Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის მიმართულებით საქართველო საბრძოლო ძალის კონცენტრაციას განაგრძობს


3 ივნისს, დილის 9 საათზე, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ცხინვალიდან 50 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ გორში დიდი რაოდენობით მძიმე საბრძოლო ტექნიკა შევიდა.

ქალაქის ქუჩებში გამოსული გორის მოსახლეობა აღტაცებით ადევნებდა თვალს დისლოკაციის ადგილისაკენ მიმავალი ტანკებისა და ჯავშანმანქანების მარშს. თუმცა ამ ფაქტმა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ წრეებში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და გამკაცრებულია კონტროლი საქართველოსთან დამაკავშირებელ ერგნეთის საგუშაგოზე.

ტ-72 ტიპის 14 ერთეული ტანკი, 4 ჯავშანმანქანა და ამდენივე საზენიტო დანადგარი "შილკა" და "გრადი" გორის ქუჩებში 3 ივნისს დღის 12 საათზე გამოჩნდა. ორთაშენის რკინიგზის სადგურიდან გასულმა მძიმე ტექნიკის კოლონამ, რომელსაც პირადად საქართველოს თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი მიაცილებდა, საკუთარი სვლით მანძილი 20 წუთში დაფარა და თავდაცვის სამინისტროს გორის ნომერ პირველი სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე დაიდო ბინა. ქუჩებში გამოსული უამრავი გორელი აღტაცებული ადევნებდა თვალს ტანკების გამოჩენას და ძალის ამ დემონსტრირებას საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამდა:
[გორელი მამაკაცის ხმა ] "სიამაყე კი არა, ჩვენი მომავლის სიბედნიერეა. და ყველანაირად ვეცდებით, რომ თქვენს გვერდზე ვიყოთ სუყველანაირად, რა საშუალებაც გვექნება." [გორელი ქალის ხმა] "ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ და ღმერთმა ქნას, რომ ცხინვალი დაგვიბრუნდეს და აფხაზეთი."
[ბიჭუნას ხმა] "ძალიან მომეწონა{ტანკები}, ოღონდ ცოტა ის არის ცუდი, რომ გზებს ანგრევენ." (სტილი დაცულია)

სამი დღის წინ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი დაძაბულობის შემდეგ, ქართულ სოფელ ტყვიავთან შინაგანი ჯარების დამატებითი ნაწილები განლაგდა. ამ ფონზე ოთხშაბათს გორში მძიმე ტექნიკის შეყვანა, რამაც ერთი თვის წინ წონასწორობა დააკარგვინა აჭარის ყოფილ ლიდერ ასლან აბაშიძეს, ოფიციალური თბილისის მხრიდან ძალის დემონსტრირების მორიგ ნაბიჯს წააგავს. თუმცა ამ აზრს არ ეთანხმება თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, რომელმაც რადიო "თავისუფლებას" უთხრა, რომ საქმე მხოლოდ უბრალო დამთხვევასთან გვაქვს:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] "ძალის დემონსტრირება შეიძლება ვინმემ დაუძახოს, მაგრამ მე ვეძახი ამას საქართველოს ჯარის აღმშენებლობის პროცესს. თუ ვინმეს სურს აღიქვას, რომ ეს არის ძალის დემონსტრირება, ეს მათი საქმეა."(სტილი დაცულია)

ასეთი რაოდენობის მძიმე საბრძოლო ტექნიკის დემონსტრირებამ გორში, რომელიც 50 კილომეტრით არის დაშორებული ცხინვალიდან, სერიოზულად შეაშფოთა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება. მისი გადაწყვეტილებით, ავტონომიის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და გამკაცრებულია კონტროლი საქართველოსთან დამაკავშირებელ ერგნეთის საგუშაგოზე. საგანგებო რეჟიმი კი, პირველ რიგში, მძიმედ აისახა როგორც ოსი, ისე ქართველი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე. და ეს ყველაზე კარგად ჩანს ერგნეთის ბაზრობის მაგალითზე, ბაზრობისა, სადაც ოსები და ქართველები ერთად შოულობენ "არსობის პურს".

[ოსი და ქართველი მოვაჭრე ქალების ხმები] "უფრო შეშინდა ხალხი და გაიტანეს თავიანთი საქონელი. მაგრამ მაინც მოდიან, არ ტოვებენ ადგილს, ცოტა-ცოტა მოაქვთ საქონელი და ჰყიდიან." "ტავარი" მომქონდა და დავტოვე ასტრახანში. თევზი მომქონდა. იმოდენა ფული ჩავყარე, მაგრამ ნოლზე დავჯექი. აბა, რა მექნა, გავარდა ხმები, რომ, აი, თავს ესხმიან ცხინვალსო და გამოვიქეცი, ჩქარა ბავშვებს მივხედო- მეთქი." (სტილი დაცულია)

მაშინ, როდესაც ცხინვალის ხელისუფლება კეტავს გზებს და ეკონომიკური ბლოკადით იმუქრება, ოფიციალური თბილისი გეგმავს გორი-ცხინვალის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას, ცხინვალელი პენსიონერებისათვის პენსიების დარიგებას და რეგიონში ჰუმანიტარული სასუქის შეტანას. თუმცა საქართველოს ხელისუფლებას იქვე მზადყოფნაში ჰყავს ტანკები და შინაგანი ჯარის სპეცნაწილები, რომლებმაც სამი დღის წინ კონტროლის ქვეშ აიყვანეს ცხინვალის ირგვლივ არსებული თითქმის ყველა შესასვლელი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG