Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი კვარტალის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობამ პირველი კვარტალის ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულა, რამაც საშუალება მისცა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო

პრესკონფერენცია გაემართა და საზოგადოებისათვის ახალი სოციალური პროექტებიც წარედგინა.

საკმაოდ ეფექტურმა ანტიკორუფციულმა ღონისძიებებმა, ბიუჯეტის სახარჯო პოლიტიკის შედარებითმა მოწესრიგებამ და საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებამ სტიმული მისცა ფისკალურ სტრუქტურებს, რომ იანვარ-მარტის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში, დაგეგმილთან შედარებით, 40 მილიონზე მეტი ლარის მობილიზება მოეხდინათ. ეს კი, თავის მხრივ, მთავრობას ოპტიმისტურად განაწყობს. ჟვანია აღნიშნავს, რომ დღევანდელ ბიუჯეტში არსებული თანხები აღმასრულებელ ხელისუფლებას საშუალებას აძლევს გასცეს არა მხოლოდ მიმდინარე ხელფასები, პენსიები თუ დევნილთა შემწეობები, არამედ დაიწყოს დაპირებების შესრულება და 15 აპრილიდან მოახდინოს გაზრდილი, 20 ლარის ოდენობის, პენსიის დარიგება თბილისში, ხოლო 17 ლარის ოდენობისა - თბილისის გარეთ. რაც შეეხება დევნილებისთვის შემწეობის გაცემას, მთავრობა ,,სააღდგომოდ" მათ ორ-ორი თვის დახმარებას დაურიგებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პენსიები მაისის თვიდანაც თითო ლარით გაიზრდება.
ამასთან, ჟვანია ფიქრობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები მთავრობას საშუალებას აძლევს დაიწყოს ჯანდაცვის პროგრამების კუთხით არსებული - ასევე დიპლომატიურ სამსახურში დაგროვილი - უზარმაზარი დავალიანებების დაფარვა.

საინტერესოა, რომ, სოციალური პროგრამების დაფინანსების გარდა, ხელისუფლება გეგმავს ერთგვარი საინვესტიციო და მიზნობრივი პროექტებისთვისაც მოიცალოს. ასე მაგალითად, აპრილში დაიწყება დასავლეთ საქართველოში ჩაის პროგრამების დაფინანსება; ასევე, უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვანი ღონისძიებანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების თვალსაზრისით.

ამასთან, სასიხარულოა, რომ პრემიერი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს. ჟვანიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის შესრულება სამი თვის განმავლობაში 40 მილიონითაა გადაჭარბებული და შესრულების მაჩვენებელი ბიუჯეტში რეალურად არსებული ფულია, ეს მთავრობისთვის მაინც არ წარმოადგენს დამაკმაყოფილებელ მდგომარეობას, რადგან როგორც საბაჟო, ისე საგადასახადო სამსახურში რჩება პრობლემები, გადასახადების ამოღების თვალსაზრისით, და, ამავე დროს, საკმაოდ დაბალი ლეგალიზაციის მაჩვენებლებია განსაკუთრებით ნავთობპროდუქტების დაბეგვრის მხრივ. ანუ საგადასახადო ბაზის პოტენციალი გაცილებით მაღალია და ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება ილუზიის საფუძველი ნამდვილად არ უნდა გახდეს.

საინტერესოა, რომ საქართველოს ბიუჯეტს დამატებითი შემოსავლების მიღების საკმაოდ ეფექტური და აქამდე უპრეცედენტო წყარო გაუჩნდა. გენერალური პროკურატურის მიერ ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკებიდან ამოღებული თანხებით ხაზინა რამდენიმე მილიონი ლარით "გამდიდრდა". ვერ გეტყვით, მსოფლიოში მოიძებნება თუ არა ბიუჯეტის შევსების მსგავსი მეთოდი, მაგრამ, თუ გენერალური პროკურატურის მიერ აღებულ ტემპს გავითვალისწინებთ, ადვილი შესაძლებელია, ამ საშუალებით შემოსულმა თანხებმა ბიუჯეტის სხვა მუხლებით გათვალისწინებულ საშემოსავლო ნაწილსაც გადააჭარბოს.

