Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ მირზაშვილი - 70


თენგიზ მირზაშვილს, მხატვარს, რომელსაც არა მარტო ახლობლები,

არამედ ხელოვნების უბრალო მოყვარულებიც შინაურულად "ჩუბჩიკას" ეძახიან, 70 წელი შეუსრულდა. ქართულ ბიოგრაფიულ ლექსიკონში იგი ძალიან მოკლედ აყალიბებს თავის კრედოს: "ქვეყანაში საბჭოთა ინერციის დაძლევა". ფერწერაში საბჭოთა ინერციის დაძლევა თენგიზ მირზაშვილმა ჯერ კიდევ 60-იან წლებში შეძლო. თუმცა ამით არ დაკმაყოფილდა და ჯერ "ქართულ საბჭოთა ხელოვნებათმცოდნეობას" შეუტია, შემდეგ კი საბჭოურად მოაზროვნე ხელისუფლებას. თენგიზ მირზაშვილი არასდროს დარჩენილა გულგრილი იმის მიმართ, რაც მის ქვეყანაში ხდებოდა. მხატვრის ვაჟი, ასევე მხატვარი და პოეტი გიორგი მირზაშვილი, ჩემთან საუბარში აღნიშნავს, რომ 70 წლის თენგიზ მირზაშვილი ახალგაზრდებზე უფრო "ახალგაზრდულად" აზროვნებს - როგორც მხატვარი და როგორც მოქალაქე:

[გია მირზაშვილის ხმა] "ის უფრო თანამედროვეა ჩემზე - კომპიუტერთან მეტი ურთიერთობა აქვს, მე საერთოდ არა მაქვს - ტემპით, რიტმით... ის უფრო კომუნიკაბელურია, თენგიზი, მე უფრო ჩაკეტილი ვარ."

მირზაშვილი-შვილი აღიარებს, რომ მირზაშვილი-მამა მასზე უფრო თანამედროვეა. გიორგი მირზაშვილი ამტკიცებს, რომ "ჩუბჩიკა" ერთფეროვნებას ვერ იტანს და მთელი ცხოვრება ძიებაშია... როგორც ჩანს, იმ ადამიანებს უპასუხებს, ვინც დღემდე ჯიუტად ამტკიცებს, რომ თენგიზ მირზაშვილი ვერა და ვერ ელევა 60-იან წლებში დამკვიდრებულ "სოფლურ მხატვრობას", რომ მისი ფერწერული ენა დროთა განმავლობაში თითქმის არ იცვლება. რა თქმა უნდა, მირზაშვილის სურათს მაშინვე იცნობს ისიც, ვინც მაინცდამაინც ვერ ერკვევა ფერწერის ნიუანსებში. უბრალოდ, მისი ფერწერა ყოველთვის იპყრობს ყურადღებას და ამიტომ ადვილად გამახსოვრდება და როცა გამახსოვრდება, ძველ და ახალ სურათებს შორისაც ხედავ მსგავსებას. ასეთია იგი, როგორც ფერმწერი და როგორც ადამიანი. იქაც კი, სადაც ხალხმრავლობაა, თენგიზ მირზაშვილი ყოველთვის ცენტრში დგას - ლაპარაკობს მხატვრობაზე, ხალხურ მუსიკაზე, ფოლკლორზე (2000 წელს იგი ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების საზოგადოების წევრი გახდა) და, რაღა თქმა უნდა, პოლიტიკაზეც.
[გია მირზაშვილის ხმა] "ყველაფერი აინტერესებს ამ კაცს, ერთ ადგილას არ ჩერდება, დაუთმობს რამდენიმე თვეს, მერე გადადის სხვაზე, სულ სიახლის ძებნაშია."

