Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


რელიგია, უფრო სწორად, მართლმადიდებლური რელიგია,

რომელიც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, სახვით ხელოვნებაში, კინოსა და თეატრში დამკვიდრდა, ახლა უკვე ეროვნულ ესტრადასაც "გადაწვდა". ეს პროცესი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაიწყო; ესტრადის ვარსკვლავებმა, რომლებიც უიღბლო სიყვარულსა თუ "ხვევნა-ალერსზე" მღეროდნენ, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სცენაზე გამოსვლისას უზარმაზარი ჯვრები დაიკიდეს გულზე, მერე, ერთმა ცნობილმა მომღერალმა სიმღერის დროს "უფალი" ახსენა, სცენაზე დაიჩოქა - თან მღეროდა და თან ლოცულობდა, ე.ი. სიმღერ-სიმღერით ლოცულობდა. მაგრამ აქამდე ქართულ საესტრადო სივრცეში რელიგია მხოლოდ ფორმალურ, შეიძლება ითქვას "დეკორატიულ" როლს ასრულებდა. 6 მაისს ეროვნულ ესტრადაში ფორმა და შინაარსი გაერთიანდა - ოპერის თეატრში, შოუ-ბიზნეს ცენტრ "ლომისის" ინიციატივით მოეწყო საღამო, რომლის იდეა, ორგანიზატორების თქმით, "მართლმადიდებლური სარწმუნოების გაძლიერებაა". კომპოზიტორებმა, ბიძინა კვერნაძემ, გოგი ჩლაიძემ, ზურაბ მჟავიამ და სხვებმა, საგანგებოდ კონცერტისთვის სიმღერებიც დაწერეს. განსაკუთრებით აქტიურობდა მომღერლი თემურ წიკლაური, რომელიც დღესდღეობით არა მარტო ესტრადის, არამედ "ოპერის ვარსკვლავადაც" ითვლება. ის მაყურებელი, რომელსაც "ლომისის" მიერ ორგანიზებული კონცერტი მოეწონა კმაყოფილებას ვერ მალავს - "რა კარგია, რომ ქართული ესტრადა, რომელიც ბოლო დროს, უზნეობის პროპაგანდას ეწევა, ისევ დაუბრუნდა ეროვნულობას და მართლმადიდებლობას".

იმ დღეს, როცა ოპერის თეატრში "ეროვნულ-მართლმადიდებლური ესტრადის" აღორძინებას ზეიმობდნენ, გაირკვა, რომ 10 და 11 მაისს ამავე დარბაზში, ამავე სცენაზე უნდა ეცეკვათ დიდი ბრიტანეთის საბალეტო დასის, "რასელ მალიფანტის კომპანიის" მსახიობებს. გამოცხადდა გასტროლების ორგანიზატორიც - ბრიტანეთის საბჭო სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელმაც გასულ წელს, თბილისში ბრიტანული თეატრალური დასი, "ვოლკანო" მოიწვია, მაგრამ, "ვოლკანოს" წარმოდგენა, სახელწოდებით "სიყვარული" ფაქტობრივად ჩაშალეს სწორედ ეგრეთ წოდებულმა "ზნეობის დამცველებმა". ბრიტანელებს დაუპირისპირდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტთა ერთი ჯგუფი, მარჯანიშვილის თეატრის დირექცია და "ვოლკანოს" მსახიობები შეიძლება ითქვას გააძევეს თბილისიდან ერევანსა და ბაქოში, სადაც, სხვათა შორის, წარმოდგენა სახელწოდებით "სიყვარული" დიდი წარმატებით ჩატარდა.

სავსებით შესაძლებელი იყო რასელ მალიფანტის დასს "ვოლკანოს" ბედი გაეზიარებინა. სახელგანთქმული ბირტანელი ქორეოგრაფის სპექტაკლებში ხომ ჰომოეროტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაგრამ, ჯერ ერთი დღევანდელი საქართველო შარშანდელისგან განსხვავდება, მეორეც - განსხვავდებიან ბალეტის და თეატრის მოყვარულები. ის, რაც თეატრალებისთვის მიუღებელია, სავსებით მისაღები შეიძლება გახდეს ბალეტის სამყაროსთვის. ერთადერთი, რაც "ხელს შეუშლიდა" ბრიტანელი მოცეკვავეების წარმატებას - თბილისელი ბალეტის მოყვარულების კონსერვატიზმი იყო; თანამედროვე ბალეტი საქართველოში მაინცდამაინც არ უყვართ - "ბრავოს" და "ბისს" თბილისში უფრო მეტად რუსული ბალეტის რუს, ან რუსული ბალეტის ქართველ ვარსკვლავებს უყვირიან ხოლმე. ალბათ იმიტომ, რომ თბილისი არ არის განებივრებული კარგი თანამედროვე ბალეტით... და ეს რომ ასეა დამტკიცდა 10 მაისს, რასელ მალიფანტის კომპანიის სპექტაკლზე; ასეთი ოვაციები თანამედროვე ქორეოგრაფიის საღამოზე, სადაც არა მინკუსის, თუ ადანის მელოდიები, არამედ ელექტრონული მუსიკა ჟღერდა, ოპერის თეატრის დარბაზს ნამდვილად არ ახსოვს.

[მუსიკა და ტაში]

ეს წარმოდგენის ფინალი იყო, როცა დასრულდა მეორე მოქმედებაში შესრულებული ქორეოგრაფიული კვინტეტი "არჩევანი". დაძაბულობა, რომელიც დარბაზში სპექტაკლის დაწყების წინ იგრძნობოდა, ფინალში სრულიად მოიხსნა. არა და სპექტაკლი ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო - განუწყვეტლივ ანათებდნენ და აბნელებდნენ სცენის სიღრმეში ჩამოკიდებულ ეკრანს - როგორც ჩანს, წარმოდგენა ვიდეოპროექციას ითვალისწინებდა. გარკვეული ხნის შემდეგ ეკრანს რაღაც ჩამოაფარეს. რასელ მელიფანტის სპექტაკლი ისე დასრულდა, რომ ეს ეკრანი თვალით აღარ გვინახავს... და, ალბათ, არც იყო საჭირო. ამ ქორეოგრაფიის მთავარი ღირსება ხომ მინიმალიზმი, განტვირთულობა აღმოჩნდა. პირველმა მინიატურამ, რომელშიც ბახის მუსიკის ფონზე ერთადერთ პარტიას თავად 40 წლის მალიფანტი ასრულებდა, ცოტა არ იყოს დააბნია დარბაზი, მაგრამ უკვე მეორე მინიატურაში ანა უილამსის შესრულებით, ენდი ქოუთონის ელექტრონულ მუსიკაზე - ნათელი გახდა, რომ ჩვენ ვიხილეთ სრულიად ახალი ბალეტი - თანამედროვე ცეკვის, განათების ეფექტების, "კაპუეროს" ("ცეკვა-ჭიდაობის"), იოგას, "თაი-ჩის", აკრობატიკის თავისებური ნაზავი, რომელიც ამ მრავალფეროვნების გამო არ მოგაწყენდათ... მიუხედავად იმისა, რომ ორივე მინიატურაში სცენაზე მხოლოდ ერთი მსახიობი მოძრაობდა.

პირველი მოქმედების დასრულებისთანავე გავესაუბრე მარია კალასის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ავთანდილ დანელიას.

[ავთანდილ დანელიას ხმა] "მალიფანტის დასი იმითაა საინტერესო, რომ ნებისმიერი სცენური სივრცის ათვისება შეუძლია - ეს ქალბატონი თითქმის გაუნძრევლად იდგა ერთ ადგილზე, მაშინ, როდესაც მთელ სივრცეს შემოწერდა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა მალიფანტის ამ სოლო-ნომრის ნახვის შემდეგ, თითქოს ამბობდა - "მე, შენთან ვარ უფალო"... ეს უსაზღვრო პლასტიკა, რომელიც შერწყმულია ნებისმიერ მუსიკასთან, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს."

შესვენებაზე ბალეტის კიდევ ერთი "ფანის" ჩაწერა მოვახერხე. კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე მალიფანტის ძველი თაყვანისმცემელი აღმოჩნდა. დათომ ცოტა რამ მიამბო რასელ მალიფანტის შესახებ

[დავით ბუხრიკიძის ხმა] "რასელ მალიფანტი არ არის ასეთი თანამედროვე ქორეოგრაფიის მიმდევარი, რადგან 4 წელი ცეკვავდა "კოვენტ-გარდენში", შემდეგ შტუტგარტის ბალეტში და 2000 წლიდან აქვს მხოლოდ საკუთარი კომპანია. ეს არის მცდელობა, რომ შექმნას საკუთარი ქორეოგრაფიული ენა იმ მინიმალიზმის საშუალებით, რომელიც ეხლა ძალიან მოდაშია... ეს არის... სინთეზი ევროპულ რაციონალიზმსა და აღმოსავლურ, "დაქანცულ" ქორეოგრაფიულ ჟესტებს შორის."

"დაქანცულობაში" დათომ, ალბათ, ეგრეთ წოდებული "ბიომექანიკაც" იგულისხმა... ის, რაც თავის დროზე მეირჰოლდმა გააკეთა თეატრში, "განტვირთვის ტექნიკა" და "კონტაქტური იმპროვიზაცია", დღეს ბრიტანელი მოცეკვავეების წარმოდგენაში ვიხილეთ. მსახიობები მიმართავენ წყვეტილ მოძრაობებს და ცდილობენ როგორც მეირჰოლდი წერდა, "უჩვეულო პოზებში შეიგრძნონ და შეაფასონ თავიანთი სხეული". ბალეტის მსახიობი, რომელსაც, ერთი შეხედვით ყოველთვის დაძაბული უნდა ჰქონდეს კუნთოვანი სისტემა, ახერხებს მოადუნოს თითქმის ყველა კუნთი და გადაიქცეს მსუბუქ ზმანებად, რომელიც კი არ ცეკვავს, არამედ დაფარფატებს სცენაზე. ამაში ქორეოგრაფს განათება და მუსიკაც ეხმარება, როგორც თავად რასელ მალიფანტი აღნიშნავს მოძრაობა მის სპექტაკლებში "სინათლისა და მუსიკის დამაკავშირებელი ხიდია".

საქართველომ გაიგო და მიიღო ასეთი ბალეტი. წარმოდგენის ბოლოს, სცენაზე გამოსული ბრიტანელი მსახიობები გაკვირვებულებიც კი იყვნენ - ასეთ ოვაციებს, ეტყობა, არ მოელოდნენ. სკანდალი, რომელიც "ვოლკანოს" გასტროლებმა განაპირობა, აღარ განმეორებულა. ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ამ გასტროლებს, მხოლოდ ერთი რამ ჰქონდა საერთო - "ვოლკანოს" მსგავსად, რასელ მალიფანტის დასი თბილისიდან ერევანსა და ბაქოში გაემგზავრა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG