Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ხელისუფლების პირველი სამხედრო გაწვევის ზოგიერთი ტენდენცია


აჭარის დემილიტარიზების შემდეგ

საქართველოს არმიის სამხედრო საწყობებში საკმარისზე მეტი შეიარაღება და ტექნიკა დაგროვდა. ახლა მთავარია, შეძლებს თუ არა საქართველოს ახალი ხელისუფლება შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება და ამ იარაღს ღირსეული პატრონი მიუჩინოს, მოტივირებული ჯარისკაცების სახით. ამას ყველაზე უკეთ გამოაჩენს საგაზაფხულო სამხედრო გაწვევის კამპანია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი პირველად ატარებენ.

[საუბარი წვევამდელთა ცენტრალურ გამწვევ გამანაწილებლ პუნქტში] " - ექიმებმა შეგამოწმეს? - კი.
-
რაიმე პრეტენზია, პრობლემა თუ გაქვს? - არა.
-
დედისერთა ხომ არა ხარ? - არა.
-
ნასამართლევი ხომ არა ხარ ან რამე ხომ არ დაგიშავებია და რაიმე პრობლემა ხომ არა გაქვს პოლიციასთან? - არაფერი..."

ეს არის ბოლო გასაუბრება, რომელსაც წვევამდელები სამხედრო ნაწილში ჩარიცხვის წინ საქართველოს ცენტრალურ გამწვევ-გამანაწილებელ პუნქტში სამხედრო-სამედიცინო შემოწმების შემდეგ გადიან. არმიაში ჩარიცხვის ასეთ წესს ხანგრძლივი ტრადიცია აქვს და გარეშე თვალისათვის მას ფორმალობის ელფერი დაჰკრავს, მაგრამ არა საქართველოს გამწვევი განყოფილების ახლად დანიშნული ხელმძღვანელობისა და გამგებლებისათვის. მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა არმიის დაკომპლექტებაზე პირადი პასუხისმგებლობა უშიშროების საბჭოს მდივანს დააკისრა, საგაზაფხულო გეგმის შეუსრულებლობას ბევრი გამგებლის თანამდებობა შეიძლება შეეწიროს. როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი გიორგი ტონკონოგოვი ამბობს, წელს ხელისუფლება პირველად აპირებს მოჰკითხოს თანამდებობის პირებს, თუ რატომ არ გადიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს მათი შვილები.

[გიორგი ტონკონოგოვის ხმა] "იგულისხმება რაიონის ხელმძღვანელობის შვილები, რომლებსაც აქვთ მინიჭებული პრივილეგია, არ იმსახურონ. შესაბამისად, გაიცა დავალებაც, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა უნდა გახდეს პრინციპული მსჯელობის საგანი."

მაგრამ, ადმინისტრაციული რესურსის ასეთი საყოველთაო მობილიზების პირობებშიც კი, შესრულდება თუ არა საგაზაფხულო გაწვევის გეგმა, არავინ იცის. 10 დღის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ 300-მდე სამხედრო ვალდებულის გაწვევა მოხერხდა, რაც გაწვევის გეგმის მხოლოდ 3 პროცენტს შეადგენს. სამაგიეროდ, ორჯერ მეტია მათი რაოდენობა, ვინც კანონით გათვალისწინებული 200-ლარიანი მოსაკრებელი გადაიხადა და ერთი წლით გადაივადა სამხედრო ვალდებულება ქვეყნის წინაშე. ეს კანონი თავის დროზე საქართველოს პარლამენტმა სწორედ რეფორმატორების, ანუ სააკაშვილისა და მისი მომხრეების, მხარდაჭერით დაამტკიცა და ძნელია რომელიმე მოქალაქეს წაართვა კანონით მინიჭებული უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ ის რაიონის გამგებლის ან პროკურორის შვილია. ისევე როგორც გამწვევი განყოფილება უძლურია, გაიწვიოს არმიაში ახალგაზრდა, ვინც სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში სამხედრო კათედრაზე და არის დედისერთა. ერთი სიტყვით, მთელი ქართული სამხედრო გაწვევის კანონმდებლობა აგებულია სწორედ ისე, რომ ზეპური საზოგადოების წარმომადგენლთა შვილებმა სამხედრო ფორმა არასოდეს ჩაიცვან და ქვეყნის თავდაცვა საქართველოში მხოლოდ სოციალურად ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგარი მოქალაქეების ვალდებულებად დარჩეს. ასეთი დიფერენცირებული მიდგომა კი სერიოზულ კონფლიქტს წარმოშობს. როგორც გლდანი-ნაძალადევის სამხედრო განყოფილების უფროსი ბესო დოლიძე ამბობს, გაწვევის უწყებით ხელში წვევამდელის ბინაზე მისული სამხედრო განყოფილების წარმომადგენლები, რომლებიც მოქალაქეების თვალში ხელისუფლებას და კანონს განასახიერებენ, წვევამდელთა მშობლების მხრიდან ხშირად შეურაცხყოფისა და თავდასხმის ობიექტები ხდებიან .

