Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პროფკავშირები - კომუნიზმის თუ კაპიტალიზმის სკოლა"?


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ

საქართველოში მშრომელთა საერთაშორისო დღეს ოფიციალურად არ აღნიშნავენ: რუსეთისგან განსხვავებით, ქართველებისთვის 1 მაისი დიდი ხანია აღარაა დასვენების დღე. 1 მაისს ქუჩაში, პლაკატებით ხელში, მხოლოდ კომუნისტური პარტიის რამდენიმე აქტივისტი და პროფკავშირების ლიდერები გამოდიან. თუმცა ქართული მედია კომუნისტებსა და პროფკავშირების წევრებს ერთმანეთისგან თითქმის არ მიჯნავს. სწორედ ამაზე ჩიოდა საქართველოს პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი. აპრილის დასაწყისში თბილისში ახალგაზრდა პროფკავშირულ მუშაკთა ფორუმი გაიმართა. დღევანდელი "ოქროს საუკუნე" ქართული-საბჭოთა პროფკავშირების აწმყოსა და წარსულს ეძღვნება.

[ირაკლი პეტრიაშვილის ხმა] "ძვირფასო მეგობრებო, პროფკავშირულად, "დებო და ძმებო", მოწვეულო სტუმრებო..."

ასე დაიწყო ირაკლი პეტრიაშვილმა თავისი გამოსვლა ახალგაზრდა პროფკავშირულ მუშაკთა ფორუმზე, რომლის მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დონის პროფკავშირების შექმნა იყო. კომუნისტური სიტყვა "ამხანაგებო" - პროფკავშირულმა "დებომ და ძმებომ" შეცვალა. პროფკავშირების ახალგაზრდა აქტივისტებმა ნახეს ბრიტანელი რეჟისორის კენ ლოუჩის ფილმი "პური და ვარდები" და იმსჯელეს კიდეც დასავლური "ინტელექტუალური კინოს" წარმომადგენლის ნამუშევარზე.

კენ ლოუჩი უთუოდ ბედნიერად იგრძნობდა თავს, საქართველოს პროფკავშირების კულტურის ცენტრში თავისი ფილმის დემონსტრაციას რომ დასწრებოდა. ასეთ დიდ დარბაზში მის ფილმებს მხოლოდ კანისა და ვენეციის ფესტივალზე უჩვენებენ ხოლმე. ბრიტანული "სოციალური კინოს" ლიდერი, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი სურათი უჩვენეს დარბაზში, სადაც ოდესღაც საოპერო და საბალეტო სპექტაკლებს მართავდნენ... და თუ ფილმმა "პური და ვარდები", რომლის გმირები ამერიკული პროფკავშირების აქტივისტები არიან, სადმე მართლაც გაუღვიძა ხალხს პროფკავშირების რეფორმის სურვილი - ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა 2004 წლის საქართველო აღმოჩნდა, ქვეყანა, სადაც, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, პროფესიული კავშირები კვლავაც კომუნისტური სისტემის "დანამატადაა" მიჩნეული, სადაც ზოგჯერ პოლიტიკოსებსაც კი ავიწყდებათ, რომ პროფკავშირული მოძრაობა ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს დაიწყო შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რომ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, რომის პაპის ლეო მეცამეტის ინიციატივით, "ქრისტიანული პროფკავშირებიც" კი შეიქმნა, რომ დღევანდელ შვეციაში პროფკავშირები აერთიანებს წარმოებაში დასაქმებული მოსახლეობის 90 პროცენტს, დიდ ბრიტანეთში - 50 პროცენტს, შეერთებულ შტატებში - 20 პროცენტს.

[ირაკლი პეტრიაშვილის ხმა] "საპირველმაისო გამოსვლა, როცა მთელი მსოფლიო გამოდის ქუჩაში... ჩვენ კი - ვკითხულობთ, უბრალოდ, ჩვენს მოთხოვნებს... სამი წელია ვმოღვაწეობ პროფკაშირებში და ამ სამი წლის მანძილზე მე მიჩნდებოდა პრეტენზია ჟურნალისტების მიმართ, იმიტომ რომ ისინი ჩვენს აქციებს უმატებდნენ კომუნისტურ ლოგოებს, ნამგალსა და უროს... მე კი კომუნისტებთან არაფერი მქონდა საერთო."

მაგრამ კომუნისტებთან ბევრი რამ ჰქონდათ საერთო, უფრო სწორად, "ყველაფერი" საერთო ჰქონდათ საბჭოთა პროფკავშირებს. ლენინმა პროფკავშირებს "კომუნიზმის სკოლა" უწოდა. ამიტომაცაა, ალბათ, რომ საბჭოთა კავშირში, მათ შორის, საბჭოთა საქართველოში (პროფკავშირული მოძრაობა ჩვენს ქვეყანაში 1905 წლიდან დაიწყო) პროფკავშირებს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი მართავდა. მენშევიკებისგან განსხვავებით, რომლებიც პროფკავშირების "ნეიტრალიტეტს" მოითხოვდნენ, ბოლშევიკებმა, მერე კი კაგებემ, პროფკავშირები თავიდანვე პოლიტიზებულ ორგანიზაციად აქციეს. ამის მაგალითად ერთი უნიკალური ჩანაწერი - კალინინის გამოსვლაც ივარგებს:

[კალინინის ხმა. თარგმანი] "კაპიტალისტური სამყარო კრიზისიდან ვერ გამოდის. მილიონობით უმუშევარი, რომელიც ვერ იყენებს თავის შესაძლებლობებს - შიმშილის ზღვარზეა. მხოლოდ საბჭოთა კავშირში შეძლო პროლეტარიატმა თავისი იდეების განხორციელება. პროლეტარიატი აშენებს კომუნიზმს. ამიტომაც ახლოვდება დღე მისი გამარჯვებისა მთელ მსოფლიოში."

