Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრადიციული საზოგადოების თავისებურებები აჭარაში


აჭარის კონფლიქტის მთავარი ასპექტი - ეს არის დაპირისპირება ცენტრალურ ხელისუფლებასა და ავტონომიის ხელისუფლებას შორის. მაგრამ არსებობს სხვა ასპექტიც:

შეუსაბამობა ტრადიციულ საზოგადოებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. მართალია, დანარჩენი საქართველოს მოსახლეობასაც დიდი გზა აქვს გასავლელი სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბებამდე, მაგრამ აჭარის მოსახლეობას, სხვებთან შედარებით, გაცილებით მეტად აქვს შენარჩუნებული ტრადიციული საზოგადოების ნიშნები. სწორედ ამ ფაქტორს იყენებს ასლან აბაშიძე ერთ-ერთ საყრდენად ცენტრთან დაპირისპირებაში.

ჯერ კიდევ 1999 წელს "ალიაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში ასლან აბაშიძის მაშინდელი მეგობარი ალექსანდრე ჭაჭია ამბობდა: "ქართველები აღმოსავლური ცივილიზაციის და პატრიარქალური მენტალიტეტის მქონე ხალხი ვართ. მთავარი, რაც ყოველთვის გვახასიათებდა, აღმოსავლური მენტალიტეტიდან მომდინარე პატრიარქალური, ტრადიციული საზოგადოებაა..."

ასლან აბაშიძე მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა, აჭარაში მყარად შეენარჩუნებინა საზოგადოების განვითარების ტრადიციულ-პატრიარქალური დონე. ახლა საქართველოს ბევრ მოქალაქეს უკვირს, რატომ დგანან შეიარაღებული, გაღატაკებული ადამიანები ჩოლოქთან და რატომ ყვირიან "ბაბუ-ბაბუ!"; რატომ უშვებენ ადმინისტრაციულ საზღვარზე მხოლოდ მათი ბაბუს ნდობით აღჭურვილ პირებს, დანარჩენებს კი ცოცხალ კედლად ეღობებიან, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტს. ეს სურათი, თავისი ფორმით და, კიდევ მეტად, შინაარსით, აშკარად შეუსაბამოა ქართული საზოგადოების განვითარების საერთო დონესთან.

ცხადია, აჭარაში ისეთივე ქართველები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოს სხვა კუთხეებში. ოღონდ აჭარაში ხელისუფლებამ მოახერხა, რომ საზოგადოების განვითარება ხელოვნურად დაემუხრუჭებინა. შესაბამისად, ასლან აბაშიძის მხარდამჭერებისთვის აჭარის ლიდერი იერარქიის უმაღლეს საფეხურზე დგას და შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობს. მისი სიტყვა კანონია, მისი ნება კი - უზენაესი ჭეშმარიტება. ასლან აბაშიძე შეუმცდარი და უძლეველია, როგორც მამა მცირეწლოვანი ვაჟისთვის.

სამოქალაქო საზოგადოება, რომლის ჩამოყალიბების მცდელობა საქართველოში უკვე რამდენი წელიწადია გრძელდება, ადამიანებს შორის თანასწორობას ამკვიდრებს; ტრადიციული საზოგადოება კი იერარქიულია. რაც უფრო დაბალ საფეხურზე დგას ადამიანი, მით ნაკლებია მისი უფლებები და მით მეტად უსაზღვროა მისი მორჩილება ავტორიტეტის მიმართ.

შესაბამისად, როდესაც ცენტრში ამბობენ: "რამდენს გაუძლო აჭარელმა ხალხმა", პირველ რიგში, საზოგადოების განვითარების ხელოვნურად დამუხრუჭების პროცესს გულისხმობენ. მაგრამ ცენტრის მხრიდან პრობლემის გაგების მთავარი შედეგი უნდა იყოს არა თანაგრძნობა, არამედ მშვიდობა აჭარაში. ტრადიციული საზოგადოება ოჯახივით შეკრულია და მისი ნებისმიერი წევრის სიცოცხლის ხელყოფას მოუშუშებელ ტკივილად ატარებს წლების და ათწლეულების განმავლობაში. ამიტომ მშვიდობა აჭარაში აუცილებელია იმისათვის, რომ შენარჩუნებულ იქნეს არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობა, არამედ სახელმწიფოებრივ სხეულთან აჭარის მოსახლეობის იდენტურობაც.
XS
SM
MD
LG