Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო "თავისუფლების" ყოველკვირეულ ახალგაზრდულ პროგრამას


რადიო "თავისუფლების" ყოველკვირეულ ახალგაზრდულ პროგრამას

ამჯერად რევოლუციისა და პატრიოტიზმის თემებს დავუთმობთ, გაგაცნობთ იმ ბათუმელ ახალგაზრდებს, რომლებმაც აქტიური როლი შეასრულეს ასლან აბაშიძის რეჟიმის დამხობაში, შემდეგ კი ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ესმით საქართველოში ახალგაზრდებს პატრიოტიზმის მნიშვნელობა. ჯერ ნოემბრის, შემდეგ კი მაისის რევოლუციაში მათ წამყვანი პოზიციები ეკავათ; ნოემბერში, შემდეგ კი მაისში ქართველმა ახალგაზრდებმა დაამტკიცეს, რომ სამშობლოსთვის თავგანწირული ბრძოლა შეუძლიათ. როგორ ესმით მათ პატრიოტიზმი, ამაზე - გადაცემის მეორე ნაწილში, მანამდე კი - ბათუმელი ახალგაზრდა რევოლუციონერების შესახებ, იმაზე, თუ როგორ და რატომ გახდნენ ისინი საპროტესტო მოძრაობის აქტივისტები, მოძრაობა "კმარას" წარმომადგენლები, რამდენად საშიში იყო აჭარაში კმარელობა, რამდენად მოულოდნელი იყო ბათუმელი კმარელებისთვის ასლან აბაშიძის რეჟიმის უსისხლოდ დამხობა და რას ელიან ისინი აჭარის ახალი რეალობისგან.

აჭარაში ახლახან უსისხლო რევოლუცია განხორციელდა, რევოლუციის ფინალური ეპიზოდი იქ, მართლაც, შთამბეჭდავად მშვიდობიანი იყო, თუმცა რევოლუციამდე საქმე იოლი და უსისხლო ბრძოლით არ მისულა. ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში ოპოზიციონერობა აჭარაში რთული და სარისკო იყო.

[სოფო პატარაიას ხმა] "მე ისეთი რაღაცეები გადავიტანე ამის გამო: ჩოლოქზე დაპატიმრება, ჩემი მეგობრების ცემის ყურება. სახლში გასაღები გამოვცვალე იმის გამო, რომ პოლიციელები მაკითხავდნენ, მათ აწვალეს გასაღები და იოლი შესაძლებელი იყო, ისე შემოსულიყვნენ სახლში, არც გავეფრთხილებინეთ. ქუჩაში გამოსვლის მეშინოდა, მითვალთვალებდნენ. ჩემი მეგობრებიც ასე იყვნენ. "

ეს იყო ბათუმელი სტუდენტი სოფო პატარაია. მოძრაობა "კმარას" ბათუმელი აქტივისტი ის გასული წლის დეკემბრიდან გახდა. სოფო "კმარაში" იმ პროტესტის გრძნობამ მიიყვანა, რასაც ასლან აბაშიძის რეჟიმის მიმართ წლების მანძილზე განიცდიდა. " ეს იყო წმიდა წყლის დიქტატორული რეჟიმი - რეჟიმი, რომელიც კრძალავდა განსხვავებულ აზრს და რომლის პირობებშიც საშიში იყო განსხვავებული აზრის მქონე 5-6 კაცის შეკრებაცო," - ამბობს ის. რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო მოძრაობაში ჩართვას სოფო თავიდან მშობლებს უმალავდა, რადგან იცოდა რომ მათი მხრიდან წინააღმდეგობა შეექმნებოდა და ყველაფერი მაშინ გამჟღავნდა, როცა სახლში პოლიციელებმა მიაკითხეს.

[გოჩა ხვიჩიას ხმა] "ჩვენ ვიყავით ტყვეობაში, ვერ ვგრძნოდით, რომ ვიყავით ადამიანები, გისოსებში რომ ცხოველები ჰყავთ, ისე ვიყავით. ბათუმში ვინც ისე არ მოიქცეოდა, როგორ აბაშიძეს მოეწონებოდა, ვერ გაიხარებდა. აქ იყო აბაშიძეების და გოგიტიძეების საგვარეულო წყობილება. თუ მიხვიდოდი რაიმე ორგანიზაციაში მუშაობის დასაწყებად, პირველ რიგში, გკითხავდნენ - "რა გვარი ხარ? " უნდა ყოფილიყავი მაგათი ნათესავი და მაგათი კლანის წარმომადგენელი. "

ესეც აქტიური ბათუმელი რევოლუციონერი, ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტი გოჩა ხვიჩია გახლდათ. ორგანიზაცია "კმარას" წევრი გოჩაც გასული წლის დეკემბერში გახდა - მას შემდეგ, რაც ნოემბრის "ვარდების რევოლუციით" აღფრთოვანებული, ის და მისი მეგობრები თბილისში თბილისელ კმარელებს შეხვდნენ. გოჩა და მისი მეგობრები მაშინ აქ სტუდენტურ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად იყვნენ ჩამოსულნი, უკან, ბათუმში კი კმარელებად დაბრუნდნენ. მას შემდეგ იყო დევნა, ცემა, თანამებრძოლების დაპატიმრებები, მაგრამ ახალგაზრდები არ გატეხილან. თანაც, მათ არ ეგონათ, თუ აბაშიძის რეჟიმი ასე მალე და ასე მშვიდობიანად დაემხობოდა, რომ ბათუმში ასე მალე განმეორდებოდა ის, რაც თბილისში ნოემბერში მოხდა. ნოემბრის "ვარდების რევოლუციას" გოჩა ბათუმიდან ადევნებდა თვალყურს:

[გოჩა ხვიჩიას ხმა] "განცდა მქონდა ისეთი, ენით ვერ გადმოვცემ, უნდა გენახეთ.... ტელევიზორს ვერ ვწყდებოდით, ვტიროდით, ისეთი ემოციები გვქონდა. მოულოდნელი რამ იყო შევარდნაძის გადადგომა და აბაშიძის გადადგომა ხომ სიზმარშიც არ დამესიზმრებოდა."

თებერვალში გოჩა და მისი მეგობარი მინდია თავდგირიძე ჩოლოქთან თბილისიდან ბათუმისკენ მიმავლები დააკავეს. კმარელობისთვის ორივეს სასტიკად სცემეს. მაშინ აბაშიძის აქტიურ ოპოზიციაში მყოფ ახალგაზრდებს აჭარაში მაინცდამაინც ბევრი გულშემატკივარი არ ჰყავდათ. ხალხი ვერ ბედავდა ახალგაზრდების ცემისა და დაპატიმრების გამო ღია პროტესტის გამოხატვას. კმარელები აჭარაში, ფაქტობრივად, დაუცველები იყვნენ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: არც მათ ეგონათ, რომ ასლან აბაშიძის რეჟიმის დასასრული ასე მალე დადგებოდა.


სოფო პატარია ფიქრობს, რომ დასასრული ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქებას მოჰყვა. მისი თქმით, ხალხმა, რომელიც აბაშიძეს მოთმინებით იტანდა, საკუთარი პატრიოტული გრძნობების, საკუთარი ქართველობის შეურაცხყოფა ვეღარ აიტანა. სწორედ აჭარასა და დანარჩენ საქართველოს შორის ხიდების მოშლამ გამოიყვანა გარეთ ხალხი და სწორედ ამ ხალხის შემართებამ და ერთიანობამ იხსნა აჭარა სისხლისღვრისგან. ბათუმში დღემდე გამარჯვებას ზეიმობენ. ალბათ, საინტერესოა, რას აპირებენ ამის შემდეგ სოფო და გოჩა. ისინი თავის საქმეს მიხედავენ - ისწავლიან და, თუ საჭირო გახდება, ოპოზიციონერობას არც აჭარის ახალ ხელმძღვანელობას მოაკლებენ.

[სოფო პატარაიას ხმა] "მოქალაქეობრივი შეგრძნება გაგვიჩნდა, შეგრძნება იმის, რომ საპროტესტო გამოსვლას აზრი აქვს. თუ ეს მთავრობა არ დაიწყებს ახალი სტილით მართვას, ხალხის შეურაცხყოფის უფლებას არ მივცემთ მას. "

[გოჩა ხვიჩიას ხმა] "ყველა ბათუმელს სახეზე ღიმილი აქვს, ყველას ეტყობა, რომ იმედი გაუჩნდა, ყველა ოჯახში ქეიფია. აქამდე ვფიქრობდით როგორ დაგვეტოვებინა აქაურობა, როგორ წავსულიყავით საცხოვრებლად თბილისში ან საზღვარგარეთ. ახლა ასე აღარ ვფიქრობთ. ჩვენ უნდა დავრჩეთ ბათუმში და უნდა ავაშენოთ ეს ქალაქი. "

განვაგრძობთ "ახალგაზრდულ პროგრამას".

