Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის მუყტადა ალ სადრი


ერაყში განვითარებულმა სისხლიანმა შეტაკებებმა შიიტთა ახალგაზრდა სასულიერო ლიდერი მუყტადა ალ სადრი საყოველთაო


ყურადღების ცენტრში მოაქცია. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ბაღდადის მახლობლად, ქალაქ სადრში მუყტადა ალ სადრის მომხრეებსა და კოალიციის ჯარებს შორის წარმოებულ ბრძოლებში 90 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 7 ამერიკელი ჯარისკაცი. ამის შემდეგ, გასული ღამის განმავლობაში, ალ სადრის მომხრეებმა ქალაქ ბასრაში მთავრობის შენობა დაიკავეს. ვინ არის მუყტადა ალ სადრი და რამდენად გავლენიანია იგი.

დღეს ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ადმინისტრატორმა პაულ ბრემერმა ალ სადრს კანონისადმი დაუმორჩილებლობაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ რადიკალ შიიტებს ქვეყანა ქაოსისაკენ მიჰყავთ.
გასულ კვირას ალ სადრმა ქადაგებებში თავის მომხრეებს ურჩია, რომ ოკუპანტებს შებრძოლებოდნენ ყველგან, სადაც კი შეხვდებოდნენ. 4 აპრილს ალ სადრმა თავის მიმდევრებს ეგრეთ წოდებული ფუჭი პროტესტის დასრულებისაკენ მოუწოდა, თუმცა მტრის ტერორიზება მაინც საბრძოლო ამოცანად დაუსახა.

[შეძახილები] "დიახ,დიახ, მუყტადა. არა, არა, ამერიკა. არა, არა, ამერიკა."

ალ სადრის ანტი-ამერიკულ განცხადებებში ახალი არაფერია. გასული წლის განმავლობაში იგი ერაყის ღარიბი და გაუნათლებელი შიიტი მოსახლეობის წინაშე არაერთხელ გამოვიდა ანტისაოკუპაციო მოწოდებებით. ძალადობის უკანასკნელი ტალღა ბრემერის მიერ 28 მარტს ალ-სადრის გაზეთის "ალ-ჰავზას" დახურვამ გამოიწვია. გაზეთი, ბრემერის აზრით, ძალადობის წაქეზებას ემსახურებოდა. გასულ კვირას კოალიციამ ალ-სადრის გამაღიზიანებელი კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა-მკვლელობასთან კავშირის მოტივით დააპატიმრა ალ-სადრის მთავარი მრჩეველი მუსტაფა უაქოუბი.

ალ სადრი დაახლოებით 30 წლისაა. იგი გავლენიან სასულიერო დინასტიას მიეკუთვნება. იგი გრანდ აიათოლა მუჰამედ ალ სადრის შვილია. აიათოლა მუჰამედ ალ სადრი 1999 წელს სადამ ჰუსეინთან მომუშავე აგენტებმა მოკლეს, რითაც იგი ყოფილ რეჟიმთან შიიტთა წინაღმდეგობის მთავარ სიმბოლოდ იქცა.

ბრიტანეთის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიის პოლიტიკის ლექტორი ლარბი სადიკი ამბობს, რომ ალ სადრი პოპულისტია, რომელმაც წარმატების მიღწევა შიიტთა შორის არსებული მზარდი უკმაყოფილების გამოყენებით შეძლო.

სადიკის თქმით, ალ სადრი საკმაოდ ახალგაზრდა და გამოუცდელია საიმისოდ, რომ სერიოზულ ლიდერად ჩაითვალოს. შესაბამისად შიიტთა სასულიერო იერარქია ქვეყნის წამყვან სასულიერო პირს გრანდ აიათოლა ალ სისტანის უჭერს მხარს. სადიკის აზრით, სისტანის მოწოდებების შემთხვევაში, სიტუაცია ამჟამად გაცილებით უარესი იქნებოდა, ვიდრე არის.


თუმცა ამის მიუხედავად, სადიკი აღიარებს, რომ ალ სადრი გასათვალისწინებელი ფიგურაა.

სადიკის ხმა " ალ სადრი განათლებული ოჯახიდანაა. მას მამა მოუკლეს, როგორც იცით, მის უკან დგას ოჯახური კლანი, რომელიც, როგორც ჩანს საკმაოდ ძლიერია."

გასულ შემოდგომას ალ სადრმა ერაყში ამორალობისა და ეგრეთ წოდებული უცხოელთა იდეოლოგიის წინააღმედგ საბრძოლველად საკუთარი დაჯგუფება შექმნა.
თუმცა განაცხადა, რომ მისი მიზანი მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაა და არა ამერიკელ ჯარისკაცებთან შეიარაღებული დაპირისპირება.

ალ სადრს არც თავისი სიძულვილის დამალვა უცდია 25 კაციანი მმართველთა საბჭოს მიმართ, რომლის წევრები შიიტთა პარტიის წევრებიც არიან.

შიიტთა პარტიის ახლად დაარსებული დემოკრატიული ისლამისტური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მუჰამედ აბდელ ჯაბარი ამბობს, რომ ალ სადრის პოპულარობა პირდაპირაა დაკავშირებული შეერთებული შტატების წარუმატებლობასთან. კერძოდ, ქვეყანაში წესრიგისა და კანონიერების დამყარების მიმართულებით.

XS
SM
MD
LG