Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ეწინააღმდეგება აჭარაში ჭადრაკში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას


15 აპრილს ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურმა ასლან აბაშიძემ და ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას,

რომლის საფუძველზე ბათუმში 23 მაისიდან 7 ივნისამდე ჭადრაკში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. 16 აპრილს კი ამ მნიშვნელოვანი სპორტული აქციის გამართვის წინააღმდეგ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება გამოვიდა. რატომ ცდილობს თბილისი წინ აღუდგეს ბათუმში საჭადრაკო ჩემპიონატის გამართვას?

16 აპრილს გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაავალა სახელმწიფო სტრუქტურებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში ასლან აბაშიძის რეჟიმის დისკრედიტირება მოახდინონ. ასეთი კამპანიის ფონზე ცენტრალური ხელისუფლებისთვის მეხის გავარდნის ტოლფასი იყო ცნობა აჭარაში ჭადრაკში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების განზრახვის თაობაზე.

15 აპრილს ასლან აბაშიძემ და კირსან ილუმჟინოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, აჭარის ხელისუფლება საჭადრაკო ასპარეზობის გასამართად დაახლოებით ნახევარ მილიონ ამერიკულ დოლარს გამოყოფს.
ამ ამბით კმაყოფილმა ილუმჟინოვმა ასე შეაფასა ბათუმის როლი შავი ზღვის რეგიონში ჭადრაკის განვითარებაში:

[კირსან ილუმჟინოვის ხმა] "მინდა მივულოცო ჭადრაკის ფედერაციათა შავი ზღვის ასოციაციის ახალ პრეზიდენტს გიორგი აბაშიძეს, ქალაქ ბათუმის მერს. ბათუმს სამართლიანად შეიძლება ეწოდოს შავი ზღვის ჭადრაკის ფედერაციების დედაქალაქი და ჭადრაკის სამყაროს ერთ-ერთი დედაქალაქი."

ასე არ ფიქროს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება. 16 აპრილს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში უკონტროლო ვითარებაა და მოჭადრაკეების, ისევე როგორც უბრალო მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება:

[გიორგი გაბაშვილის ხმა] "იქ ფუნქციონირებენ რაღაც შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც, კაცმა არ იცის, ვის ემორჩილებიან, და არის ისეთი სიტუაცია, სადაც ჩვენ ვერ ვიქნებით საერთაშორისო საზოგადოების წინაშე გარანტი უსაფრთხოებისა. ჯერ კიდევ 10 დღის წინ ან 2 კვირის წინ სიტუაცია შეიძლება ყოფილიყო სხვა, მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში, როცა საბოლოოდ უარი თქვა აბაშიძემ განიარაღებაზე და ის არ ცვლის არანაირად თავის პოლიტიკას, ჩვენ არანაირი გარანტია უსაფრთხოების არ გვაქვს და ამის შესახებ ვაცნობებთ საერთაშორისო ფედერაციას."

როგორც მინისტრის სიტყვებიდან ჩანს, წინააღმდეგობის მიზეზი, ძირითადად, პოლიტიკაა. სპორტისადმი ასეთი მიდგომის წინააღმდეგ გამოდის ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, რომელმაც შავი ზღვის ასოციაციის პრეზიდენტობა გიორგი აბაშიძეს გადაულოცა:

[ზურაბ აზმაიფარაშვილის ხმა] "მინისტრს ჰქონდა სრული ინფორმაცია, ის იყო მოწვეული ბათუმში. ის არ ჩამოვიდა და არც არავინ გამოგზავნა და მხოლოდ პოსტფაქტუმ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რაც, მე მეჩვენება, გარკვეულ პიარს ემსახურება. ბათუმში არც ერთ მოჭადრაკეს არაფერი შეეხება და სირცხვილიცაა ამ თემაზე ლაპარაკი."

აზმაიფარაშვილის მტკიცებით, ბათუმში ჭადრაკში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა უკვე გადაწყვეტილია და მას ვერაფერი შეაჩერებს.
XS
SM
MD
LG