[ბესო დოლიძის ხმა] "ბევრჯერ ყოფილა ასეთი შეურაცხყოფის მომენტები. არის ისეთი კატეგორია, რომელიც აცხადებს, რომ არც შვილს გაუშვებს ჯარში და არც მოსაკრებლის თანხას გადაიხდის. პოლიციაც მიგვყავს, მაგრამ არაფერი გამოდის."

გამწვევი განყოფილების მორიგი ვიზიტის შემდეგ, ჩვენ ერთ-ერთ ასეთ მშობელს გავესაუბრეთ. ჩვენი რესპონდენტი, რომელიც მეტროს სადგურ "გურამიშვილის" შესასვლელთან გაზეთებს ყიდის, როგორც თავად ამბობს, შვილს შეიარაღებულ ძალებს შეგნებულად, სოციალური პროტესტის გამო უმალავს.

[წვევამდელის მამის ხმა] "მე უბინაობამ დიდი დაღი დამასვა. მიუხედავად იმისა, რომ მე მუქთად ვიმსახურე და მთელი ჩემი ცხოვრება ვშრომობ, უბინაო ვარ და ვისი სახლების დასაცავად გავუშვა, ერთი გამაგებინეთ, ან სანდონი არიან?"

მაგრამ არის იშვიათი გამონაკლისებიც. ზუგდიდელმა მარინა სართიამ, რომელსაც ჩვენ ცენტრალურ გამწვევ პუნქტზე შევხვდით, გვიამბო, თუ როგორ დამალა მისმა შვილმა თანდაყოლილი ავადმყოფობა, რათა ელიტურ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მოხვედრილიყო. მაგრამ პირველი დღის ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ავადმყოფობა გამომჟღავნდა და მარინა სართია იძულებული გახდა, შვილი უკან წამოეყვანა.

[მარინა სართიას ხმა] "თითონ ჰქონდა ასეთი სურვილი. და როცა შვილს ჰქონდა, მეც მქონდა ასეთი სურვილი და დავმალეთ. თუმცა ნაწილში იმ დღესვე გახდა ცუდად." (სტილი დაცულია)

ჯარში სამსახურის მიმართ ასეთი პატრიოტული აღტყინება 1990 წლის აპრილში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ გამოცხადებული პირველი გაწვევის შემდეგ აღარ ყოფილა, -ამბობს გორის რაიონის სამხედრო განყოფილების უფროსი გია ჭელიძე, რომელმაც კონფლიქტის ზონის ქართულ სოფელ ვანათიდან იმაზე მეტი ჯარისკაცი ჩამოიყვანა, ვიდრე ქუთაისმა, თელავმა და ბოლნისის რაიონებმა.

[პაატა ჭელიძის ხმა] "სულ 16 კაცი იყო სიით გამოსაძახებელი და 11 კაცი უკვე გაწვეულია, წავიდნენ ჯარში. ანუ ვისაც ეკუთვნოდა და ჯანმრთელობა ხელს უწყობდა, წავიდა სუყველა."

მომავალი კვირის დასაწყისში კი ისანი-სამგორის სამხედრო განყოფილება ქართულ არმიაში ხუთ ძმას გაიწვევს. ცალკეული ასეთი შემთხვევების გაანალიზების შემდეგ, ცენტრალურ გამწვევ განყოფილებაში სამხედრო სამსახურის მიმართ საზოგადოების შემობრუნების ტენდენციაზე ლაპარაკობენ და იმედი აქვთ, რომ გაწვევის გეგმა, 10 წლიანი ჩავარდნების შემდეგ, ამჯერად მაინც შესრულდება ბოლომდე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG