Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბიეს


სომხეთში პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის მოწინააღმდეგეები მის გადადგომას მოითხოვენ, მრავალათასიან დემონსტრაციებს მართავენ და, თუ თვით ქოჩარიანის ნათქვამს მოვიშველიებთ, ქართული "ვარდების რევოლუციის" გამეორების იმედი აქვთ.

მაგრამ სამშაბათს დილაუთენია ერევანში მოხდა ის, რისი მოწმეც საქართველოში შარშანდელი ნოემბრის დღეებში ერთხელაც არ გავმხდარვართ: პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, სცემა და დააპატიმრა რამდენიმე დემონსტრანტი.

აი, როგორ აღწერა ერევანში დემონსტრაციის დარბევის სცენა ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა ჰრახ მელქუმიანმა პირდაპირ ეთერში: [მელქუმიანის ხმა] " ხალხი პანიკაშია, გარბიან მარშალ ბაღრამიანის პროსპექტზე. პოლიციელები მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ, მოხსნეს მავთულხლართები, რომლებიც პარლამენტის შენობისაკენ მისასვლელს ხერგავდა და ხალხს დაერიენ. ახლა დილის 2 საათია".

პოლიციამ დემონსტრაცია, როგორც მელქუმიანის რეპორტაჟიდანაც ჩანს, სამშაბათს დილაუთენია დაარბია. სულ რამდენიმე ათეულ მეტრში პარლამენტის შენობიდან და პრეზიდენტ ქოჩარიანის რეზიდენციიდან. იმ დროისათვის დემონსტრანტების რიცხვი, როგორც ჩანს, დაახლოებით 3 000 იყო მას შემდეგ, რაც წინა დღეს, ორშაბათს 10 000-მდე კაცმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო სვლაში. ისინი მარშალ ბაღრამიანის პროსპექტზე, ქოჩარიანის ოფისის მიმართულებით მიიწევდნენ. პოლიციის ძალებმა ისინი აიძულა, შეჩერებულიყვნენ, რის შემდეგაც დემონსტრანტების დაახლოებით მესამედმა გადაწყვიტა ღამის იქვე, ქუჩაში გათენება. როგორც კორესპონდენტები იუწყებიან, საპროტესტო გამოსვლამ იმპროვიზებული კონცერტის სახე მიიღო...

2 საათზე კი პოლიციის ოპერაცია დაიწყო. [ხმაური - იხ. აუდიოვერსია] დემონსტრანტები გაიქცნენ, ზოგმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, ზოგი შუკებსა და კერძო სახლებში მიიმალა. მოგვიანებით პოლიციამ დაადასტურა ცნობა ღამის ოპერაციის შესახებ. მისი ინფორმაციით, დაჭრილი და დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. საინფორმაციო სააგენტო "ნოიან ტაპანის" ცნობით, საავადმყოფოებში აღმოჩნდა 16 დემონსტრანტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა საიატ შირინიანმა დემონსტრანტები დაადანაშაულა უშიშროების ძალების პროვოცირებაში: [შირინიანის ხმა] "პოლიციამ რამდენიმეჯერ გააფრთხილა დემონსტრანტები, რომ მათ უკანონო ქმედებას (თუ ის გაგრძელდა) სათანადო რეაქცია მოჰყვებოდა. მაგრამ ამის მიუხედავად ანტი-სოციალური აქციები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს დემონსტრანტებმა პოლიციის ჯარებისაკენაც წაიწიეს".

შირინიანის თქმით (მისი გამოსვლა სომხეთის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა), დემონსტრანტებმა ქვები და აალებადი ხსნარით სავსე ბოთლები ესროლეს პოლიციელებს, თან მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებს იძახდნენ და მმართველი რეჟიმის ძალისმიერი გზით დამხობას მოითხოვდნენ.

მაგრამ ოპოზიცია ამ ბრალდებებს უარყოფს. ის პრეზიდენტ ქოჩარიანსა და სამთავრობო კოალიციას შარშანდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და დაჟინებით მოითხოვს პრეზიდენტისადმი ნდობის საკითხზე რეფერნდუმის გამართვას. ქოჩარიანი, მართალია უარყოფს ბრალდებებს, მაგრამ მისი მოკავშირე პარტია "დაშნაკცუტიუნი", რომელიც სამთავრობო კოალიციის წევრია, გამოვიდა ინიციატივით, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ საშინაო პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში. ამის მიზნად "დაშნაკცუტიუნი" პოლიტიკური კრიზისის განმხუხტვას ასახელებს.

მაგრამ ოპოზიციამ, მათ შორის გაერთიანება "სამართლიანობამ", რომელსაც სტეპან დემირჭიანი ხელმძღვანელობს, ინიციატივა უარყო. შემდეგ რაც მოხდა, სხვადასხვა ინტერპრეტაციის საფუძველს იძლევა: "დაშნაკცუტიუნისა"და მმართველ კოალიციაში შემავალი დანარჩენი ორივე პარტიის დეპუტატებმა ორშაბათს პარლამენტის სხდომა მიატოვეს. მათი განმარტებით, იმიტომ, რომ ხელი შეუწყონ დაძაბულობის განმუხტვას. მაგრამ ოპოზიციური ეროვნული ერთობის პარტიის მეთაური, არტაშეს გეღამიანი სხვა განმარტებას იძლევა: პარლამენტიდან დეპუტატების გასვლა, მისი აზრით, იმის ნიშანია, რომ რობერტ ქოჩარიანის მმართველობას ბოლო ეღება.

ასეა თუ ისე, მარშალ ბაღრამიანის პროსპექტი ერევანში უკვე დაასუფთავეს, ცენტრალური თავისუფლების მოედანი (ოპოზიციის დემონსტრაციების ჩვეული ასპარეზი) - გადაკეტეს. შეძლებს თუ არა ოპოზიცია ანტისამთავრობო გამოსვლების გაგრძელებას - ძნელი სათქმელია და ეს არის პირველი შეკითხვა, რომლითაც ჩემს კოლეგას, ჩვენი რადიოს სომხური რედაქციის თანამშრომელ არმენ ქოლოიანს მივმართე...

[არმენ ქოლოიანის ხმა] "ღამით მომხდარი ამბების შემდეგ დღისით სულ სხვა სურათია - ქუჩები დასუფთავებულია, წინაღობები, მათ შორის მავთულხლართები გაქრა. ვითარება საკმაოდ მშვიდია. მაგრამ რასაკვირველია ყველას ესმის, რომ ამ სიმშვიდის საფასური იყო ღამით ბევრი ადამიანის ცემა. ამიტომ ქალაქში ბევრი დათრგუნულია, დეპრესიაშია მომხდარის გამო. მივიღეთ რამდენიმე ცნობა, რომ სათანადო ორგანოებმა - უშიშროებამ, პოლიციამ - სცადეს ოპოზიციური პარტიების შტაბ-ბინებთან შეკრებილების დაშლა. მაგრამ ოპოზიცია ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება, რომ ის, რაც ღამით მოხდა ადასტურებს: რობერტ ქოჩარიანის რეჟიმი მარცხისთვისაა განწირული, რომ ქოჩარიანი უნდა გადადგეს. მაგრამ ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში (2-3 დღე) გამოსვლები არ იქნება. ოპოზიციამ უნდა ამოისუნთქოს, გააანალიზოს, რა მოხდა. ხელისუფლება კი ამბობს, რომ კოსპრომისებზე არ წავა და დაშლის დემონსტრაციებს, თუ ასეთი რამ ჩატარდა. ვფიქრობ 2-3 დღე შესვენებაა მოსალოდნელი."

და კიდევ ერთი შეკითხვა: რატომ გააქტიურდა სომხეთში ოპოზიცია მაინცდამაინც ახლა? ჩვენი კოლეგის განმარტებით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს და მათ შორის არის "ვარდების რევოლუციად" ცნობილი მოვლენები: [არმენ ქოლოიანის ხმა] "ბოლო დროს სომხეთში და არა მარტო იქ ამბობდნენ, რომ ის, რაც საქართველოში მოხდა, გარკვეულ გავლენას მოახდენდა სხვა ქვეყნებზე, რომ გაგრძელდებოდა "ვარდების რევოლუცია" და ა.შ. სომხეთში ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დალაქიანმა მოსწრებულად იხუმრა "ჩვენთან არ იქნება ვარდების რევოლუცია, ჩვენთან იქნება ცოცხების რევოლუცია, რომლითაც ნაგავს მოვიცილებთო" - რითაც, ცხადია, მთავრობა, პრეზიდენტი იგულისხმა. პრეზიდენტმა ქოჩარიანმა კი საპასუხოდ იხუმრა: "ეს ვარდების კი არა, ჰაერის ბუშტების რევოლუცია იქნებაო". მოკლედ, ორივე მხარე ერთმანეთისადმი ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი".

ამ განწყობას, იმედია, ვითარების გამწვავება და ძალადობა არ მოჰყვება.
XS
SM
MD
LG