Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა თანხა დახარჯეს პარტიებმა 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე


24 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისას პოლიტიკური პარტიების მიერ გაწეული ფინანსური ხარჯების ანგარიში გამოაქვეყნა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს დახარჯული თანხების ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენას პარტიებს საარჩევნო კოდექსი ავალებს. ფინანსურ ანგარიშებში რაიმე საეჭვოს აღმოჩენის შემთხვევაში, მისი გადამოწმების უფლება კონტროლის პალატას ენიჭება. ეს მექანიზმი დღემდე არც ერთი საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ არ ამუშავებულა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიათა ანგარიშებში საეჭვო მონაცემების პოვნა არცთუ დიდ სირთულეს წარმოადგენს.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი არიან არჩევნებიდან 1 თვის მანძილზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგინონ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებული ფინანსების ხარჯთაღრიცხვა. დღემდე კოდექსის ეს მოთხოვნა მხოლოდ ორმა საარჩევნო სუბიექტმა - "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატებმა" და "მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლებმა" დააკმაყოფილა.

[დიმიტრი ქიტოშვილის ხმა] "ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ყველა მონაცემები, რომლებიც აქ არის ასახული, იქნება აბსოლუტურად სრული და პოლიტიკურ პარტიებს ამის ზემოთ ან ამაზე ნაკლები, ვთქვათ, თეთრი არ ექნებათ მიღებული ან დახარჯული. მაგრამ პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ იმ მონაცემებს, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ, აქვს ჭეშმარიტების უფრო მაღალი ხარისხი..."(სტილი დაცულია)

აი, ასეთ შეფასებას აძლევს დიმიტრი ქიტოშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სააკაშვილისა და თოფაძე-გამყრელიძის პარტიათა საფინანსო ანგარიშს.
დეკლარირებული საფინანსო ინფორმაციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის პარტიას საკუთარ საარჩევნო ფონდში სულ 257 ათას 35 ლარი ჰქონდა, რომელიც მთლიანად 130 კერძო პირის შემოწირულობებით შეგროვდა. დაახლოებით ამდენივე - 255 ათას 680 ლარის მობილიზება მოუხერხებია გოგი თოფაძისა და დავით გამყრელიძის პოლიტიკურ გაერთიანებას. მმართველი პარტიისგან განსხვავებით, მემარჯვენე ოპოზიცია, 6 კერძო პირთან ერთად, 2 იურიდიულ პირსაც დაუფინანსებია.

თუ ამ უკანასკნელის დამფინანსებელთა შესაძლებლობები ნაკლებად ბადებს ეჭვის საფუძველს, - ლაპარაკია გოგი თოფაძის და სადაზღვევო კომპანია ალდაგის შესახებ, - უცნაურად გამოიყურება მმართველი პარტიის დამფინანსებელთა გრძელი და არაფრის მთქმელი სია. ჯერჯერობით პარტიათა საფინანსო ანგარიშები არჩევნების მეთვალყურე არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გადაუმოწმებია. გიორგი მგელაძე, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კორესპონდენტი, ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების" დამფინანსებელთა ვინაობით დაინტერესდა:

[გიორგი მგელაძის ხმა] "მაგალითად, გლდანის მეოცე ბაგა-ბაღში ცხოვრობს თემურ ჯიქია. იგი არის ლტოლვილი, არ ჰყავს ცოლ-შვილი, ჰყავს მოხუცი დედ-მამა და ცხოვრობს საშინლად მძიმე პირობებში. ამ პიროვნებას, "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების" ხელმძღვანელობის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, აქვს პარტიისთვის შემოწირულობა გაკეთებული 1500 ლარი. და მისმა მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იციან და ამბობენ, რომ თემურ ჯიქიას წლებია არსად უმუშავია."

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თემურ ჯიქიამ მუშაობა დაიწყო აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც 40 ლარამდე ჯამაგირს მიიღებს.

"ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატებს" 2500 და 1500 ლარი შესწირეს და- ძმა ნინო და მირიან კრიალაშვილებმა. ისინი სტუდენტები არიან და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. არის რამდენიმე სხვა მსგავსი შემთხვევაც.

[გიორგი მგელაძის ხმა] "წინასაარჩევნო დარღვევა თუ დაფიქსირდა, მაშინ საარჩევნო სუბიექტი უნდა მოიხსნას არჩევნებიდან, მაგრამ როცა ის უკვე გამარჯვებული პარტიაა, მასზე რა ბერკეტები არსებობს, მე ამაზე პასუხი ცესკოსგან ვერ მივიღე."

გიორგი მგელაძის ამ კითხვით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ლიდერს თინათინ ხიდაშელს მივმართე:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] "ასეთ შემთხვევაში დადგება პასუხისმგებლობის საკითხი იმ ადამიანების, ვინც ხელს აწერს ამ ანგარიშებს და ვინც პასუხისმგებელია ფინანსურ საკითხებზე. თუ აღმოჩნდა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი და მსგავსი ტიპის საკითხები დადასტურდა, მაშინ უკვე არჩევნების შედეგი დადგება ეჭვქვეშ და გადასინჯვა მოხდება სასამართლოს მხრიდან."

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი ანგარიშების მიხედვით, ორივე პარტიის თანხები, ძირითადად, რეკლამაზე, სატელეკომუნიკაციო და სატრანსპორტო მომსახურებაზეა დახარჯული. ანგარიშებში არაფერია ნათქვამი არათუ ამომრჩეველთა მოსყიდვაზე, არამედ იმ ხარჯების შესახებაც კი, რომელიც თუნდაც ამომრჩეველთან შესახვედრად საჭირო დარბაზების დასაქირავებლად იქნა გაწეული.
XS
SM
MD
LG