Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების ძალები ფალუჯაში სიმშვიდეს ინარჩუნებენ


ორშაბათს შეერთებული შტატების სარდლობამ პირველად გამოაქვეყნა ერაყში, მიმდინარე თვის საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ოფიციალური ციფრი.

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერლის მარკ კიმიტის განცხადებით, სულ დაღუპულია 770 ადამიანი; მათგან კოალიციის 70 წევრი, დანარჩენი კი - ერაყელი მეამბოხეები. ეს მაჩვენებელი საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული სამოქალაქო პირების რიცხვს არ ასახავს. თუმცა, მეორე მხრივ, ორშაბათსვე, კიმიტმა უარყო ფალუჯის ხელისუფალთა მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქალაქში ბოლო დღეებში დაღუპული 600 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილის მიზეზი სწორედ შეერთებული შტატების ალყა გამხდარიყოს.

მშვიდობიან მოსახლეთა გარდაცვალების მიზეზად ალყის დასახელება გენერალმა კიმიტმა ადგილობრივი პროპაგანდის მონაჭორად შეაფასა. გენერლის თქმით, მეამბოხეები ქალებსა და ბავშვებს ბრძოლებში ცოცხალ ფარებად იყენებენ და ცდილობენ, საომარ მოქმედებათა ადგილებად აქციონ სკოლები, მეჩეთები, საავადმყოფოები.

გასული ღამის განმავლობაში შეერთებულ შტატებსა და სუნიტ ექსტრემისტებს შორის დადებული დროებით ზავს რამდენიმეჯერ დაემუქრა დარღვევის საფრთხე. კიმიტი ამბობს, რომ ჯერ კიდევ არის იმედი, რომ მოლაპარაკება უშედეგოდ არ დასრულდება.

[მარკ კიმიტის ხმა] "ჩვენი საზღვაო დესანტი მზად არის, ბრძანების მიღებისთანავე, განაგრძოს ოპერაცია ფალუჯაში მტრის ძალების საბოლოო განადგურების მიზნით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ ამის უნარი შესწევთ. ისინი საკმარისზე უკეთ არიან აღჭურვილი; საკმარისზე მეტად - შეიარაღებული. მაგრამ ამ ეტაპზე პოლიტიკური გზის გამონახვას ვცდილობთ. და დიდი იმედით ველით ნაყოფიერი დისკუსიის დაწყებას, რათა საბოლოოდ მივაღწიოთ ვითარებას, რომელიც ამ ქალაქში ერაყელთა ლეგიტიმური მმართველობის აღდგენის საშუალებას მოგვცემდა."

კონფლიქტის ზონაში მყოფი კორესპონდენტები იუწყებიან, რომ 12 აპრილის დილამდე, თითქმის სამი საათის განმავლობაში, ფალუჯის ერთ ნაწილში აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმოდა. შეერთებული შტატების არმიის წარმომადგენლის თქმით, ბრძოლებში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა. მოწინააღმდეგეთა რიგებში კი მსხვერპლი გაცილებით დიდი იყო. ამავე წყაროს ინფორმაციით, "კობრის" ტიპის ვერტმფრენმა ფალუჯა მანამდე დაბობმბა, ვიდრე მეამბოხეები იერიშს წამოიწყებდნენ.

სამხრეთ ერაყში ზოგიერთი მაღალჩინოსანი სამხედრო პირი არ გამორიცხავს მუყტადა ალ სადრის რადიკალურ შიიტურ დაჯგუფებასთან საერთო ენის გამონახვას. ალ სადრის შეიარაღებული რაზმები გასული კვირიდან აკონტროლებენ ქალაქებს ქარბალასა და ნაჯაფს. ეს მოსაზრება გარკვეულწილად დაადასტურა კიმიტმაც. მან განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედება კონფლიქტის გადაჭრის აუცილებელ პირობად არ მიაჩნია.

[მარკ კიმიტის ხმა] "ცხადია, დიდად არ ვესწრაფით წმიდა ქალაქებში - ქარბალასა და ნაჯაფში შესვლას. კარგად გვესმის, რას წარმოადგენს ეს ქალაქები აქაური ხალხისთვის, შიიტური სარწმუნოებისთვის. მაგრამ ჩვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, ქვეყანაში შენარჩუნებულ იქნეს უსაფრთხო გარემო. და ვიდრე სადრი და მისი რაზმები აქ პარპაშს განაგრძობენ, იძულებული ვიქნებით, მივმართოთ ყველა აუცილებელ ზომას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ავლაგმოთ სადრი და მისი შენაერთები."

თავის მხრივ, ერაყის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პოლ ბრემერი აცხადებს, რომ შიიტთა წინააღმდეგობის შეჩერება მხოლოდ ალ სადრის დაკავებითა და სასამართლოსთვის გადაცემითაა შესაძლებელი.

[პოლ ბრემერის ხმა] "ამ კაცზე ერაყის საგამოძიებო მაგისტრატისა და მკვლელობათა საქმის განმხილველი მოსამსართლის მიერ გაცემულია დაპატიმრების ორდერი და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მან პასუხი უნდა აგოს ერაყის სასამართლოს წინაშე. იმედი გვაქვს, მოვახერხებთ, რომ მართლმსაჯულებას იგი სისხლის მინიმალურად დაღვრით გადავცეთ."

ნაჯაფის პოლიციის უფროსის განცხადებით, დღეს მისმა ძალებმა ქალაქზე კონტროლი აღადგინეს. მისივე თქმით, შეერთებული შტატების კოალიციასა და სადრის შენაერთებს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვით, კოალიციის ძალების ნაცვლად, ნაჯაფს ადგილობრივი პოლიცია გააკონტროლებს.

თუმცა ორშაბათს, როგორც გენერალმა კიმიტმა, ისე კოალიციის პრესმდივანმა დენ სენორმა, განაცხადეს, რომ მათ ამგვარი შეთანხმების თაობაზე არაფერი სმენიათ. იგივე თქვა ნაჯაფში განთავსებული კოალიციური ჯარების წარმომადგენელმა პოლონელმა მაიორმა სლავონიჩ ვალენჩიკოვსკიმ.

გაურკვეველი ვითარებაა მძევალთა საკითხშიც. ეგრეთ წოდებული "მუჯაჰედთა ბრიგადის" მიერ გატაცებული სამი იაპონელის ბედი კვლავაც დაუდგენელია. იაპონელი დიპლომატების თქმით, მათი გათავისუფლების საქმეში არავითარი პროგრესი არ შეინიშნება. თუმცა, მეორე მხრივ, თვითგამოცხადებული ერაყელი შუამავალი, მეჟერ დულაიმი ამბობს, რომ პროგრესი სწორედ გამტაცებელთა სასარგებლოდ იკვეთება.

გამტაცებლები მძევალთა სიკვდილით დასჯით იმუქრებიან, თუ იაპონია ერაყიდან თავის სამხედრო ნაწილებს არ გაიყვანს. ერაყში გატაცებულ უცხოელებს 11 აპრილს ჩინელებიც დაემატნენ. გატაცებული ჩინელების ბედი ჩინეთში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის ვიზიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ვიზიტი 13 აპრილს შედგება.
XS
SM
MD
LG