მაგრამ, ვისაც მართლა უყვარს ფერწერა და სულაც არ ჰგონია, რომ მხატვარმა მრავალფეროვნების მისაღწევად საკუთარ თავს უნდა უღალატოს, ეს ხალხი ადვილად დაინახავს თენგიზ მირზაშვილის, როგორც ფერმწერის, განვითარების გზასაც. თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა, სერგო ქობულაძის მოწაფემ, თუშეთის ციკლით დაიწყო. ხატავდა ტემპერაში, იყენებდა ტუშს, გუაშს. 50-იანი წლების მიწურულს, როცა თენგიზ მირზაშვილმა აკადემია დაამთავრა, ქართულ ფერწერაში სულ რამდენიმე მხატვარმა გაბედა ფერთა ლაქების ასეთი თამამი დაპირისპირება. მაგრამ "ჩუბჩიკა" თუშური პეიზაჟით არ შემოფარგლულა. გადიოდა დრო და ადამიანის როლი სულ უფრო მეტად იზრდებოდა მის შემოქმედებაში. მოგვიანებით, 80-იან, 90-იან წლებში, მას პორტრეტი გაიტაცებს, თუმცა ადამიანები მანამდეც ჩნდებოდნენ მის პეიზაჟებში; თავად პეიზაჟის დეკორატიულობა და ადამიანების მონუმენტურობა, სიდიადე იმდენად ბუნებრივად ერწყმოდა ერთმანეთს, რომ მაშინვე გაჩნდა ხალხური ხელოვნების ასოციაციები. თენგიზ მირზაშვილი კი ქართულ კულტურას, მათ შორის, არქიტექტურას წლების განმავლობაში სწავლობდა. იგი ხომ არა მარტო მხატვარია, იგი მეცნიერიცაა. 80-იან წლებში თენგიზ მირზაშვილი პირველი იყო, ვინც, ზურაბ კიკნაძესთან ერთად, ეჭვის ქვეშ დააყენა ქართული ადრექრისტიანული არქიტექტურის ჩასახვისა და ევოლუციის იმ კონცეფციის მეცნიერული საფუძვლები, რომელიც 20-იან წლებში შემუშავდა და რომელიც ქართველ-საბჭოთა ხელოვნებათმცოდნეებისა და ისტორიკოსების მუშაობის მეთოდებს განსაზღვრავდა. ამ გამოკვლევებმა ხელოვნების ისტორიკოსთა მძაფრი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. არადა, თვით გიორგი ჩუბინაშვილიც განმარტავდა, რომ ევოლუციის ცნების მიყენება კულტურული ფაქტისადმი, თეორიული და აპრიორული ხასიათისაა. თენგიზ მირზაშვილი და ზურაბ კიკნაძე ამტკიცებდნენ, რომ ხელოვნების ისტორია არ შეიძლება დაემორჩილოს სქემებს, ფორმულებს... და რომ ამ ფორმულებს არ ემორჩილება არც ქართული არქიტექტურის ისტორია.

დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, თენგიზ მირზაშვილმა ამ პოლემიკით შემოქმედებითი მუხტი შემატა ქართულ ხელოვნებათმცოდნეობას. მიუხედავად იმისა, რომ მის მოსაზრებებს ქართველი მეცნიერების უმრავლესობა ძალზე აგრესიულად შეხვდა, 80-იან წლებში დაიწყო დისკუსია ქართული კულტურის ისტორიაზე... ყურადღება მიექცა იმ ძეგლებს, რომელიც, ასე ვთქვათ, "ვერ ჩაეწერა" ევოლუციის თეორიაში. ჩვენმა მეცნიერებმა იმის გააზრება დაიწყეს, რომ ხელოვნების ისტორიისთვის არა მარტო "ევოლუცია", არამედ "რევოლუციაცაა" ცნობილი... ე.ი. მოხდა ის, რასაც ითვალისწინებდა კიდეც თენგიზ მირზაშვილისა და ზურაბ კიკნაძის შრომები... დაიწყო კონფორმიზმის დაძლევა მეცნიერებაში... სწორედაც რომ კონფორმიზმისა, რადგან ნებისმიერი სქემა, მით უმეტეს, ისეთ "არაზუსტ" მეცნიერებაში, როგორიც ისტორიაა, და, მით უმეტეს, ხელოვნების ისტორია, მხოლოდ და მხოლოდ აფერხებს როგორც ამ მეცნიერების, ასევე ხელოვნების განვითარებას.