[საბჭოთა სიმღერა პროფკავშირებზე]

პროფკავშირებს სიმღერები მიუძღვნეს. პროფკავშირის წევრი ხდებოდა ყველა, ვისაც გაკოტრებულ კომუნისტურ სისტემაში თავის გადარჩენა სურდა. ჯერ კიდევ 15 წლის წინ ადამიანისთვის რომ გეკითხათ, "ხართ თუ არა პროფკავშირების წევრიო", იგი გაკვირვებულ სახეს მიიღებდა და იტყოდა: "ეს რა კითხვაა, რა თქმა უნდა, ვარო". ილფისა და პეტროვისა არ იყოს: "ლუდი მხოლოდ პროფკავშირების წევრებისთვის!"... თუმცა პროფკავშირების აქტივისტებს არა ლუდი, არამედ დეფიციტური საქონელი, საგზურები ურიგდებოდათ.

მოკლედ, საბჭოთა კავშირში ჯერ პროფკავშირები იყო, მერე კი - საბაზრო ეკონომიკა, დასავლეთში კი ყველაფერი პირიქით მოხდა - პროფკავშირული მოძრაობა "საბაზრო ეკონომიკაზე" გადასვლის პროცესში ჩამოყალიბდა. მერე კი, გლობალიზაციის ეპოქაში, პროფკავშირის როლი მით უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ამაზე საუბრობს სწორედ დღეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი ტუღუში:

[ირაკლი ტუღუშის ხმა] "მაშინ, როცა მსოფლიოში ხდება გლობალიზაცია, მაშინ, როცა ერთიანდება კაპიტალი, მაშინ, როცა კაპიტალს შეუძლია ხალხი გაუშვას სამსახურიდან, ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იყოს მსოფლიოს მასშტაბით ძლიერი პროფესიული კავშირები,.... იმისათვის, რომ გლობალიზაციას ჰქონდეს ადამიანის სახე და არა მგლის სახე."

საქართველოს პროფკავშირების ახალგაზრდა ლიდერების თქმით, ჩვენში გლობალიზაციას "მგლის სახე" იმიტომაც ჰქონდა, რომ წარმოება ხელში ჩაუვარდათ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, ხელისუფლება კი თავს იმართლებდა: "ასეთია, ბატონო, კაპიტალიზმი, თქვენ თვითონ არ იბრძოდით კომუნიზმის დამხობისთვისო?’... დაახლოებით ასეთი იყო ედუარდ შევარდნაძის პასუხი, როცა მას კორუმპირებული ჩინოვნიკებისათვის ქონების ჩამორთმევას სთხოვდნენ. პროფკავშირების უმოქმედობის ფონზე უამრავი საწარმოს თანამშრომელი მარტოდმარტო დარჩა ადმინისტრაციის პირისპირ, რომელიც, ძალიან ხშირად, არ ჩქარობს გადაუხადოს ხელფასი თავის თანამშრომელს... არადა, ადამიანს ყველგან და ყოველთვის ჰქონდა სურვილი ყოფილიყო კოლექტივში, რათა იგი კოლექტივს დაეცვა... პროფკავშირის პასიურობის ფონზე ადამიანები ამ ვნებას პოლიტიკურ პარტიებში შესვლით იკმაყოფილებენ, პოლიტიკური პარტიის ლიდერები კი ემსგავსებიან პროფკავშირების ლიდერებს. პოლიტიკოსები ხშირად პოპულისტური განცხადებებით ცდილობენ პოპულარობის მოპოვებას... თუ საბჭოთა ეპოქაში პროფკავშირი ემსახურებოდა კომპარტიას, ახალ საქართველოში პარტიებმა მიისაკუთრეს პროფკავშირების როლი. პროფკავშირების სასახლის უზარმაზარი შენობა ოფისებსა და მაღაზიებზე გაქირავდა, სასახლის დარბაზში კი, ისევ ირაკლი პეტრიაშვილს თუ დავესესხებით, "ჭაობის სუნი" დადგა:

[ირაკლი პეტრიაშვილის ხმა] "პროფკავშირებში, იმ შენობაში, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ, არის საკმაოდ მძაფრი ჭაობის სუნი და მე არ ვაპირებ ამ ჭაობში დახრჩობას... ჩვენი საზოგადოება მიისწრაფვის იქითკენ, რომ ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი იყოს იმ ქვეყნებთან, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია."

რამდენიმე დღეში, 1 მაისს, საქართველოს პროფკავშირში გაერთიანებული ადამიანები მშრომელთა საერთაშორისო დღეს იზეიმებენ. თუ ჯერ კიდევ შარშან ქართულმა მედიამ პროფკავშირების საპირველმაისო აქცია "კომუნისტურ ღონისძიებად’ მონათლა, არ არის გამორიცხული, წელს მედიამ საერთოდ არ გააშუქოს პროფკავშირების "დღესასწაული"... ისევ კენ ლოუჩის ფილმი "პური და ვარდები" გავიხსენოთ - ხალხს კვლავაც უჭირს, მაგრამ, შარშანდელი მაისისგან განსხვავებით, "ვარდები" უკვე აქვს.

სხვათა შორის, კომუნისტურ საქართველოში 1 მაისს "ვარდების დღესასწაულსაც" უწოდებდნენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG