Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სახსრებით აპირებს პრეზიდენტი სააკაშვილი აჭარის "განიარაღებას"


აჭარის მოსახლეობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების საკითხი თბილისისა და ბათუმის ურთიერთობაში კვლავ მთავარ პრობლემად რჩება. ცენტრი მზადაა პირველი ნაბიჯი თავად გადადგას

ამ საკითხის გადასაწყვეტად და აჭარის მოსახლეობიდან იარაღის ამოსაღებად 1 მილიონამდე ლარიც კი დახარჯოს. რა სახსრებიდან მოხდება ამ თანხის გამოყოფა და რამდენადაა იგი აჭარაში არსებული შეიარაღების საფასურის ადეკვატური?

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ეგრეთ წოდებული ფინანსური ამნისტიის მსგავსად, ყველასათვის მოულოდნელად, კიდევ ერთი ინიციატივა გამოაცხადა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "თუ ასლან აბაშიძე ვერ იბარებს ავტომატებს, მე მზად ვარ გავხსნა ჩაბარების პუნქტები აჭარაში და მე თვითონ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ჩვენ თვითონ ჩავიბაროთ, ფული მივცეთ მოსახლეობას იმ ავტომატებში, რომელიც ასლან აბაშიძემ ამ კვირებში დაურიგა. მე მზად ვარ გადავიხადო ფული და ეს ავტომატები ჩავიბარო და მივცე ჩვენს არმიას და მართლა მივმართოთ მტრის წინააღმდეგ. ხალხს ეს ავტომატები არ უნდა, ძალით შეტენეს."

სააკაშვილის მიერ გამოხატული მზადყოფნა, ფული გადაიხადოს აჭარის მოსახლეობაში გაბნეული იარაღის ამოსაღებად, მოულოდნელი აღმოჩნდა ფინანსთა სამინისტროსთვის. მიუხედავად ამისა, მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მაინც განაცხადა, რომ, იარაღის ამოღების პროცესის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი მზადაა პროცესი 1 მილიონამდე ლარითაც კი დააფინანსოს. ეს ნოღაიდელმა 13 აპრილის დილით თქვა. შუადღისას კი პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ აჭარის განიარაღების პროცესის დაფინანსების სულ სხვა წყაროებზე ილაპარაკა:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "არის ძალიან ბევრი კერძო პირი, ბიზნესმენები, ვინც მზად არის, აი, ასეთი შენატანი გაიღოს იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე."

ჟვანიას მინიშნებითაც კი არ უთქვამს, თუ ვინ არის ასეთი ბიზნესმენი, თუმცა კი დააკონკრეტა, მოსახლეობიდან ამოღებულ თითოეულ ავტომატში ცენტრი 500 ლარს გადაიხდისო. ჟვანიასა და ნოღაიდელის განცხადებათა სხვაობის მიზეზი კი ის არის, რომ ბიუჯეტში მსგავსი ხარჯების გაწევა დაგეგმილი არ ყოფილა.

მე თავდაცვის სამინისტროში ვცადე გამერკვია, თუ რამდენად შეესაბამება პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული თანხა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის რეალურ ფასს და სჭირდება თუ არა არმიას მოსახლეობიდან ამოღებული - ხშირ შემთხვევაში, გაცვეთილი და მოძველებული - ცეცხლსასროლი იარაღი. თუმცა თავდაცვის სამინისტროში თავი შეიკავეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემისგან.
სამხედრო ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა კი ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ ჟვანიას მიერ დასახელებული თანხა ახალი ავტომატის საბაზრო ფასს ორჯერაც კი აღემატება. მისივე თქმით, თუ თავდაცვის სამინისტროსთვის იარაღის გადაცემაა გადაწყვეტილი, მაშინ უმჯობესი იქნება ახალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] "აქ, როგორც მე ვატყობ, ამას აქვს პოლიტიკური დატვირთვა, რომ როგორმე აჭარიდან მოხდეს ამ იარაღის გამოტანა. მაგრამ, მე მგონი, ეს პრობლემას დიდად ვერ გადაწყვეტს, იმიტომ რომ ასლან აბაშიძემ შეიძლება 100 - 200 ავტომატი ჩააბარებინოს, მაგრამ იქ შეიძლება დარჩეს 1000, 2000, 3000, შეიძლება - 10 000-მდეც..."(სტილი დაცულია)

როგორც ჩანს, ასლან აბაშიძის ხელისუფლება ამის გაკეთებასაც არ აპირებს და მოსახლეობიდან იარაღის ამოღების მთავარ პირობად ცენტრის მხრიდან ავტონომიის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას ასახელებს.
XS
SM
MD
LG