ერთ-ერთ ასეთ სადისკუსიო წერილში მირზაშვილი და კიკნაძე წერენ, რომ ქართველ ხელოვნებათმცოდნეებს ზოგჯერ გაზვიადებულად აქვთ წარმოდგენილი ეროვნული ფაქტორი ხუროთმოძღვრებაში, რომ ეროვნული ხელოვნების თვითმყოფადობაზე მსჯელობის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს - ეს კულტურა კარჩაკეტილი არ ყოფილა და თითქმის ყოველთვის განიცდიდა სხვა კულტურების გავლენას.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ითქვა სწორედ 80-იან წლებში, როცა ქართულ კულტურას აშკარად დაეტყო კარჩაკეტილობისკენ მიდრეკილება, როცა უკვე გაისმა "მესიანური" ლოზუნგები"... მნიშვნელოვანია, რომ ეს თქვა თენგიზ მირზაშვილმა - მხატვარმა, რომელმაც მთელი თავისი შემოქმედებითი ცხოვრება ეროვნული მხატვრული ფორმის ძიებას მიუძღვნა, გააფორმა ასამდე წიგნი, მათ შორის, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები, "ვეფხისტყაოსანი", უამრავი დრო დაუთმო ფიროსმანის შემოქმედების შესწავლას.

ფიროსმანი - თენგიზ მირზაშვილის იდეალია. მხატვრის ვაჟი გიორგი მირზაშვილი აღნიშნავს, რომ უშუალობის ეს განცდა, მონუმენტურისა და დეკორატიულის სინთეზი, მირზაშვილის სურათებში სწორედ ფიროსმანიდან მოდის. გიორგი მირზაშვილის თქმით, უშუალობისა და უბრალოებისკენ სწრაფვა აერთიანებს მირზაშვილების სამივე თაობას - თენგიზ მირზაშვილის მამას, ცნობილ ქართველ ფერმწერს, კინოს მხატვარს რევაზ მირზაშვილს, მირზაშვილ-შვილს, თენგიზ მირზაშვილს, და მირზაშვილების ახალ თაობას:

[გია მირზაშვილის ხმა] "ალბათ, დამოკიდებულება მხატვრობის მიმართ... რაღაც გადამღერება კი არ მოხდეს... რომ არ დაიკარგოს გარკვეული უშუალობა, რომ არ დაიკარგოს ნაღდი, პირველად რასაც შეიგრძნობ, ის გადმოიტანო ტილოზე."

გიორგი-მირზაშვილს ვკითხეთ, თუ რაში გამოიხატა ევოლუცია თენგიზ მირზაშვილის შემოქმედებაში, რა შეიცვალა ახლა უკვე 70 წლის მხატვარში, რომელმაც თავის დროზე, ზურაბ ნიჟარაძესთან, ედმონდ კალანდაძესთან, ჯიფსონ ხუნდაძესთან და სხვებთან ერთად, გადატრიალება მოახდინეს ქართულ ფერწერაში - სურათს სიცოცხლე, ფერწერას ფერი დაუბრუნეს.

[გია მირზაშვილის ხმა] "უღრმავდება - ფერთა შეხამება, კომპოზიცია… ხომ შეიძლება ერთსა და იმავე სიმღერას მღეროდე, მაგრამ უფრო ჩაუღრმავდე, უფრო დახვეწო ჰარმონია, როგორც, მაგალითად, ადამიანი აკეთებს ხის კოვზებს, აკეთებს 50 წლის განმავლობაში და ხვეწს ამას - ამ სრულყოფის, დახვეწის მომენტი იგრძნობა... რა თქმა უნდა, თემატურად არ იცვლება, მაგრამ ჩემთვის ღრმავდება."

ღრმავდება ჩვენთვისაც - იმ ხალხისთვის, ვისაც ფერწერა უყვარს. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ "ჩუბჩიკა მეორდება", მაგრამ ისინიც კი განსაკუთრებული პატივით და, როგორც წესი, ღიმილით იხსენებენ თენგიზ მირზაშვილს - კაცს, რომელიც გამოფენას გამოფენაზე მართავს, ხან ცალკე, ხან ოჯახის წევრებთან ერთად, ხან ნიჭიერ ადამიანებს პოულობს და მათ უწყობს გამოფენებს, ლიტერატურულ საღამოებს... ასეა, "ჩუბჩიკა" მღერის ერთსა და იმავე სიმღერას, რომელსაც "შემოქმედება" ჰქვია.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG