Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის მეთაურს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მწვავდება


ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა დღითიდღე მწვავდება. ცენტრი რეგიონის ხელმძღვანელობას ნარკოტიკების ტრანზიტის

მფარველობაში ადანაშაულებს, რეგიონის მეთაური კი პრეზიდენტს კატეგორიული ტონით სთხოვს - ნუ აყენებს შეურაცხყოფას. 22 აპრილს პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომაზე აჭარასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიხილავენ.

ახლად არჩეული პარლამენტის შეკრებისთანავე დეპუტატებმა აჭარის ხელმძღვანელობის პრობლემა უნდა განიხილონ. წინასწარი ინფორმაციით, მიღებული იქნება სპეციალური დადგენილება, რომლითაც მთავრობას გარკვეული ქმედითი ზომების გატარება დაევალება. თუმცა ქმედითი ზომების გატარება უკვე დაიწყო. 21 აპრილს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის ძალითაც, ბათუმის 25-ე მოტომსროლელ ბრიგადას კადრირებული ბრიგადა ეწოდა და მისი დისლოკაციის ადგილად თბილისი განისაზღვრა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება თავდაცვის მინისტრმა გააკეთა:

[დავით ბეჟუაშვილის ხმა] "25-ე კადრირებული ბრიგადის დისლოკაციის ადგილად განისაზღვროს თბილისი, მისი შემადგენლობა განთავსდეს თბილისში, თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრიგადასთან კონტრაქტების გაფორმება."

შეგახსენებთ: აწ უკვე 25-ე კადრირებული ბრიგადის ყოფილ მეთაურ რომან დუმბაძეზე ძებნაა გამოცხადებული, თავდაცვის მინისტრისა და პრეზიდენტისადმი დაუმორჩილებლობის გამო. დუმბაძის დაქვემდებარებაში მყოფ ოფიცერთა უმრავლესობა თბილისში ჩამოვიდა და უმაღლესი მთავარსარდლის ერთგულება აღიარა, რასთან დაკავშირებითაც უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ განაცხადა:

[გიგი უგულავას ხმა]" დღეს ბათუმის 25-ე ბრიგადაში დარჩენილია თვითმარქვია გენერალი დუბაძე და რამდენიმე ოფიცერი, რომელთა განწყობაც, ჩვენი ინფორმაციით, არის ცალსახა და სულ მალე დუმბაძე დარჩება მარტო, ასლან აბაშიძის ამარა. "

ვის ამარა რჩება თავად ასლან აბაშიძე? რუსეთის საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ მასთან ინტერვიუს, სადაც ის არ გამორიცხავს აჭარაში იმის განმეორებას, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოხდა. მისი ბოლო განცხადებები საკმაოდ დამაფიქრებელი ტონალობისაა, - მაგალითად, ეს განცხადება:

[ასლან აბაშიძის ხმა] "თქვენ, ალბათ, იცით გამოჩენილი მსახიობი და საზოგადო მოღვაწე ბატონი ტრავოლტა. ისიც ებრძვის კორუფციას, მანაც დაგვაჯილდოვა ჩვენ. ბატონ მიხეილს ბათუმში შეხვედრისას ორჯერ ვთხოვე, არ მომაყენოს შეურაცხყოფა."

თხოვნამ არ გაჭრა. მიხეილ სააკაშვილმა ასლან აბაშიძეს ნარკობარონი უწოდა და ამის შემდეგ, 21 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აჭარის ტერიტორია ნარკოტიკების ტრანზიტად გამოიყენება და იქვე დასძინა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო მეტის თქმა სხვა უწყებების პრეროგატივაა.
XS
SM
MD
LG