Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ეტაპი საფრანგეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობაში


6 ივნისს საფრანგეთში, ნორმანდიაში, საზეიმო ვითარებაში აღინიშნა მოკავშირეთა ჯარების გადასხმის მე-60 წლისთავი.

ეს ზეიმი მრავალი თვალსაზრისით იყო საინტერესო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე უფრო საგულისხმო ასპექტი ისაა, რომ დღესასწაულს პირველად ესწრებოდა გერმანიის ლიდერი. ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების ზეიმი ევროპის ერთიანობის იდეის დემონსტრირებად იქცა.

გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა კვირას გამართულ ცერემონიაზე გერმანიის ისტორიაში ნაცისტების ეპოქას "ნაციონალისტური სიგიჟე" უწოდა.

60 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა - ამერიკელების, ბრიტანელების, კანადელების, პოლონელების, თავისუფალი ფრანგების შენაერთებმა - 4000-მდე ჯარისკაცი დაკარგეს ნორმანდიის ნაპირებზე დესანტის გადასხმისას. მძიმე დანაკარგი განიცადეს გერმანიის ჯარებმაც, რომლებიც მალე იქნენ საბოლოოდ განდევნილი საფრანგეთიდან.

შრიოდერმა ქებით მოიხსენია სისხლიანი ოპერაცია და მას გერმანიისთვის დიდი დღე უწოდა. მისი თქმით, ამით ჰიტლერის ტირანიის საბოლოოდ დამარცხებისა და ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენის გზა გაიხსნა.

[შრიოდერის ხმა] "დღევანდელი დღე, 2004 წლის 6 ივნისი, კარგი დღეა იმისთვის, რათა მადლობა გადავუხადოთ საფრანგეთსა და მის მოკავშირეებს ყველაფრისთვის, რაც მათ გერმანიისა და მისი დემოკრატიისთვის გააკეთეს."

შრიოდერი ცერემონიას საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკის მიწვევით დაესწრო. თავად შირაკმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ერთ დროს დაუძინებელი მტრები ერთად აშენებენ აწმყოს და მომავალს. მან განსაკუთრებით აღნიშნა საფრანგეთსა და გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობა ევროპის მომავლისთვის.

[შირაკის ხმა] "პატივს მივაგებთ რა ისტორიას, ჯარისკაცებს, ტანჯვას და დაღვრილ სისხლს - ჩვენ ერთად ვზეიმობთ მშვიდობისა და დემოკრატიის გამარჯვებას. ჩვენ საფრანგეთ-გერმანიის შერიგების მაგალითზე მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ სიძულვილს მომავალი არა აქვს, რომ მშვიდობისკენ სვლა ყოველთვის შესაძლებელია."

როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ალექსანდერ სმოლარი შენიშნავს ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებმა მართლაც ძირეული ცვლილებები განიცადა.

[სმოლარის ხმა] "როგორც მოგეხსენებათ, ათი წლის წინ ფრანსუა მიტერანს სურდა ჰელმუტ კოლის დაპატიჟება ნორმანდიაში და ამან დიდი ემოციები გამოიწვია ორივე მხარეზე. ახლა კი - და სწორედ ესაა საინტერესო ამ მიწვევასთან დაკავშირებით - მას ამგვარი პრობლემები არ მოჰყოლია. ომი მართლაც დასრულდა."

ევროპის კავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებით პარიზი და ბერლინი თავიანთ პოზიციებს წინასწარ ათანხმებენ და შემდეგ ერთობლივი ფრონტით გამოდიან ხოლმე კავშირის სხვა წევრებთან ურთიერთობისას.

პოზიციების სიახლოვის მიუხედავად, საფრანგეთსა და გერმანიას განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ რიგი პრინციპული საკითხებისადმი. მათ შორისაა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა. თუკი გერმანია გარკვეულწილად ვაშინგტონთან დაახლოების პოლიტიკას ატარებს, საფრანგეთის შემთხვევაში ეს ასე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ პარიზიც ცდილობს მასა და ვაშინგტონს შორის არსებული დაძაბულობის განელებას.
XS
SM
MD
LG