2003 წლის ნოემბრის მოვლენებმა, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ცვლილებები პოლიტიკოსთა მეტყველებაშიც შეიტანა. პირველივე წარმატებული ნაბიჯების შემდეგ, რაც, უწინარეს ყოვლისა, ხელისუფლების უსისხლოდ შეცვლით გამოიხატა, ქართველი პოლიტიკოსების ლექსიკაში გაჩნდა ტერმინები: "ვარდების რევოლუციის გმირი", "ჭეშმარიტი პატრიოტი" და ასე შემდეგ. "ახალგაზრდული პროგრამის" მეორე ნაწილი, რომელიც ჩემმა კოლეგამ ჯიმშერ რეხვიაშვილმა მოამზადა, სწორედ პატრიოტიზმის თემას ეხმიანება. შევეცდებით პასუხი გავცეთ კითხვას: ვინ, რა თვისებების მატარებელი ადამიანები არიან ჭეშმარიტი პატრიოტები და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ქვეყნის მომავალზე პატრიოტიზმის სწორმა გაგებამ?

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "მე გულისფანცქალით ველოდები იმ წუთებს და ვითვლი წუთებს, როცა ჩავალ ჩემს ბათუმში, როცა ჩავალ ჩემს აჭარაში, როცა ჩავალ აჭარაში ჩემს გმირ ქართველ თანამემამულეებთან, რომლებმაც დაუმტკიცეს ყველას, რომ ისინი არიან ყველაზე დიდი პატრიოტები ჩვენი ქვეყნის."

მართლაცდა, საინტერესოა: ვინ, რა თვისების მატარებლები არიან ის ადამიანები, რომლებსაც პრეზიდენტი სააკაშვილი, ზედმეტი პათეტიკის გარეშე, პატრიოტებად მოიხსენიებს?

სიტყვა პატრიოტი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში შემდეგნაირადაა ახსნილი: ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო, მზად არის მისთვის თავი გაწიროს; ხალხის ერთგული, სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილი.

დაახლოებით მსგავსი შინაარსის ინფორმაციას იძლევა უცხო სიტყვათა ლექსიკონიც, თუმცა, ამის მიუხედავად, ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებსაც მე ვესაუბრე, ამ, ერთი შეხედვით, ყველასათვის კარგად ნაცნობ სიტყვაში, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, განსხვავებულ მნიშვნელობას დებენ.

[გოგონას ხმა] "პატრიოტიზმი? არ ვიცი, მე, მაგალითად, დავიბადე და გავიზარდე რუსეთში, მაგრამ, მამაჩემის პატრიოტიზმის გამო, დღეს ასე ვიცი ქართული. თხუთმეტი წლის ვიყავი, რომ ჩამოვედი საქართველოში და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ვფლობ ქართულს."

[მამაკაცის ხმა] "სამშობლოს სიყვარული, ალბათ. ალბათ კი არა, ეგრე არის! სამშობლო, პირველ რიგში, ხალხი, საქართველოს მოსახლეობა და მისი სიყვარული - ეგ არის პატრიოტიზმი!"

[გოგონას ხმა] " იცით, რა არის? საერთოდ, ადამიანი, რომელიც გარბის ქვეყნიდან, ის არის მშიშარა, ის არ არის პატრიოტი. რომ დარჩე და აქ რაღაცა გააკეთო და ვიღაცას შეებრძოლო, თუნდაც ეს უკვე პატრიოტიზმია..."

[მამაკაცის ხმა] "ყველას თავისი განმარტება აქვს. ქართული გაგებით, თუ საერთაშორისო გაგებით? პატრიოტი უნდა იყოს ქართველი!"

