Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ედავება გენერალური პროკურატურა კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს


"ვარდების რევოლუციის" შემდგომი დაპატიმრებების სერია კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან მოლაშვილსაც შეეხო, თუმცა ეს არ მომხდარა იმ მეთოდით,

რომელიც საქართველოში ბოლო დროს დამკვიდრდა - მოლაშვილი პროკურატურაში შავნიღბიანებს არ მიუყვანიათ, იქ ის თავისი ფეხით მას შემდეგ მივიდა, რაც ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ მის საცხოვრებელ ბინაში 10 კაციანი სპეცჯგუფი სტუმრობდა. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე პროკურატურიდან უკან აღარ გამოუშვიათ. მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს.

გამოძიება სულხან მოლაშვილს ბიუჯეტის რამდენიმე ათეული ათასი ლარით დაზარალების გამო ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, კონტროლის პალატის თავმჯდომარედ სულხან მოლაშვილის მუშაობის პერიოდში კონტროლის პალატა არეკეტებდა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებს და აიძულებდა მათ დარიცხული თანხის 30 პროცენტი პირდაპირ კონტროლის პალატის სპეცანგარიშზე გადაერიცხათ.

[გენერალური პროკურორის ხმა] " მოლაშვილს ბრალი ედება თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, სახელმწიფო ორგანიზაციების უკანონო შემოწმებასა და მათთვის თანხის გამოძალვაში."

ეს იყო გენერალური პროკურორის განცხადება კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. დაკავების პოლიტიკური მოტივის ხსნებაზე მას ეღიმება, თუმცა სულხან მოლაშვილის მეგობრებს, მის გულშემატკივრებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, როგორც ედუარდ შევარდნაძის გუნდის ერთ-ერთი ერთგული წევრის, მიმართ სწორედ პოლიტიკური ანგარიშსწორება მოხდა. ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი წარმომადგენლის ირაკლი ბათიაშვილისთვის მოლაშვილის დაკავება მოულოდნელი არ ყოფილა:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "აშკარად, აქეთკენ მიდიოდა საქმე. დიდი იყო გაღიზიანება მის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან. გახსოვთ, ალბათ: სულხან მოლაშვილი რევოლუციის შემდეგაც და მანამდეც შემტევი განცხადებებით გამოდიოდა."

შემტევი განცხადებები, მართლაც, იყო. შეგახსენებთ: რევოლუციის შემდეგ სულხან მოლაშვილმა უარი თქვა თანამდებობის დატოვებაზე იმ ფორმით, როგორითაც მისგან მოითხოვდნენ. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის მიერ "ვარდების რევოლუციის" შემდგომ დღეებში გაკეთებული განცხადება:

[ სულხან მოლაშვილის ხმა] " მე მივედი უშიშროების საბჭოს სხდომაზე - დავასახელე პოლიტიკური დევნის რამდენიმე ფაქტი; ვთქვი, რომ მივდივარ 4 იანვარს; ვთქვი, რომ არც 4 რიცხვამდე მაქვს თანამდებობის დატოვების პრობლემა, მაგრამ გამოგზავნეთ კაცი, ვისაც გადავაბარებ ცილივიზებურად საქმეს-მეთქი."

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე 22 აპრილს, ახალი პარლამენტის მიერ მისი უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, დააკავეს. ამავე დღეს სამართალდამცავებმა შეამოწმეს კონტროლის პალატა, რის გამოც პარასკევს პარლამენტში პროტესტი გამოთქვა მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენელმა დავით გამყრელიძემ. მისი აზრით, პარლამენტის თანხმობის გარეშე კონტროლის პალატის გაჩხრეკა არაკანონიერი იყო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG