Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა საქართველო მზად ინვესტიციების მოსაზიდად


საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთ-საქართველოს ბიზნესფორუმისგან, თუ სასწაულს არა, საქართველოს ეკონომიკის საგრძნობლად გამოცოცხლებას მაინც მოელის.

ეკონომიკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ფორუმი მართლაც ბიძგს მისცემს ქართველ და რუს მეწარმეებს შორის ბიზნესურთიერთობების გაღრმავებას, თუმცა კი მიიჩნევენ, რომ ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად და ინვესტიციების მოსაზიდად ხელისუფლებამ სხვა ნაბიჯებიც უნდა გადადგას. არის თუ არა საქართველო მზად ინვესტიციების მოსაზიდად?

ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც თბილისელი ბიზნესმენები ბათუმში ჩავიდნენ და აჭარაში ინვესტიციების დაბანდებაზე იმსჯელეს, ეს დიდად არ გახარებიათ ადგილობრივ ბიზნესმენებსა და უბრალო მოსახლეობასაც კი. ისინი უფრო მეტი ფინანსური რესურსების მქონე კონკურენტებს უფრთხიან და ბაზარზე უკვე დაკავებული ნიშის დაკარგვის ეშინიათ. ბათუმელმა მეწარმეებმა თბილისელი ბიზნესმენების ინტერესები გააპროტესტეს და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა, წახალისება მოითხოვეს.

დაახლოებით ასე ხდება საქართველოს მასშტაბით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში უცხოელი და, ძირითადად კი, რუსი ბიზნესმენების მოზიდვაზეა ლაპარაკი.

როგორც საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო პაპავა ამბობს, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოში თითქმის ყველა პირობაა შექმნილი:

[ლადო პაპავას ხმა] "აქ საუბარი არის იმაზე, რომ არსებობს კანონი ინვესტიციების შესახებ, რომელიც არავითარ შეზღუდვას არ უქმნის უცხოელ ინვესტორს - მას შეუძლია ვალუტის თავისუფლად გატანა - და არავითარ უპირატესობას არ ანიჭებს ადგილობრივ ინვესტორს უცხოელთან შედარებით. აი, ეს პირობები განაპირობებს იმას, რომ დღეს საქართველოში ინვესტიციები განხორციელდეს."(სტილი დაცულია)

ლადო პაპავაც აღიარებს, რომ ქართველი ბიზნესმენებისთვის პრობლემატური საგადასახადო კანონმდებლობა უცხოელი ინვესტორისთვის მეორეხარისხოვან დაბრკოლებას წარმოადგენს და მისთვის უფრო მთავარი კრიმინოგენური თუ სავალუტო სტაბილურობაა.

განსხვავებულ აზრს გამოთქვამს ეკონომიკის დამოუკიდებელი ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე და აცხადებს, რომ რუსი ბიზნესმენების ინვესტიციებს, თუ ასეთი საერთოდ განხორციელდა, ერთი წლის შემდეგ უნდა ველოდეთ:

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] "აუცილებლად უნდა მიღებულ იქნეს ნორმალური საგადასახადო კოდექსი და აუცილებელია ყველა მეწარმისთვის, ეროვნების მიუხედავად, შეიქმნას ერთიანი ბიზნესგარემო. მაშინ ინვესტიციები საქართველოში წამოვა. მე შესწავლილი მაქვს უცხოური ინვესტიციები, რომლებიც ძალიან აქტიური იყო 1999 წლამდე, ხოლო ამ საგადასახადო კოდექსის მიღების შემდეგ მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა."

ახალი საგადასახადო კოდექსი თუნდაც იმისთვისაა საჭირო, რომ ადგილობრივმა ინვესტორმა თავი დაჩაგრულად არ იგრძნოს და მას ბიზნესის განვითარებისა თუ ინვესტიციების განხორციელების საშუალება მიეცეს.

საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად საქართველოს ხელისუფლებას საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლას უცხოელი ინვესტორებიც ურჩევენ. მათ შორისაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ჟან ლემერი, რომელმაც ეს აზრი თბილისში ვიზიტისას გამოთქვა.
XS
SM
MD
LG