თუმცა, საკითხავია, კმარა კი ოდენ ქართველობა პატრიოტობისთვის?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს ლევან ბერძენიშვილს ვთხოვე:


[ლევან ბერძენიშვილის ხმა] "ძალიან ხშირად პატრიოტიზმი გაგებული არის, როგორც ეთნიკური ან, კიდევ უარესი, სუბეთნიკური კატეგორია, რაც არ არის მართალი. იყო ქართველი პატრიოტი, ეს ნიშნავს, არა მარტო იყო ქართველი, არამედ ნიშნავს, რომ იყო ქართული არა ეთნოსის, არამედ ქართველი ხალხის ნაწილი. ამაში იგულისხმებიან არა მარტო ქართული ეთნოსის, არამედ სხვა არაქართული ეთნოსის წარმომადგენლებიც, მათ შორის, ოსებიც და აფხაზებიც იმ სახელმწიფოში, რომელსაც ჩვენ ვიაზრებთ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს."




პატრიოტიზმს სამშობლოსადმი უანგარო მსახურებასა და სიყვარულს უწოდებს გაზეთ "საპატრიარქოს უწყებანის" რედაქტორი ზურაბ ცხოვრებაძე:

[]ზურაბ ცხოვრებაძის ხმა] "პატრიოტიზმი, როგორც თვითონ სიტყვა მიგვითითებს, მოდის სამშობლოდან. შესაბამისად, იგი დაკავშირებულია სამშობლოს უანგარო მსახურებასთან. შეიძლება ვთქვათ, რომ პატრიოტიზმი, გარკვეულ შემთხვევებში, ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა თავის პირად ინტერესებზე მაღლა სამშობლოს ინტერესები დააყენოს. ხდება კიდევაც ისე, რომ ადამიანები თავს სწირავენ სამშობლოს. ეს არის აბსოლუტური უანგარო მსახურება."

არიან თუ არა ჩვენ გვერდით პატრიოტები და, თუ არიან, როგორ ამოვიცნოთ ისინი? კვლავ ჩემს ახალგაზრდა რესპონდენტებს მოვუსმინოთ:

[გოგონას ხმა] "მასაში ხალხი იქნება პატრიოტი, ნამდვილად მჯერა! თუნდაც ის, რომ აქ იდგნენ, ესეც პატრიოტიზმია, თუნდაც ახლა აჭარაში რაც ხდება, ესეც პატრიოტიზმია. კონკრეტულად არავის დასახელება არ მინდა."

[გოგონას ხმა] "დღევანდელ დღეს ცოტა რთულია, ვიღაცას ასეთი რამე ურჩიო, მაგრამ არ ვიცი. ალბათ, ძალიან უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა... ამას ვერავინ ვერ ურჩევს."

[მამაკაცის ხმა] "ნუ, ახლა რა უნდა გააკეთოს. წესით, ნორმალური პიროვნება უნდა იყოს. ნამდვილი თბილისელი იქნება, ნამდვილი ქართველი იქნება თუ ნამდვილი სოფლელი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, უნდა იყოს ნორმალური ადამიანი. მე მგონი, ეს არის..."



იმ აზრს, რომ პატრიოტი უნდა იყოს ნორმალური, ანუ კანონმორჩილი ადამიანი, ლევან ბერძენიშვილიც ეთანხმება. მისი თქმით, პატრიოტიზმი, უწინარეს ყოფლისა, სახელმწიფოებრივი პრიორიტეტებით აზროვნებაა:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] "ბევრს ესმის, რომ ეს არის ერთგულება, ასე ვთქვათ, საქართველოსადმი, მაშინ როცა ეს არის ერთგულება საქართველოს სახელმწიფოსადმი. ეს არის პრინციპული მომენტი პატრიოტიზმში. ეს არ არის მარტო ქართველობა, არამედ ეს არის საქართველოს სახელმწიფოს აღიარება და, ამ თვალსაზრისით, ძალიან სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა ეს აზრი მივიტანოთ თითოეულ მოქალაქემდე."


ბერძენიშვილის აზრით, კარგი სახელმწიფოს აშენების გარეშე, პატრიოტობის არანაირი შანსი არ გვაქვს. თანამედროვე და სრულფასოვანი პატრიოტიზმი კი მაშინ გვექნება, როცა პატრიოტული ფრაზა იქნება არა "მე მიყვარს ქართველი ხალხი", არამედ - "ყოყმანისა და ორჭოფობის გარეშე ვემორჩილები საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის ან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას."
XS
SM
MD
LG