Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძევლები და მოლაპარაკებები ერაყში


სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა სასიხარულო ცნობა, რომლის თანახმად 5 უკრაინელი და 3 რუსი სამოქალაქო პირი, რომლებიც ერაყელ მეამბოხეებს ჰყავდათ გატაცებული, ისევ გაათავისუფლეს.

ერთ-ერთი გათავისუფლებულის თქმით, მათ არაფერი დაშავებია "უბრალოდ, წუხელ არ გვეძინაო" [მძევლობიდან გათავისუფლებულის ხმა - იხ. აუდიოვერსია].

სხვა გატაცებულებს, მათ შორის ამერიკელ და ჩეხ სამოქალაქო პირებს, შესაძლოა, ასე არ გაუმართლოს. საქმე ის არის, რომ მძევლების აყვანა ერაყელმა მეამბოხეებმა, როგორც ჩანს, გაიხადეს ერთგვარ იარაღად, რომლითაც ერაყში განთავსებულ უცხოელებს და, საერთოდ, ერაყში სამხედრო ინტერვენციის მომხრეებს ებრძვიან. მსმენელს, ალბათ ახსოვს, რომ რუსეთი ასეთი ინტერვენციის წინააღმდეგი იყო, მაშინ როცა ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა და იაპონიამ, შეერთებული შტატებისადმი მხარდაჭერის ნიშნად, ერაყში სამხედრო კონტინგენტი გააგზავნეს.

ჩეხეთი და იაპონია იმის გამო ვახსენეთ, რომ ერაყში გატაცებულებს შორის ამ ქვეყნების მოქალაქეები იმყოფებიან: იაპონელების (3 სამოქალაქო პირის) შესახებ ჯერ კიდევ გასულ კვირაში შემოგთავაზეთ ვრცელი მასალა. შეგახსენებთ, რომ გამტაცებლები იაპონელების ცოცხლად დაწვით იმუქრებიან, თუ მათი ქვეყანა ერაყიდან ჯარებს არ გაიყვანს. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იუნიჩირო კოიძუმიმ კატეგორიული უარი თქვა მოთხოვნის შესრულებაზე, რასაც დადებითად გამოეხმაურა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი: [ჩეინის ხმა]
"ვფიქრობთ, პრემიერ-მინისტრის პოზიცია სწორია. ჩვენმა მთავრობებმა არ უნდა დაუთმონ ადამიანებს, ვინც ასეთ რამეს არ თაკილობს. ტერორისტებს არ უნდა მივცეთ უფლება, გავლენა მოახდინონ ჩვენი მთავრობების პოლიტიკაზე".

რაც შეეხება ჩეხებს, ორშაბათს გავრცელდა ცნობა ერაყში 3 ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ. შიშობენ, რომ ისინი გაიტაცეს. გარდა ამისა, ამერიკელ გენერალ-ლეიტენანტ რიკარდო სანჩესის განცხადებით, დაკარგულია 2 ამერიკელი ჯარსიკაცისა და 7 სამოქალაქო პირის კვალი. ვარაუდობენ, რომ ისინი ან გაიტაცეს, ან მოკლეს.

გენერალმა სანჩესმა ორშაბათს გააკეთა კიდევ ერთი განცხადება, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს: [რიკარდო სანჩესის ხმა] "ერაყის მმართველი საბჭოს თხოვნით, ფალუჯაში იერიში დროებით შევაჩერეთ. ამის მიზანია მოლაპარაკების გამართვა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ფალუჯაში, რათა ერაყის მთავრობამ დახმარება გაუწიოს სამოქალაქო პირებს". სანჩესის ეს განცხადება ცხადჰყოფს, რომ ერაყთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა: ფალუჯაში დაიწყო მეამბოხეებთან მოლაპარაკება, მაშინ როცა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მეამბოხეებთან მოლაპარაკებაზე სიტყვას არავინ ძრავდა. ახლა კი მოლაპარაკება არა მარტო ფალუჯაში, ანუ სუნიტ მეამბოხეებთან დაიწყო, არამედ, შესაძლოა, შიიტების წარმომადგენლებთანაც მიმდინარეობდეს. ცნობა ამის შესახებ გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" სამშაბათის ნომერში დაიბეჭდა.

ექსპერტების შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობა, ისევე როგორც ერაყელების დიდი ნაწილი, უთუოდ მიესალმებიან აშშ-ის შტატების მიერ აქცენტის მოლაპარაკებებზე გადატანას. დღეისათვის ამერიკელებს ერაყში სამხედრო ძალის მეტისმეტად მასშტაბურ გამოყენებასა და, ამის შედეგად, უცხოელებისადმი აგრესიის გაღვივებაში ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, რომ ეს აგრესია ქართველ სამხედროებსაც უქმნის საფრთხეს - გასულ კვირაში, ოთხშაბათს ერაყში გაემგზავრა მეორე ქართული სამშვიდობო ქვედანაყოფი - საჩხერის მე-16 სამთო-მსროლელი ბატალიონის 160 სამხედრო მოსამსახურე და ერთი ღვთისმსახური.
XS
SM
MD
LG