Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ ჯარის ახალი საბრძოლო დროშები პატრიარქმა აკურთხა


26 მაისის სამხედრო აღლუმზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა სახეობა საკუთარი ახალი საბრძოლო დროშით წარდგება. საბრძოლო დროშები, რომლებიც, სახელმწიფოს გერბის მსგავსად,

ჰერალდიკოს მამუკა გონგაძის დიზაინით არის შექმნილი, 25 მაისს სიონის საკათედრო ტაძარში ათონის მთიდან წინადღით დაბრუნებულმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა. ღონისძიების დასრულების შემდეგ ცერემონიაზე დამსწრე საქართველოს საერო და სასულიერო ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხმად აცხადებდნენ, რომ ახალი დროშებით ქვეყანა და მისი შეიარაღებული ძალები ახალ გამარჯვებებს იზეიმებენ.


[ზარების რეკვა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ხმა] "დღევანდელი დღე შევა ისტორიაში. საქართველოს ისტორიაში ეს არის დიდი მოვლენა - კურთხევა დროშების, სახელმწიფო დროშების."

25 მაისს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიერ დალოცვილი საბრძოლო დროშები სიონის საკათედრო ტაძარში თავდაცვის სამინისტროს სარიტუალო ასეულის ჯარისკაცებს გადაეცათ, რომლებმაც, სცენარის თანახმად, დროშები 26 მაისს სამხედრო აღლუმზე უნდა ჩაატარონ. აღლუმის დასრულების შემდეგ საბრძოლო დროშებს ოთხივე საჯარისო სახეობის - ავიაციის, სამხედრო-საზღვაო ფლოტის, სახმელეთო ჯარებისა და ეროვნული გვარდიის სარდლები ან უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტისგან ჩაიბარებენ, ან თავდაცვის მინისტრისაგან. სახელმწიფო დროშის მსგავსად, საბრძოლო ალმების დიზაინი ჰერალდიკოს მამუკა გონგაძეს ეკუთვნის, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ამჯერადაც ისტორიულ წყაროებს დაეყრდნო:

[მამუკა გონგაძის ხმა] "წყაროებში არის მითითებული, რომ თუკი საერო, სახელმწიფო დროშა იყო თეთრ ფონზე წითელი ჯვარი, სამხედრო დროშა იყო შებრუნებული ფერებით, ანუ წითელზე იყო თეთრი ფერებით. შემდეგ მისი განვითარება და კომპოზიციების გაკეთება აღარ იყო რთული. ერთადერთი, საზღვაო დროშაზე არის შემოტანილი ჯვარი წმინდა ანდრიასი, რომელიც მეზღვაურთა მფარველად ითვლებოდა."(სტილი დაცულია)

25 მაისს სიონის საკათედრო ტაძარში სამხედრო დროშების კურთხევის ცერემონიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. თავდაპირველი ინფორმაციით, იგეგმებოდა საქართველოს პრეზიდენტის მოსვლაც, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ღონისძიებას ვეღარ დაესწრო. საქართველოს პატრიარქის მიერ რიტუალის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები რიგრიგობით ეამბორნენ ახალ სამხედრო დროშებს და ეკლესია ამაღლებული განწყობილებით დატოვეს.
[ნინო ბურჯანაძის ხმა] "მე მგონი, დამეთანხმებით, რომ ძალიან ამაღელვებელი და გულის ამაჩუყებელი იყო ყველაფერი. ბოლოს და ბოლოს, დგება ისეთი მომენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ქვეყანას თავისი სიმბოლოები აქვს; როდესაც ერსაც და ბერსაც სჯერა თავისი ქვეყნის მომავლის; როდესაც ქვეყნის ერთიანობა არცთუ ისე შორს არის."

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარიის პათოსს იზიარებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. გელა ბეჟუაშვილი, რომელიც სამშაბათს სიონის საკათედრო ტაძარში მოადგილეებთან და სარდლებთან ერთად იმყოფებოდა, დარწმუნებულია, რომ ახალი საბრძოლო დროშები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იფრიალებენ:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] "მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დროშით საქართველოს ჯარი არა მარტო აშენდება, არამედ ეს დროშა აფრიალდება სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე."

მაგრამ ნაკუთხი სამხედო დროშები თავდაპირველად ზვიად გამსახურდიას სახელობის გამზირზე აფრიალდება. იქ 26 მაისს საქართველოს ხელისუფლება გრანდიოზული სამხედრო აღლუმის გამართვას გეგმავს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG