფილმებმა (მათ ტელევიზიით ევროპაში დღემდე საკმაოდ ხშირად აჩვენებენ) დორის დეისა და როკ ჰადსონის მონაწილეობით. ამ ფილმების სიუჟეტში ორიგინალური არაფერია: კოხტა, ქერა, წესიერი გოგონა უდარდელ, დროსტარებისა და ქალების მოტრფიალე ახალგაზრდა კაცს აჯადოვებს. მაგრამ დიალოგები მართლა ძალიან სასაცილოა და დორის დეის, ისევე როგორც მის პარტნიორს, კომიკურ ნიჭს ვერ წაართმევ. გარდა ამისა, ზოგ ფილმში დორის დეი მღერის - მისი მოსმენა კი ნამდვილად ღირს...
[მუსიკა]

წამყვანი:
"მეათე სტუდია" დასასრულს მიუახლოვდა. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ, ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. თბილისში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას პრაღის სტუდიიდან მარიამ ჭიაურელი უძღვებოდა. ლაპარაკობს "რადიო თავისუფლება".

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG