Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-აფხაზური შეხვედრა სოხუმში


აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკების გასამართავად 20 მაისს სოხუმში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა ჩავიდა. წინასწარი ინფორმაციით,

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დელეგაციასთან შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებ იყო. თბილისს სურს დაარწმუნოს სოხუმის ხელისუფლება, რომ აფხაზეთში "აჭარის სცენარის" განმეორების საფრთხე უსაფუძვლოა. თავის მხრივ, სოხუმი კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების მთავარ გარანტად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ეგიდით მოქმედ რუს მშვიდობის დამცველებს მიიჩნევს და მიზანშეუწონლად თვლის სტატუს-კვოს შეცვლის ნებისმიერ მცდელობას.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი და მეგობარი ქვეყნის ელჩები სოხუმში დილის 12 საათზე ჩავიდნენ მანქანებით სენაკიდან. თბილისის აეროპორტში გაკეთებული პირველი განცხადების თანახმად, მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ მოლაპარაკების მთავარ თემად გალის რაიონში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება დაასახელა. ეს საკითხი ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების დღის წესრიგში დადგა სოჭის შეხვედრის შემდეგ, 2002 წლის შემოდგომაზე, როდესაც, მოსკოვის შუამავლობით, მხარეებმა სოხუმზე გამავალი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენაზე, ლტოლვილების დაბრუნებასა და გალის ზონის ეკონომიკურ რეაბილიტაციაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 20 მაისის შეხვედრა მესამე გახლდათ ამ ციკლიდან, თუმცა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონის დემილიტარიზებას არ ჩქარობს. აჭარის მოვლენების შემდეგ კი, ხაინდრავას თქმით, კონფლიქტის ზონაში დამატებითი აფხაზური რაზმები შეიყვანეს:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] "კონკრეტული თემა არის გალის რაიონში კონკრეტული ზომები, შევეხებით აუცილებლად კოდორის ხეობას და საკითხი დადგება იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზურ მხარეს, გარკვეულწილად, გაძლიერებული აქვს ენგურის ზოლი, შეყვანილია დამატებითი ძალები. ჩვენ დავარწმუნებთ მათ, რომ ამის საშიშროება არ არის და შევეცდებით, განიმუხტოს ეს ვითარება."

მესამე რაუნდის შეხვედრა სოხუმში, სახელმწიფო აგარაკზე, 4 საათს გრძელდებოდა და მასში თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ღებულობდნენ მონაწილეობას. როგორც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიაჩესლავ ეშბამ რადიო "თავისუფლებასთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა, აფხაზეთში ამ შეხვედრისგან გარკვეულ წინსვლას ელოდებიან. თუმცა ოფიციალური სოხუმის წარმომადგენელი უარყოფს დამატებითი აფხაზური ძალების მობილიზებას, რაც, საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, გალის რაიონში აჭარის მოვლენების შემდეგ განხორციელდა:

[ვიაჩესლავ ეშბას ხმა] "მე ვიცი, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზეთის ელიტა ამ შეხვედრისგან, როგორც ყოველთვის, ელოდება წინსვლას, ჩვენი ურთიერთობის გაუმჯობესებას. უკეთესის მოლოდინი გვაქვს. ვნახოთ, რა იქნება. მოსახლეობაშიც და ძალოვან უწყებებშიც გარკვეული შეშფოთებაა, მაგრამ არავითარი განსაკუთრებული ღონისძიებები შეიარაღებულ ძალებში არც ჩატარებულა და არც ტარდება. ჩვენ ჩვეულებრივ რეჟიმში ვიმყოფებით."

2004 წლის 4 თებერვალს, თბილისში გამართული ანალოგიური შეხვედრის დროს, საქართველოსა და აფხაზეთის მხარეებმა გამოთქვეს პრინციპული მზადყოფნა, არ განაახლონ სამხედრო მოქმედებები და ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით გადაჭრან. აპრილში კი ჟენევაში, ექსპერტების შეხვედრის დროს, განხილულ იქნა საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების დამატებითი ზომების გატარების საკითხი, რაც გალის რაიონში გაეროს ეგიდით საერთაშორისო პოლიციური ძალების შეყვანასაც გულისხმობდა. თუმცა, მესამე მცდელობის მიუხედავად, მხარეები საბოლოო შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ. თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელისუფლება საქართველოსთან კვლავ არანაირ დათმობაზე არ აპირებს წასვლას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG