Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ემუქრება ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა სამედიცინო ობიექტებსა და სახელმწიფო ტელევიზიას


21 აპრილს თბილისის ჯანდაცვის 65 ობიექტი - მათ შორის, საავადმყოფოები, ბავშვთა პოლიკლინიკები და სამშობიარო სახლებიც კი - ელექტროენერგიის გათიშვის საფრთხის წინაშე დადგა.

თელასი ელექტროენერგიის გათიშვას 13 საათზე აპირებდა და ამ განზრახვისგან თავი მხოლოდ იმიტომ შეიკავა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დავალიანების გადახდის გრაფიკს დასთანხმდა. თელასის გაფრთხილება კი უყურადღებოდ დატოვა ტელე-რადიო მაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელობამ და, შესაბამისად, 14 საათსა და 30 წუთზე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო მაუწყებლობას თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია თელასის მიმართ 142 ათასი ლარის მიმდინარე დავალიანება დაუგროვდა. თელასის წარმომადგენლის ვალერი ფანცულაიას განცხადებით, მისი კომპანია ტელე-რადიო კორპორაციისგან თანხის მთლიანად გადახდას არ მოითხოვს:

[ვალერი ფანცულაიას ხმა] " ნაწილობრივ, დათმობაზეც მივდივართ და ვითხოვთ, რომ ნაწილობრივ გადაიხადონ მათ ეს დავალიანება, გაფორმდეს შესაბამისად ხელშეკრულება და ვალდებულება აიღონ ამ ხელშეკრულების შესაბამისად ნაწილობრივ დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჩვენ იქედან არავითარი პასუხი არ მიგვიღია." (სტილი დაცულია)

შესაბამისად, ტელე-რადიო კორპორაცია 21 აპრილის შუადღიდან მხოლოდ დიზელგენერატორის ელექტროენერგიის ამარა დარჩა.

- დენი გაქვთ?
- [რადიოს თანამშრომლის ხმა] "არა, გაგვეთიშა შუქი, სტუდიები გათიშულია, ჩართულია მხოლოდ ერთი სამონტაჟო და ეთერში ასე გავდივართ."

ასე მიპასუხეს საქართველოს სახელმწიფო რადიოში. ოდნავ მოგვიანებით, ტელე-რადიო კორპორაციის ხელმძღვანელობისა და თელასის მოლაპარაკებით, ენერგიის მიწოდება აღდგა. თუმცა კი საინტერესოა, როგორ დაუგროვდა თელასის ვალი ტელევიზიას და ჯანდაცვის ობიექტებს, მაშინ როდესაც ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გამუდმებით ირწმუნება სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებითაც კი სრულდებაო.

[ქეთი ახალკაცის ხმა] "ჩვენ თელასს კი არ ვუხდით, ეს საბიუჯეტო ორგანიზაციები ხაზინაში წარმოადგენენ განაცხადს და ამის მიხედვით ერიცხებათ თვით საბიუჯეტო ორგანიზაციის ანგარიშზე ფული. იანვრიდან მოყოლებული, აპრილის ჩათვლით, აი, ამ თვის ბოლომდე, არც ერთი თეთრი დავალიანება არ არის ჩვენი."

ასეთი იყო ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის ქეთი ახალკაცის პასუხი. ტელე-რადიო მაუწყებლობის რა მოგახსენოთ, სამედიცინო დაწესებულებების დავალიანება კი ჯანდაცვის სისტემის მიზეზით რომ წარმოიშვა, ამას ჯანდაცვის მინისტრი გიგი წერეთელიც ადასტურებს:

[გიგი წერეთლის ხმა] "ცდილობენ საავადმყოფოები, რომ გადაიხადონ გადასახადები და, მე ვფიქრობ, ჩვენც ვალების დაფარვის პროცესში ამას გავაკეთებთ."

სწორედ ეს მცდელობა და ჯანდაცვის ობიექტების სასიცოცხლო მნიშვნელობა გაითვალისწინა თელასმა, როდესაც ჯანდაცვის სფეროს 3 მილიონი ლარის დავალიანების გადახდის გრაფიკი შეიმუშავა. თუმცა ეს ვერაფერი ნუგეშია თელასის მფლობელთათვის, რადგან სახელმწიფო დაწესებულებათა დავალიანების საერთო მოცულობა 30 მილიონ ლარს უტოლდება. ეს კი, სხვა კომერციულ დანაკარგებთან ერთად, სერიოზულ ზარალს აყენებს წაგებაზე მომუშავე თბილისის ელექტროგამანაწილებელ კომპანიას. მიუხედავად კომპანიის წამგებიანობისა, "რაო ეესი" მაინც არ აპირებს თელასის გაყიდვას - ყოველ შემთხვევაში, ასე ირწმუნებიან თელასში. ქართული პრესა კი ამ დღეებში საწინააღმდეგოს ამტკიცებდა.
XS
SM
MD
LG