თავად ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტალის სტატისტიკური მაჩვენებელი, სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული მონაცემებით, შემდეგნაირად გამოიყურება: შემოსავლებმა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, გრანტების ჩათვლით, 299,61 მილიონი ლარი შეადგინა, როდესაც პროგნოზირებული მაჩვენებელი 268,70 მილიონი იყო, ანუ გეგმა 112%-ით არის შესრულებული.

ამასობაში აღმასრულებელი ხელისუფლება 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობას ასრულებს. ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ფორმირება ოთხშაბათს დასრულდება.
ნოღაიდელი, ტრადიციულად, ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ წლევანდელი წელი იქნება გარდატეხისა და ბიუჯეტის სწორად დაგეგმარება-განაწილების წელი.

საინტერესოა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით არც წინა ფინანსთა მინისტრები გამოირჩეოდნენ მაინცდამაინც დიდი თავმდაბლობით და პროექტს ათასგვარი აღმატებული ეპითეტებით ამკობდნენ. თუმცა ეს, როგორც წესი, პროექტის დამტკიცებამდე ხდებოდა, ხოლო უკვე მისი შესრულების სტადიაში "ამბიციური", "გარდამტეხი" და "სოციალურად ორიენტირებადი" საბიუჯეტო კანონი ერთობ უბადრუკ, მუდმივი სეკვესტრისა და დეფიციტისათვის განწირულ სანახაობას წარმოადგენდა. წლევანდელი წლის საბიუჯეტო წარმატება იმედს გვაძლევს, რომ ახალი მთავრობის ამბიცია ამჯერად მაინც გამართლდება და კარგი საბიუჯეტო სტარტი ამგვარივე ფინიშით დასრულდება.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხილული 2004 წლის ბიუჯეტის პროექტი, მართლაც, ამბიციურია და მისი ხარჯვითი ნაწილი 27%-ით, ანუ 400 მილიონი ლარით, არის გაზრდილი, შემოსავლები კი 300 მილიონი ლარით გაიზარდა. ნოღაიდელის თქმით, დაფინანსების დროს გათვალისწინებული იქნება ყველა უწყების - მათ შორის, ძალოვანი უწყებების - მოთხოვნები და აღნიშნული თანხები, რომელიც ბიუჯეტშია აკუმულირებული, პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდება. საინტერესოა, რომ წინა წლებში მთავრობაში პროექტის წარდგენისას უწყებებს შორის საბიუჯეტო ვაჭრობა ჩვეული მოვლენა გახლდათ და სამინისტროები თავიანთი გავლენის პირდაპირპროპორციულად ახერხებდნენ დამატებითი დაფინანსება "გამოეტყუათ" საფინანსო უწყებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტი ჯერჯერობით გუნდური პრინციპებით მოქმედებს და მინისტრები თავიანთი პრეტენზიების ღიად დაფიქსირებას ერიდებიან, ყველა უწყება პროექტით და არსებული დაფინანსებით ნამდვილად ვერ იქნება კმაყოფილი.
თუმცა სამინისტროების პირველ პირთა მოთხოვნები, მათ წინამორბედებთან შედარებით, მოკრძალებულია. მაგალითად, განათლების მინისტრი კახა ლომაია დარგისთვის ბიუჯეტიდან 18 მილიონ ლარს ითხოვს, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი გოკა გაბაშვილი კი - 22 მილიონს, უშიშროების მინისტრი - 18 მილიონს და ენერგეტიკის მინისტრი - 39 მილიონს, ჯანდაცვის მინისტრი - 420 მილიონ ლარს, საიდანაც სოციალური სფეროს დასაფინანსებლად 350 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მომავალ კვირას, მთავრობაში საბოლოო შეჯერების შემდეგ, საბიუჯეტო კანონპროექტი ახალ საკანონმდებლო ხელისუფლებას წარედგინება. ზურაბ ნოღაიდელი ვარაუდობს, რომ 10 მაისისთვის საქართველოს ახალი ბიუჯეტი ექნება. მანამდე კი ფინანსთა სამინისტროს თვეში მხოლოდ შარშანდელი წლის ბიუჯეტის კანონის ერთი მეთორმეტედის ხარჯვის უფლება აქვს.
XS
SM
MD
LG